კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სტამბოლში – მევლუდის ქალაქში! დიახ, ჩვენი ძველი ნაცნობი ორჰან ბეი ისევ სტამბოლზე გვიამბობს. მოხეტიალე გამყიდველი და მისი მრავალფეროვანი ოჯახი სწორედ იმიტომ გადმოგვცემენ საკუთარი (ჩემო მოკრძალებული აზრით, ძალიან საინტერესო) ცხოვრების ამბავს, რომ სტამბოლის მრავალწლიანმა ისტორიამ ჩვენს თვალწინ გაირბინოს. ჩვენც მათთან ერთად მივუყვებით ძველი ქალაქის ქუჩებს, თითქოს შევიგრძნობთ ბოზას გემოსა და ქაბაბის სურნელს, მევლუდთან ერთად ვუგდებთ ყურს უცნაურ ფიქრებს, ვუყურებთ, თუ როგორ იცვლება ქალაქი 1969 წლიდან 2012 წლამდე, ათასგვარ საქმეს ვკიდებთ ხელს, უამრავ ადამიანს ვხვდებით და საბოლოოდ იცით რას ვაცნობიერებთ? ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ქალაქშიც, ქვეყანაშიც… შეიძლება სტამბოლის ქუჩები სამხედრო აჯანყებებმა, რუსეთისა და ჩინეთის მომხრე კომუნისტებისა და ისლამისტების გამოსვლებმა მოიცვას, ოჯახური საკვები და სასმელი ქარხნულმა შეცვალოს, მიწურები კი – ცათამბრჯენებმა, მაგრამ ყოველთვის იარსებებს რაღაც, რაც ყოველთვის იგივე დარჩება. ეს რაღაც კი სტამბოლის სულია, მისი უცნაური ფიქრები… ბედისწერა, რომელიც ერთხელაც აუცილებლად მიახვედრებს უბრალო გამყიდველს, რომ მის ცხოვრებაშიც მოვიდა ბედნიერება… მეტი
სტამბოლის უცნაური ფიქრები
09 სექ 2016 დატოვე კომენტარი
in თურქული, ლიტერატურა ტეგები:დიოგენე, ეკა ახვლედიანი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ორჰან ფამუქი, სტამბოლი, ჩემი უცნაური ფიქრები, et cetera
Et Cetera – დასაწყისი
01 ივლ 2016 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:ალეკო შუღლაძე, ალი და ნინო, გადამალვა, დიოგენე, კლდის პირზე ჭვავის ყანაში, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, სელინჯერი, ყურბან საიდი, et cetera
გამომცემლობა “დიოგენეს” სერიებზე ხშირად ვსაუბრობთ. მართლაც – გულგრილად ვერაფრით ავუქცევთ გვერდს “დიოგენეს ბიბლიოთეკისა” და “ამერიკელების” შესანიშნავ (გემოვნების შესაბამისად, რა თქმა უნდა) “წარმომადგენლებს”. და აი ახლა ჩვენმა საყვარელმა გამომცემლობამ მორიგი ძალიან საინტერესო სერია “Et Cetera” წამოიწყო და როგორც დასაწყისიდანვე ჩანს, ამ შემთხვევაშიც ძალიან კარგი რაღაცები გველის. აბა თავად შეაფასეთ – სერია ისეთი დიდებული წიგნებით დაიწყო, როგორებიცაა: უმბერტო ეკოს “ვარდის სახელი” და “პრაღის სასაფლაო”, კენ კიზის “გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა” და პატრიკ ზიუსკინდის “სუნამო”. მეტი
საცდელი ნომერი
26 თებ 2016 დატოვე კომენტარი
in იტალიური, ლიტერატურა ტეგები:დიოგენე, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, საცდელი ნომერი, უმბერტო ეკო, et cetera
რას ფიქრობთ მედიაზე? ალბათ ამ ძლევამოსილი სფეროს შესახებ ჩემსავით არაერთგვაროვანი აზრი გაქვთ, თუმცა თუ “საცდელ ნომერს” გადაშლით, კიდევ უფრო დაიბნევით. რატომ? იმიტომ, რომ სინიორ უმბერტო იმ გაზეთის რედაქციაში ამოგაყოფინებთ თავს, რომლის გამოსვლაც ცალსახად გამორიცხულია. მეტიც – ის სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ არ გამოვიდეს. უნცაურად გეჩვენებათ? სინამდვილეში მთელი ეს ამბავი ძალიან რეალურად გამოიყურება – ჟურნალისტიკაში სრულიად შემთხვევით მოხვედრილი კოლონაც, სულით გამომძიებელი ბრაგადოჩოც, მეოცნებე მაიაც, ჩამშვები ლიუდიჩიც და თვით “ოლიგარქის მონა” მთავარი რედაქტორიც კი… თქვენ წარმოიდგინეთ და ბენიტო მუსოლინის ვითომდა გადარჩენის ისტორიაც ძალიან ჰგავს სინამდვილეს… ამას კი ერთადერთი მიზეზი აქვს – უმბერტო ეკო ისევ მოწოდების სიმაღლეზეა და გამონაგონს ისეთი გემოვნებით აზავებს ფაქტებთან (ამას შესანიშნავი იუმორიც დაურთეთ – ხან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრები რომ შემაწუხებინა და ხან ჩაძინებული მეზობლები:) ), რომ ზღვარი იშლება და რჩება ერთი ამბავი გაზეთისა, რომელსაც “ხვალ” უნდა რქმეოდა და “გუშინ” კი დაერქვა…
P.S. სამწუხაროდ, ეს წიგნი ბოლო აღმოჩნდა… სინიორ უმბერტო უკვე მარადისობაშია, ჩვენ კი იმედი ვიქონიოთ, რომ ამ წიგნს ქართულადაც ვიხილავთ.
