ჩემი ლიტერატურული სექტემბერი :)

არდადეგების ბოლო თვეც დადგა და ლიტერატურული მოგზაურობაც გაგრძელდა : )

ტარას შევჩენკოს მოთხრობები – თავის მოთხრობებში მწერალი უბრალო უკრაინელების ცხოვრებას აღწერს, რომლებიც ხუტორებში ცხოვრობენ და მძიმე შრომით ირჩევენ თავს.  ამიტომაც წერს ერთ-ერთ მოთხრობაში: “ო, აგრონომო-ფილანტროპებო! გამოიგონეთ ნამგლის ნაცვლად რაიმე მანქანა. ამით თქვენ დიდ სამსახურს გაუწევთ მძიმე შრომისთვის განწირულ კაცობრიობას!” შევჩენკოს ეს ოცნება მოგვიანებით ახდა, მანამდე კი მასაც, თავისი გმირების მსგავსად, უამრავი დაბრკოლება შეხვდა ცხოვრების გზაზე. საერთო ჯამში საინტერესო იყო ძველ უკრაინაში მოგზაურობა, მაგრამ ცოტა არ იყოს გამიჭირდა რუსულ ტექსტში შიგადაშიგ გარეული უკრაინული სიტყვების გაგება 🙂 ჩემი აზრით, ტარას შევჩენკო ბევრად უფრო დიდი პოეტი და საზოგადო მოღვაწე იყო, ვიდრე პროზაიკოსი. მოთხრობებში თითქოს მისი უსაზღვრო პატრიოტიზმი ისე არ ჩანს, როგორც პოემებსა და ლექსებში. ჩემთვის მის ფავორიტ ნაწარმოებად ლექსი “ანდერძი” რჩება, რომელიც რუსულ თარგმანშიც ისევე კარგად ჟღერს, როგორც ორიგინალში.

გრიგოლ აბაშიძის “ლაშარელა” – ამჯერად გადავწყვიტე მეცამეტე საუკუნის საქართველოში მემოგზაურა. ლაშა-გიორგის ეპოქა სულაც არ ჰგავდა დიდი თამარის ოქროს ხანას. დიდებულები მეფეს და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. თავად ლაშა კი მხოლოდ ერთგული მცველის, ლუხუმ მიგრიაულის ცოლის სიყვარულზე ზრუნავდა. მისი პირადი ცხოვრება ქვეყნის ინტერესებს გადაეჯაჭვა, რადგან:  “ეგ ლახვარი მარტო მიგრიაულს კი არა, საქართველოს ძლიერებას ჩასცეს ზურგში, რადგან საქართველოს ძლიერება მიგრიაულისთანა პატიოსან ყმა გლეხების ძალასა და სიმტკიცეზე იყო მუდამ დამყარებული.” ამ აკრძალული სიყვარულისგან მხოლოდ ტახტის მემკვიდრე დავით ულუ დარჩა, საქართველოს კი ჯერ მოხარკენი განუდგნენ, შემდეგ კი გაძლიერებული მონღოლები მოადგნენ. ასე მიეცა დავიწყებას ქართველთა დაუმარცხებლობის ამბავი. ლაშამ კი, როგორც თავად ამბობდა, ვერ გაამართლა იმედი, ვერ შეძლო, დავით აღმაშენებლის მსგავსად, ლილეს სიყვარულის გულიდან ამოღება და ვერ შესწირა სამშობლოს მსხვერპლად პირადი ბედნიერება.

