ქარავანი მიდის…

“ჩვენ განუწყვეტლივ მოვდივართ ჩვენი წარსულიდან და ჩვენი წარსული მუდამ იქ არის სადაც დავტოვეთ.”

ჯემალ ქარჩხაძეზე ხშირად გიყვებით. თანამედროვეობაში (ამ შემთხვევაში მხოლოდ ცოცხალ მწერლებს არ ვგულისხმობ) ასეთი მწერალი ცოტა თუ მეგულება და იმიტომ… მისი მოთხრობები, “იგი” (რომელიც უბრალო მოთხრობაზე მეტი მგონია), “მდგმური”, “ანტონიო და დავითი” და “ზებულონი” ობიექტურად დიდებული ნაწარმოებებია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, “ქარავანი” მისი შემოქმედების გვირგვინია. არა, ეს არ ნიშნავს, რომ სხვებს მირჩევნია. უბრალოდ ყოვლისმომცველია, როგორც “სამოსელი პირველი”More

ზებულონი – შურისძიება, სიყვარული და სიკვდილი

12472556ზებულონი… ეს სახელი წლებია გონებიდან არ მშორდება… ზებულონის საშინელი შურისძიების ამბავი 6 წლის მანძილზე მტანჯავდა, მისი სრული ისტორიის წაკითხვა კი მხოლოდ ახლა მოვახერხე… და ამიერიდან ზებულონს ნამდვილად ვერასდროს დავივიწყებ – მისი შურისძიება, სიყვარული და სიკვდილი (არ გასპოილერებთ – ადრე თუ გვიან ყველა კვდება) ყოველთვის ჩემთან იქნება…

ალბათ გაინტერესებთ რა არის ამ წიგნში ასეთი დაუვიწყარი… ეს თავად ზებულონია – კაცი რომელიც ბედისწერის მსხვერპლი გახდა… ან იქნებ საკუთარი თავის… ხალხისა და ქვეყნის ხმას დამორჩილებული ჯერ შურისმაძიებლად იქცა, შემდეგ სიყვარულის უარმყოფელად, ბოლოს კი სიკვდილს დანატრებულ მებრძოლად… მისი ცხოვრება სხვაგვარად რომ წარმართულიყო (უფრო სწორად – წაეყვანა), ზებულონი სახელოვანი მეომარი კი არა, გამოჩენილი სწავლული დადგებოდა (აკი უთხრა იოველ ბატონიშვილმა – საქართველოს ახლა ხმალზე მეტად განათლება სჭირდებაო). იქნებ როგორმე მაინც გადაყროდა ცხოვრების გზაზე იესე ერისთავის შვილიშვილს და მომავალიც განსხვავებული ჰქონოდა… ზოგჯერ ასე ვფიქრობ, ზოგჯერ კი ერთი ფიქრი წამომეპარება ხოლმე – შეეძლო კი ბედისწერის შეცვლა ზებულონს? იქნებ სწორედ ბედისწერის ხმა მიერეკებოდა დაროაშვილების თავშესაფრისკენ, ბრძოლის ველისკენ, კათალიკოსის განმარტოებული ტაძრისკენ, წყაროსთვალისკენ… იქნებ მხოლოდ ბედის ვარსკვლავის ბრალია ყველაფერი და დამნაშავე სხვა არავინაა – არც “მორჩილი” ზებულონი, არც “მსხვერპლის მომლოდინე” საქართველო, არც “ერთსულოვანი” ხალხი და არც ჯემალ ქარჩხაძე, რომელმაც ზებულონს ასეთი ბედი გადაუწყვიტა და ცხოვრება სამ ნაწილად დაუყო – შურისძიებად, სიყვარულად და სიკვდილად…

P.S. თუ ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედება გიყვართ, მაშინ ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. მგონია, რომ “ზებულონი” და “იგი” ნამდვილად საუკეთესო ნაწარმოებებია (“ქარავანი” დამრჩა წასაკითხი და ამიტომ მასზე ვერაფერს გეტყვით). მერე რა, თუ ერთი ჩვენს შორეულ წინაპრებზე მოგვითხრობს, მეორე კი – სულ რამდენიმე საუკუნის წინ მცხოვრებ ადამიანებზე. მთავარი ხომ იგისა და ზებულონის ცხოვრებაა – ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრება…