P.P.S. პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ “დიოგენემ” სინიორ უმბერტოს ბოლო წიგნი სერია “Et cetera”-ს ფარგლებში გამსოცა.
ფუკოს ქანქარა
28 ნოე 2014 4 Comments
in ლიტერატურა ტეგები:დიოგენე, იტალია, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მასონები, პრაღის სასაფლაო, ტამპლიერები, უმბერტო ეკო, ფაშიზმი, ფუკოს ქანქარა, ხათუნა ცხადაძე, ჰიტლერი, et cetera
ხომ იცით, რომ წიგნები მაშინ მოდიან, როცა ამის დრო დგება? “ფუკოს ქანქარის” შემთხვევაშიც ზუსტად ასე მოხდა – ეს წიგნი ძალიან დიდხანს მოდიოდა ჩემამდე და ბოლოს მოვიდა!
…მოვიდა და რა მოვიდა… პირველი თავი კი რთულად გავიარე (ზოგადად ეკოს ხომ ახასიათებს მძიმე დასაწყისი), მაგრამ შემდეგ სინიორ უმბერტომ პირდაპირ ტამპლიერების ეპოქაში გადამისროლა. უფრო სწორად, გამომცემლობის თანამშროლები – კაზობონი, ბელბო და დიოტალევი გადაისროლა. ამ სამეულმა “მასონური გეგმის” გამოგონება გადაწყვიტა და საბოლოოდ ისეთი რამ შექმნა, რომ რეალობისგან ძნელად თუ გაარჩევთ (თავადაც კი ვერ არჩევდნენ და ჩვენ რა შეგვიძლია)…
სიუჟეტზე მეტს არაფერს გეტყვით. ალუზიები, შეთქმულების თეორიები, ტამპლიერები, სიონისტები, მასონები, ასასინები, კაბალისტები და სხვა “მისტიკური ელემენტები” (სხვათა შორის, აქ პრაღის სასაფლაოც შეგხვდებათ, ჰიტლერიც, კალიოსტროც, ბეკონიც და ა.შ.) თავად უნდა “შეიგრძნოთ”. ბოლოს პარიზის მუზეუმში ფუკოს ქანქარის მოძრაობაც უნდა დაინახაოთ. მხოლოდ ასე თუ დარწმუნდებით, რომ უმბერტო ეკომ საკუთარი ბავშვობისა და გატაცებების საფუძველზე შექმნა გენიალური ნაწარმოები და შესაშური “საინტერესოობით” დასცინა უაზრო “მისტიფიკატორებს”…
P.S. სამწუხაროდ, ამ წიგნის ქართული თარგმანი არ გვაქვს. ალბათ “დიოგენე” შემოგთავაზებს, თუმცა “პრაღის სასაფლაოს” ამბავს თუ გავიხსენებთ, უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ. როგორც ჩანს, სინიორ უმბერტო საავტორო უფლებებთან დაკავშირებით სიმკაცრეს იჩენს 🙂 თუმცაღა, წიგნის სირთულეს თუ გავითვილისწინებთ, მშობლიურ ენაზეც სიამოვნებით გადავიკითხავ…
P.P.S. და აი, დადგა ეს დღეც! პოსტის გამოქვეყნებიდან 2 წელზე მეტი გავიდა, თუმცა “დიოგენემ” მაინც შეასრულა დანაპირები და უკვე გვაქვს ქართული თარგმანი!
ბოლო კომენტარები