გრიგოლ აბაშიძის “დიდი ღამე” – დასრულდა ლაშას ეპოქა და ტახტზე ავიდა რუსუდანი. მისი მმართველობისას საქართველოს ჯერ ჯალალედინი დაესხა თავს, შემდეგ კი – მონღოლები. მეფისა და ერისთავების მზრუნველობას მოკლებული ქვეყანა მტრებს ჩაუვარდა ხელში: ” მაშ, დაღუპულა საქართველო, თუ აღარც მეფე ჰყავს მზრუნველი და აღარც ერისმთავარი. იმის მაგივრად, რომ დაგვეცვა და შეგვენახა საქართველოს ძლიერება, ქვეყანა დავამხეთ და დავაუძლურეთ? მერე გვაპატიებს, განა, შთამომავლობა? _ ვინ იცის, იქნებ სამუდამოდ საწყევად ვუტოვებთ ჩვენს სახელს შვილთა და შვილიშვილთ,” – ამბობს მოვლენათა ცენტრში მყოფი მგოსანი თურმან თორელი, დიდი მამულიშვილის, შალვა ახალციხელის ბიძაშვილი. თურმანმა სამშობლოს სიყვრულს ცხოვრება შესწირა, ისევე როგორც ჯალალედინის ბრძანებით დაბრმავებულმა მხატვარმა ვაჩემ, წინამძღვარმა პავლიამ, ცაგომ, ლელამ, … არაერთი გმირი შთანთქა დიდმა ღამემ, მაგრამ, როგორც თავად თორელმა თქვა: “გათენდება, გჯეროდეს, რომ გათენდება! საქართველო უკვდავია. კიდევ ბევრჯერ გაიხსნება მისი ცისკარი.” უსინათლო ვაჩე კი თითქოს ხედავს თეთრი დროშის ფრიალს და ამბობს: “გორგასლიანი დროშის ნათელი გაჰფანტავს ღამის სიბნელესო!”

ორჰან ფამუქის “თეთრი ციხესიმაგრე” – ეს არის ისტორია ორი ერთნაირი გარეგნობის ადამიანისა. მათ შორის ერთადერთი განსხვავებაა – ერთი აღმოსავლეთს წარმოადგენს, მეორე – დასავლეთს. იტალიელი ცდილობს სტამბულთან შეგუებას, თურქი კი დასავლურ მეცნიერებებს ეუფლება. საბოლოოდ კი ვეღარ ვიგებთ რომელი მათგანია ევროპელი და რომელი აზიელი. ყველაფერი ერთ გრძელ სიზმრად იქცევა: “ამ სიზმარში თქვენ გარბიხართ მიხვეულმოხვეულ გზებზე ბნელ ტყეში, რათა სწრაფად მიაღწიოთ მთაზე აღმართულ ბრწყინვალე ქათქათა საოცრებამდე, სადაც მეფობს მხიარულება, რომელშიც გსურთ მონაწილეობის მიღება, და ბედნიერება, რომლის ხელიდან გაშვებაც არ გსურთ. მაგრამ გზა, რომელიც თითქოს სულ მალე უნდა დამთავრდეს, რატომღაც გრძელდება.” როგორც თავად ფამუქი ამბობს ბოლოსიტყვაობაში: “თეთრი ციხესიმაგრის” იდეა, რა თქმა უნდა, იმაში არ მდგომარეობს, რომ გავიგოთ, რამდენად მოსახერხებელია და შეესაბამება რეალობას აღმოსავლეთიდა და დასავლეთის დაყოფა. ნაწარმოები გვიჩვენებს კულტურათა და ხალხთა განმასხვავებელ მახასიათებლებს. ეს განსხვავებები ილუზიაა, მაგრამ ეს ილუზია ასეთი ენთუზიაზმით რომ არ შეექმნათ  საუკუნეების მანძილზე, მაშინ ეს ისტორიაც არ იქნებოდა ასეთი ნათელი.” თუ გაინტერესებთ კულტურათა დაპირისპირების თემა, აუცილებლად გაეცანით ამ მწერალს და თუ “თეთრი ციხესიმაგრე” გაამართლებს თქვენს მოლოდინს, მაშინ ფამუქის პიროვნების უფრო ახლოს გასაცნობად თვალი გადაავლეთ ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიალზე წარმოთქმულ სიტყვას “მამაჩემის ჩემოდანი” (თუ დოსტოევსკის შემოქმედებასაც აფასებთ, შეგიძლიათ ისიც შეიტყოთ, თუ რას ფიქრობს მის ნაწარმოებებზე “რიგითი” მკითხველი ორჰანი). 😉

