ზღვა ღელავს, მოგონებების ზღვა… ამ ზღვაში მაქს მორდენი შედის და ნელ-ნელა იძირება ბავშვობისა და ზრდასრულობის მოგონებებში. ბავშვობის ქალაქში დაუვიწყარი გრეისები დარჩნენ, უახლოეს წარსულში – გარდაცვლილი ცოლი, მათ კი ერთი რამ აერთიანებთ – ყველანი მოგონებების ზღვამ ჩაყლაპა… ეს არის მთელი სიუჟეტიც – ერთი დიდი მელანქოლია, ერთი დიდი ფიქრი… პარალელურად კი ფურცლებიდან ტალღების ხმა ისმის…
ამასობაში ჩვეულებრივი კალიფორნიელი ქალი გარდაცვლილი ყოფილი საყვარლის უკანასკნელი ნების აღსასრულებლად გამოიძახეს. თითქოს განსაკუთრებული არც არაფერი მომხდარა, მაგრამ როდესაც ეს საყვარელი მაგნატია და უცნაური ფაქტებიც პირდაპირ გეომეტრიული პროგრესიით მრავლდება, უბრალო სიტყვები და სიმბოლოები კი შუასაუკუნეების უძლიერეს ორგანიზაციაზე მიგვითითებს, საქმე უკვე სერიოზულ სახეს იძენს. გზად რას არ გადააწყდებით – დეტექტიურ სიუჟეტს, ისტორიულ გადახვევებს, საიდუმლოებით მოცულ ადგილებს, არც თუ ნორმალურ პერსონაჟებს, გამოცანებსა და ალუზიებს… ბოლოს ლოტი 49-ც გამოცხადდება (ლოტის ნომერიც არ გეგონოთ შემთხვევითი) და ფარდაც მზადაა ასაწევად…
P.S. თუ დაინტერესდით, შეგიძლიათ “დიოგენეს” მიმართოთ. სულ ცოტა ხნის წინ ეს წიგნები “დიოგენეს ბიბლიოთეკისა” (ზაზა ჭილაძისა და გია ჭუმბურიძის თარგმანი) და “ამერიკელების” (თამარ ლომიძის თარგმანი) ფარგლებში გამოიცა.
ბოლო კომენტარები