09.04.1989

დღეს 9 აპრილია… 2019 წლის 9 აპრილი… საქართველო ჯერაც არ არის ძლიერი, ერთიანი ქვეყანა, მაგრამ დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 30 წლის წინ რუსთაველის გამზირზე დაღვრილი სისხლი ამაო არ ყოფილა. სწორედ ამ დღიდან დაიწყო საქართველოს უახლესი ისტორია, დღიდან, რომლის დავიწყებაც არ შეიძლება… მეტი

აველუმი

“რაც შეეხება თავად “აველუმს”, შუმერული სიტყვაა და თავისუფალ, სრულუფლებიან მოქალაქეს ნიშნავს.”

20511697აველუმი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ქართველი (საბჭოთა) მწერალია… აველუმი ისე ცხოვრობს, როგორც ყველა – თბილისსა და მოსკოვს შორის “დაძრწის” (ერთგან ცოლი ელის, მეორეგან – “ცვალებადი” საყვარელი), თავისუფლების სურვილი შიგნიდან ხრავს, მაგრამ არ იმჩნევს. ასე ხომ უფრო ადვილია ცხოვრება… თუმცა არა, ასე არ არის. აველუმი სულ სხვანაირია… აველუმის ცხოვრება ერთი დიდი წამება მგონია, რადგან ის ვერასდროს გახდა ნამდვილი აველუმი (ანუ თავისუფალი და სრულუფლებიანი მოქალაქე)… 9 მარტიდან 9 აპრილამდე ის ცდილობდა სრულყოფილი (რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო მაშინდელ ვითარებაში) ცხოვრების მოწყობას… 33 წელი ის ემალებოდა საკუთარ თავს, აგებდა “სიყვარულის იმპერიას” ბოროტების იმპერიაში, მაგრამ მის მიერ შეკოწიწებული “სახელმწიფო” უფრო მარტივად და სამარადჟამოდ დაინგრა, ვიდრე “წითელი სამეფო”… მელანია, ფრანსუაზა და სონია უფრო სწრაფად გაქრნენ მისი ცხოვრებიდან, ვიდრე რეპრესიების წლებში “გაჩუქებული” და, 9 მარტს დაღუპული ბიჭის აჩრდილი და 9 აპრილის დღეებში რუსთაველზე გამოსული ტანკები, ირგვლივ მოზუზუნე ტყვიები… აველუმმა ვერ გააღწია ბოროტების იმპერიიდან ვერც ფიზიკურად (არადა, ხომ შეეძლო ფრანსუაზასა და თავის უკანონო შვილთან დარჩენილიყო პარიზში და ვითომდა ეკაეკატერინეკატოს გამო არ დაბრუნებულიყო “სატუსაღოში”) და ვერც სულიერად… თუმცა რა გასაკვირია – ძალიან ბევრმა ვერ გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი, ძალიან ბევრმა მოუხუჭა თვალი სიმართლეს და სწორედ ეს გზა აირჩია საპროტესტოდ… ბევრმა კი დროშა აიღო ხელში, როგორც ეკაეკატერინეკატომ (და წიგნის ინგლისურენოვანი გამოცემის გარეკანზე გამოსახულმა ჩვენთვის ასე ცნობილმა ქალმა), ავტომატი გადაიკიდა მხარზე, ანთებული სანთლით ან ცეკვა-სიმღერით გამოვიდა ქუჩაში, მდუმარედ დაჯდა რუსთაველზე ან დაწვა კარავში… ბევრმა საერთოდ არაფერი (ვერაფერი) გააკეთა, ოთახის კუთხეში მიიყუჟა და ერთ წერტილს მიაშტერდა… ყველამ ის გააკეთა რაც შეეძლო… თუმცა რა მნიშვნელობა აქვს… ნამდვილი აველუმი, ნამდვილად თავისუფალი, სრულუფლებიანი მოქალაქე ხომ ჯერაც არ არსებობს… ბევრი ცდილობს აველუმობას, მაგრამ ბოლომდე არავის გამოსდის… მხოლოდ ცდილობს ჩვენი აველუმივით – უამრავ შეცდომას უშვებს (იშვიათად სწორ ნაბიჯსაც დგამს), მაგრამ მაინც იბრძვის – თავისებურად, უცნაურად, მაგრამ მაინც… მეტი