ერიკ-ემანუელ შმიტის “პილატეს სახარება” – ეს არის ისტორია იეშუასი, რომელიც ცდილობს საკუთარ თავში გარკვევას და საბოლოოდ ხვდება, რომ: “მარტო მხოლოდ სამყაროსგან დამალვა შეგვიძლია, ხოლო თუ გავერთიანდებით, შევძლებთ მის შეცვლას.” ამიტომ ის უფლის რწმენით აერთიანებს ხალხს და მათთან ერთად ქადაგებს სიყვარულს. აქვე ვხვდებით ეჭვებით შეპყრობილ პილატე პონტოელს და გამცემ იეგუდას, იეშუას დედას და მოწაფეებს, იოჰანანს და რომაელ ჩინოვნიკებს. თითოეული მათგანი მკვეთრად განსხვავდება როგორც რეალური პიროვნებებისგან, ისე ბულგაკოვის გმირებისგან. მაგრამ შმიტის მთავარი სათქმელი მაინც ის არის, რომ: “შეიყვარე სხვა ისე, რომ მიიღო მისი სისულელეებიც კი. ძალადობაზე ძალადობით პასუხი, გამოყენება წესისა “თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ”, მხოლოდ ამრავლებს ბოროტებას, უფრო მეტიც – აქცევს ბოროტებას წესად. ძალადობაზე სიყვარულით პასუხი ძალადობის ჩაქრობას ნიშნავს. ღმერთის სამეფოს კარი ყველა ჩვენგანშია. ეს არის იდეალი, ოცნება, ნოსტალგია, იმედი. სიყვარული მარადიულია. ის იწვის, როგორც ალი, მაგრამ ეს ალი სუსტია. მის ჩაქრობას ცდილობენ.” ერთი შეხედვით რიგითი წიგნია, მაგრამ ურიგო არ იქნება, თუ დავფიქრდებით ცხოვრების არსზე და სულს შევუბერავთ სიყვარულის ცეცხლს. : )

გავიდა ზაფხულის არდადეგები. ამ სამი თვის მანძილზე  ვიმოგზაურე მრავალ ქვეყანაში – საქართველოში, უკრაინაში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, გერმანიაში, ძველ რომში, ყოფილ სსრკ-ში, რუსეთში, ინდოეთში, ისრაელსა და თურქეთში, გავიცანი მრავალი ახალი გმირი და მწერალი, ძველებთან ურთიერთობა გავაღრმავე, 🙂 4 წიგნი შევმატე ჩემს რჩეულ ნაწარმოებებს და არც ერთი სერიოზული იმედგაცრუება არ განმიცდია. ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი არდადეგები გამოვიდა, მაგრამ ამით მოგზაურობები არ მთავრდება. წინ კიდევ უამრავი საინტერესო ნაწარმოებია და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ: “ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი..” 🙂

19 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    სექ 30, 2011 @ 15:44:08

    “ლაშარელა” და “დიდი ღამე” ჩემსავით ერთ წიგნად გექნებოდა შენ 🙂

    მე მანდ, ყველაზე მეტად, ლილეს წარმოშობის ისტორია მომწონს. უძველესი, ოდესღაც განთქმული და შემდგომ, ღალატისთვის ამოწყვეტილი გვარი. გერბიც მომწონს.

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      სექ 30, 2011 @ 16:12:50

      არა, ორი დიდი წიგნი იყო საოცარი შრიფტით 🙂
      ლილეს წარმოშობა განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს მთელს ამბავს : ) გერბიც საკმაოდ დამაიტრიგებლად გამოიყურებოდა სურათზე 🙂

      Like

      პასუხი

    • tamara
      ოქტ 24, 2011 @ 12:05:01

      მე მქონდა ეგ გამოცემა 🙂
      გრიგოლ აბაშიძის რომანებში “ცოტნე” მირჩევნია ყველას…

      Like

      პასუხი

  2. akunkula
    სექ 30, 2011 @ 17:07:48

    ავტორი ერთი არაა დიდი ღამის და ლაშარელასი?
    კარგი სიაა. პილატეს სახარებას და ფამუქს წაიკითხავდა კაცი ❤ მარა ფამუქს ვერ ვიყიდი ჯერ კაი ხანს 🙂

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      სექ 30, 2011 @ 17:18:49

