ქართულად თბილი მწერალი

ნოდარი – ეს არის ადამიანი, რომელიც  ალბათ ყველას უყვარს (არა მხოლოდ საქართველოში). მისი იუმორითა და სამშობლოს სიყვარულით სავსე ნაწარმოებები გულგრილს ვერავის ტოვებს და დაბადებიდან  მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვება მკითხველს…

ტრადიციულად, ყველაფერი საბავშვო ლექსებით იწყება. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო.  მეც, როგორც ყველა რიგითი კლიმი, ღრმა ბავშვობაში დიდი მონდომებით ვეცნობოდი მანანასა და ქეთინოს, ნოდარიკო თოფურიძესა და ლევან მაჭარაშვილს, ვეძებდი ბებიის ცხვირზე “დაკარგულ” სათვალეს და გულიანად ვიცინოდი იმის წარმოდგენაზე, თუ როგორ ყივის მამალი კარადაში 🙂 უნდა ვაღიარო დღემდე სიამოვნებით ვიღებ თაროდან იმ ძველ, უკვე გაცრეცილ კრებულს და ისევ ისე მეცინება ყველა ლექსსა და ილუსტრაციაზე…

შემდეგ იყო იუმორისტული მოთხრობების კრებული “გლადიატორი”, რომელიც დღემდე საპატიო ადგილს იკავებს ჩემს მაგიდაზე. თაროზე დასადებად არ მემეტება – სხვა თუ არაფერი, გურული სისხლი არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ დიდი ხნით დავივიწყო განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობებით გამორჩეული გიგილო და მისი ფრიად ორიგინალური ოჯახი (თუმცა რაღა ორიგინალური – ასეთი ოჯახების მეტი რა არის ირგვლივ), ცოლისა და სიდედრისგან შეწუხებული უიღბლო მწერალი ჯვებე დუმბავა, ომარ ხალიანის პოეზია, ბავშვების აღზრდისა და ზღაპრების საინტერესო ვერსიები, თერმომეტრის უცნაური “ოინი”, ან თუნდაც ფეხბურთზე გაბაასება ღმერთთან… 🙂

შემდეგ კი იყო ბევრი ძალიან სასაცილო და ამავე დროს ძალიან სევდიანი მოთხრობა თუ მოზრდილი ნაწარმოები, რომლებმაც უამრავი რამ მასწავლეს. სწორედ ნოდარმა გამაცნო ყველაზე რეალური ბებია, რომელიც გარდა იმისა, რომ თურმე ფრანგ ბებიას ჰგავს, ჩემი ბებიის ზუსტი ანალოგია (სხვათა შორის, დღემდე ოცნებობს “დოხტურ” შვილიშვილზე, მაგრამ ამაში არ გაუმართლა), მანვე დამანახა სტუდენტის სტატუსისგან ჯერ კიდევ შორს მყოფს, თუ რა არის სტუდენტობა, გულიანად მაცინა და დამაფიქრა ყოველ წინადადებაზე…

… და ნოდარი იყო პირველი მწერალი, რომელმაც მეტი