ის, რაც გაგვაძლიერებს

“ერი, რომელმაც არ იცის გარჩევა, ვინაა მისი მტერი, თავისუფლებას და მისგან გამომდინარე ყველა სიკეთეს, უბრალოდ, არ იმსახურებს. ყველა წარმატებული, კეთილდღეობას მოსწრებული სახელმწიფო მხნე და თავმოყვარე ხალხის აშენებულია. მონები და ყველა ჯურის ფარისევლები ვერ ქმნიან ვერაფერს, ყალბი კოლოსების გარდა, რომელთაც ისტორია ნანგრევებად ინახავს ხოლმე.”

ნიკა რურუა ის ადამიანია, რომელსაც ყველა იცნობს. მიუხედავად იმისა, რომ ის მთავრობის წევრიც გახლდათ და მისი სახელი კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთანაც ასოცირდებოდა, იშვიათად (ფაქტოვრივად, არც) მსმენია, რომ ვინმეს მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონოდეს, განსაკუთრებით ლიტერატურის მოყვარულებს… ეს იმიტომ, რომ ასეთი ლიტერატურულად და მუსიკალურად (ამ მიმართულებებს პოსტის თემიდან გამომდინარე ვუსვამ ხაზს) განათლებული ადამიანი ალბათ თითებზე ჩამოსათვლელად თუ გვყავს. სწორედ მის სახელს უკავშირდება ქვეყნისა და მომავალი თაობებისთვის არაერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი (მხოლოდ ფრანკფურტში ჩვენი შესანიშნავი წარდგენა რად ღირს, ან თუნდაც საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმისა და სტალინის ძეგლის ამბები) და სწორედ ამიტომ მისი სახელი სამუდამოდ შემორჩება ისტორიას და წლებთან ერთად კიდევ უფრო დაფასდება… რატომ? იმიტომ, რომ დროთა განმავლობაში, საბჭოთა მენტალობისგან გათავისუფლებასთან ერთად, ყველა ისწავლის მტერთან ბრძოლას, მხნეობას და თავმოყვარეობას აღმოაჩენს საკუთარ თავში, გაიაზრებს, თუ რა გაგვაძლიერებს – რა შეგვაძლებინებს, რომ ისე ვიცხოვროთ, როგორც ეს შეძლო ქვეყანამ, რომელიც სულ რამდენიმე საუკუნის წინ სამმა მილიონმა ადამიანმა შექმნა, დღეს კი მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოა… არა, ამაში სამხედრო ძალა ან ეკონომიკური განვითარება კი არა (რაც, რა თქმა უნდა, საჭიროა), ის თავისუფალი სული იგულისხმება, რომელმაც შექმნა დიდი ლიტერატურა და დიდი მუსიკა… თავისუფლების ის ჰანგები, რომლებმაც შეადგინა ის 50 ალბომი, რომლითაც “შემოიპარა” თავისუფლება ნიკა რურუას და სხვა საბჭოელების სულში… ასე გაირღვა რკინის ფარდა ფიზიკურად და იმედია მალე გაირღვევა მენტალურადაც… ნიკას და სხვების სახელით, რომლებმაც მთელი სიცოცხლე ამ ბრძოლაში გაატარეს…
მეტი