      მე მგონი დროა გრიგოლ რობაქიძეს მივუბრუნდე 🙂 უკვე გრიგოლ აბაშიძის ნაცვლად მის გვარს ვწერ 🙂
      შმიტის და ფამუქის წაკითხვა ნამდვილად ღირს : )

      Like

      პასუხი

  3. tsotnee
    სექ 30, 2011 @ 18:25:51

    მე ისღა დამღჩენია ვიპოვო ეს წიგნები და დავიწყო კითხვა. 🙂

    Like

    პასუხი

  4. მოლი ბლუმი
    ოქტ 03, 2011 @ 08:47:00

    სხვათა შორის, ორმოცდაათი საუკეთესოს სერიით გამოცემული “ოსტატი და მარგარიტა” ახალი თარგმანია და როგორც ამბობენ, ბულგაკოვმცოდნეებს მოწონებიათ ძალიან. ამ სერიას, ზოგადად, ეჭვის თვალით ვუყურებ, მაგრამ ახალ თარგმანს ნამდვილად ვერ გამოვტოვებდი და მაქვს შინ.

    ეს შმიტზე გამახსენდა…

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ოქტ 03, 2011 @ 09:53:09

      კონკრეტულად ამ თარგმანზე ვერაფერს ვიტყვი. “ოსტატი და მარგარიტა” ორიგინალში მაქვს წაკითხული. რაც შეეხება სერიას, ზოგადად მსგავსი წამოწყებები მომწონს. სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია ფასიც და გავრცელების ადგილების სიმრავლეც : )

      Like

      პასუხი

      • მოლი ბლუმი
        ოქტ 03, 2011 @ 10:13:02

        მეც ორიგინალში მაქვს წაკითხული, მაგრამ ქართულ თარგმანს ყოველთვის ინტერესით ვაკვირდები. ეს ტომიც თარგმანისთვის ვიყიდე.

        რაც შეეხება ორმოცდაათეულს, ფასი ფასად, მაგრამ არაქართული წიგნები, უმრავლეს შემთხვევაში, ძველი გამოცემების თავიდან შეფუთული ვერსიაა და თარგმანიც, შესაბამისად, უხარისხოა. არც შერჩევის პრინციპი მომწონს დიდად. ერთი სიტყვით, ეს ჩემი სერია არ არის…

        Like

        პასუხი

      • Kejeradze
        ოქტ 03, 2011 @ 10:28:33

        დღეს (“ნათლიას” გამოსვლის დღეს) მოვერიდები შერჩევის პრინციპზე კომენტარის გაკეთებას…

        Like

        პასუხი

  5. »♥» ana «♥«
    ოქტ 03, 2011 @ 13:09:07

    როგორ გამდიდრებულხარ. ❤ ისევე,როგორც მე ვთვლი კიდევ უფრო მდიდარ ადამიანდ თავს,როცა ერთ წიგნსაც კი ვამთავრებ..

    Like

    პასუხი

  6. Trackback: ზაფხულის პირველი მოგზაურობები « კეჟერაძის ბლოგი
  7. Trackback: “სტამბოლი – მოგონებები და ქალაქი” « კეჟერაძის ბლოგი
  8. salomeaa
    თებ 18, 2014 @ 22:13:06

    ,,პილატეს სახარება” ერთი რიგითი წიგნი არ არის:((( საეროდ შმიტის წიგნები არ არიან რიგითები:)))

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      თებ 18, 2014 @ 22:26:56

      რიგითია იმ მხრივ, რომ წიგნის თაროზე ძალიან ჩვეულებრივად გამოიყურება. უცებ ყურადღებას არც კი მიაქცევ. ამ თემაზე იმდენი დაწერილა, ახალს რას წავიკითხავო, იფიქრებ… არადა, “ულისე ბაღდადიდან” და “პილატეს სახარება” ყველაზე კარგი გამოუვიდა შმიტს… ჩემი აზრით, რა თქმა უნდა 🙂

      Like

      პასუხი

  9. salomeaa
    თებ 18, 2014 @ 22:52:58

    მე სხვანაირად აღვიქვი და გული დამწყდა. თუ ასე ფიქრობ, მაშინ მიხარია:*

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი