ორი ამბავი ჯეინ ოსტინისგან

ბოლო დროს რამდენიმე მძიმე ქალური ისტორიის წაკითხვა მომიხდა, ამიტომ განტვირთვისთვის ძველ ნაცნობს, ჯეინ ოსტინს მივმართე.

მენსფილდ-პარკი ჩვეულებრივი მამულია. აქ ვიქტორიანული ინგლისის უბრალო წარმომადგენლები ცხოვრობენ და დღენიადაგ საკუთარ კეთილდღეობაზე, ფულსა და სიამაყეზე ზრუნავენ. ერთადერთი, ვინც თავიდანვე “ამოვარდნილია” საერთო სურათიდან, ფანი პრაისია, რომელიც დეიდამ იშვილა, უფრო სწორად კი, მეორე დეიდასა და მის ოჯახს “მიუგდო”. ღარიბ ნათესავს წლების მანძილზე უწევდა “კეთილისმყოფელთა” საყვედურებისა და დაყვედრების მოსმენა, ჰოდა რა გასაკვირია, თუ მორიდებულ ახალგაზრდა ქალად იქცა და არა ისეთ მდიდარ და მაღალ საზოგადოებაში მიღებულ მამაკაცებზე მონადირედ, როგორც სხვები. ახალგაზრდა მამაკაცებიც დროს არ კარგავენ და ქალებზე არანაკლები მონდომებით ცდილობენ “ხელსაყრელი პარტიის” მოპოვებას. მოკლედ, ჯეინ ოსტინი ტრადიციებს არ ღალატობს და ეპოქის სახეს ნათლად გვიხატავს, ოღონდ, ჩემი მოკრძალებული აზრით, ოდნავ “გრძლად”… More

ზაფხულის ოთხი მოგზაურობა (ნაწილი II)

970048_367110260078082_729746385_n ჟორჟი ამადუს “მკვდარი ზღვა” – ჟორჟი ამადუს ეს ნაწარმოები უფრო მუსიკაა, ვიდრე რომანი… თითქოს ყოველი სიტყვიდან სევდიანი სიმღერა, ქარისა და ტალღების ხმა ისმის, ტალღების, რომლებსაც მეზღვაურები სამუდამოდ მიჰყავთ ქალღმერთ იემანჟასთან… მანამდე კი, სანამ ქალღმერთთან პაემნის დრო დადგება, ყოველი ღამე სიყვარულს ეძღვნება, რადგან ისეთი ძლიერი გრძნობა არავის აკავშირებს, როგორც სასიკვდილოდ განწირულ მეზღვაურსა და მუდამ სასიხარულო ან ტრაგიკული ამბის მოლოდინში მყოფ ქალს… ასეთი ყოვლისმომცველია გუმასა და ლივიას სიყვარულიც, მაგრამ ნებისმიერ დროს “ზღვა შეიძლება მოკვდეს”… მაშინ კი ერთადერთი იმედი მკვდარი ზღვის თავზე ახალი ვარსკვლავის ამოსვლა იქნება – ბრძოლის ვარსკვლავის, რომელიც ერთ დღეს იმ ღატაკთა ღამეს გაანათებს, რომლებსაც არაფერი გააჩნიათ, მაგრამ მაინც თავისუფლები და ბედნიერები არიან… More

ზაფხულის პირველი მოგზაურობები

ორჰან ფამუქის “ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები” – ოჯახური საგები არასდროს მხიბლავდა (უამრავი სახელის დამახსოვრება არცთუ სასიამოვნო იყო : )), თუმცა ფორსაიტებიც გავიცანი, ბუდენბროკებიც, ბუენდიებიც და ახლა იშიქჩიებიც. ოდნავ “ნელი”  რომანი აღმოჩნდა, მაგრამ ორჰან ბეიმ ჩვეულ სტილს არ უღალატა – თურქული საზოგადოების განვითარებისა და თურქეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბების რთული გზა გვაჩვენა. ჩვენს თვალწინ აზიური სახელმწიფო ევროპულად გარდაიქმნა და ხალხის ფსიქოლოგიაც ნელ-ნელა შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები XX საუკუნის 70-იან წლებამდე ცხოვრობდნენ, მათი პრობლემები მოძველებული სულაც არ არის. აღმოსავლურ სამყაროში ჯერ ისევ აქტუალურია ჯევდეთ ბეის ძმის სიტყებიც: “ამ ტრადიციების, აქაური ბინძური, უბადრუკი და უვარგისი ცხოვრების ბრალია ყველაფერი”… ვინ იცის, დღემდე რამდენი თურქი (და არა მხოლოდ) ფიქრობს ასე… More