დიდი ძმა გვიყურებს ანუ როგორ კლავენ სულებს

“1984”, “ცხოველების ფერმა”-ამბობენ, ეს ნაწარმოებები ჯორჯ ორუელმა საბჭოთა კავშირს “მიუძღვნაო”, თუმცა ვერც  იმ ფაქტს უარვყოფთ, რომ დიქტატურა XX საუკუნის 20-იან წლებამდეც არსებობდა და XXI საუკუნეშიც არსებობს. აი, გრიგოლ რობაქიძემ კი ნამდვილად სსრკ-ს ჭეშმარიტი სახე დაგვიტოვა “ჩაკლული სულის” სახით. სწორედ ამ სამ ნაწარმოებს გავაერთიანებთ დღეს ჩემს “რიგგარეშე” პოსტში და ლიტერატურულ-რეალურ ავტორიტარიზმს განვიხილავთ.

როგორც წესი, დიქტატურის “საწყისი” საყოველთაო თანასწორობა და დემოკრატიაა ხოლმე (დიქტატურის წინაპირობა დოსტოევსკიმაც გვიჩვენა თავის რომანში “ეშმაკნი”). ამ ფასეულობების დამყარებისთვის ხდება რევოლუცია, მაგრამ რეალობა სულ სხვანაირია – პარტია იბრძვის ძალაუფლებისთვის საკუთარი თავისთვის და სულ არ ადარდებს ხალხის კეთილდღეობა. შედეგად თანასწორობა მხოლოდ ზოგიერთებისთვისაა. ახალი სახელმწიფოს მეთაური ნელ-ნელა მოხერხებულად ეწყობა დიქტატორის სავარძელში (ღორი ნაპოლეონისა არ იყოს, რომელიც სტალინის ალეგორიად მოიაზრებოდა), შემდეგ კი სულაც მისტიური ფიგურის სტატუსს იძენს (დიდი ძმის მსგავსად, რომელიც ასევე სტალინის პროტოტიპად ითვლება). ის იშორებს კონკურენტებს და მათგან მტრის ხატს ქმნის (გოლდსტეინი, რომელიც ტროცკის ანალოგად მიიჩნევა). მტრის ხატი იქმნება “ფარდის” იქით არსებული ქვეყნებისგანაც. More