ჭილაძე და ქარჩხაძე

385

ოთარ ჭილაძის “რკინის თეატრი” – ცხოვრება რომ თეატრია, ეს ჯერ კიდევ საუკუნეების წინ თქვა დიდმა პიროვნებამ… კიდევ ერთმა დიდმა პიროვნებამ კი “წარმოდგენა” ბათუმის თეატრის სცენაზე გაათამაშა. თეატრი რკინისაა – ცვლილებებს ძნელად თუ დაექვემდებარება… “მყარია” ფონიც – რუსეთის იმპერია ისე ერწყმის კომუნისტურს და ქვეყანა – ოჯახს, რომ ზღვარი იშლება. ანექსირებული ქვეყანა უფსკრულშია ჩაძირული და ჯერ “ხანჯლებით მოცეკვავე” ყაზბეგს სწირავს, შემდეგ – ილიას. ცენზურას და პოლიციას არ სძინავთ. სამაგიეროდ სძინავს ხალხს… სძინავს ნიღბების მიღმა, რომლებიც მყარად “ასწებებიათ” სახეზე და ვეღარ “იდღლიზავენ”… თუ პროტესტის ნიშნად დააპირებენ, დაიღუპებიან… თუმცა ნიღბებს მიღმაც იღუპებიან… იღუპებიან, როგორც ბერძნული ან შექსპირის ტრაგედიების გმირები სცენაზე… More

ანა, ჯემალი და აკა

ანა კორძაია-სამადაშვილს, ჯემალ ქარჩხაძესა და აკა მორჩილაძეს არაფერი აქვს საერთო, გარდა იმისა, რომ სამივე ქართველია. სწორედ ამიტომ ფესტივალის შემდეგ პირველ რიგში მათი წიგნებით დავიწყე “მოგზაურობა” და უდროობის გამო ერთ პოსტშიც “ჩავატიე”… თუმცა სჯობს პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ 🙂

“ვინ მოკლა ჩაიკა” – ჩაიკა მოკლეს! არა, მფრინავი თოლია არ მოუკლავთ მონადირეებს. ჩაიკა ელო მოკლეს, თანაც უთოს ჩარტყმით. ბედად ანდერძის დაწერა მოასწრო… მერე რა ანდერძის – შეგშურდებათ კიდეც… მის მეგობრებს რომ გაიცნობთ, კიდევ უფრო შეგშურდებათ. თავიდან შეიძლება იფიქროთ “პიდარასტი” (როგორც გამომძიებელი იტყოდა)  და “გაფრენილი” სანდრო, “კარალევა” ნიკოლიკო, არანორმალური ყანჩა და მაგდა, მანანიკო და გაგა რა მოსაწონი ხალხიაო, მაგრამ აბა ჩაიკას ჰკითხეთ… იატაკქვეშეთში გამოკეტილ ელოს მხოლოდ ისინი ულამაზებდნენ ცხოვრებას. რომ მოკვდა, მაშინაც მოთქმა-გოდება და იმაზე ფიქრი კი არ დაიწყეს, როგორ დაემარხათ (ჩაიკას მაინც “ეკიდა”)… ადგნენ და პირდაპირ ტბაზე წავიდნენ “დასაზაგრად”, მაგრად გამოთვრნენ, გიტარაზეც დაამღერეს ელოს საყვარელი სიმღერა და მკვლელის განადგურების გეგმებიც დასახეს… მე თუ მკითხავთ, მეგობრობაც ასეთი უნდა და ანდერძიც… მაგრამ ასეთი მეგობრების პატრონები არ უნდა კვდებოდნენ, მით უფრო მეგობრისავე ნაჩუქარი უთოთი არ უნდა კლავდნენ… ჩაიკა არ უნდა მოეკლათ! More