ახლა კი გასულ წელს დაველოდოთ

ფილიპ დიკი საოცარი მწერალია, განსაკუთრებული მწერალი. მისი სამყარო განუმეორებელია და არც 2055 წლის დედამიწაა გამონაკლისი. ჩვენი პლანეტა ომშია ჩართული, თუმცა მოკავშირეებთანაც არ აქვს შესაშური ურთიერთობა… მაგრამ ეს უბრალოდ ფონია. მთავარი, ისევე როგორც ფილიპის სხვა წიგნებში, ერთი უბრალო ადამიანია, რომელიც ნარკოტიკულმა ნივთიერებამ ილუზორულ დროში გადაისროლა… ან პარალელურ სამყაროში… წარსულსა და მომავალში… და რა შეიცვალა? არც არაფერი. პოლიტიკა, ადამიანური ურთიერთობები, ბრძოლა საკუთარ თავთან ყველა დროში ერთნაირია. რაც უნდა დაიხვეწოს ტექნოლოგიები, წინ წავიდეს სამყარო, ომი ძველებურ სახეს არ კარგავს, არც ქალისა და მამაკაცის ერთობის ნგრევა… მაინც ვერაფერს დავაკორექტირებთ. პარალელურ სამყაროთაგან თითოეული საკუთარ გზას გაივლის… ექიმი ერიკ სვიტსენტის ცხოვრებაც სხვადასხვაგვარი იქნება, თუმცა მაინც ერთნაირი. რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოიგებს ომს, დაშორდება თუ არა ერიკი ცოლს… ის მაინც გადაყლაპავს ნარკოტიკს, რომელიც ნამდვილად თუ ილუზორულად დროში ამოგზაურებს და მაინც დაელოდება გასული წლის დადგომას… მეტი

მხედვარი გერალტი

ყოფილხართ შუამიწეთში? გისწავლიათ ჰოგვორტსში? გიმღერიათ ოზში? გიბრძოლიათ ვესტეროსში, პანემში, ჯო აბერკრომბის სამყაროში? “გაგიშლიათ ბანქო” ამბერში? მოგისმენიათ საინტერესო ისტორიები ქვოს ფუნდუკში? შეგშინებიათ დერიში? გიცინიათ დისკოს სამყაროში? გიმართავთ ნარნია? ყოფილხართ სტუმრად მუმინების ხეობაში, საოცრებათა ქვეყანაში ალისასთან, ვინი პუჰისა და მისი მეგობრების ტყეში კრისტოფერ რობინთან ან ნევერლენდში პიტერ პენთან ერთად? მაშინ აუცილებლად უნდა შეიხედოთ ანჯეი საპკოვსკის სამყაროშიც, რადგან აქ შეხვდებით დაუვიწყარ ადამიანს – მხედვარ გერალტს! მეტი

შესანიშნავი ცხრიანი

ბათუმელები რომ განსაკუთრებული გემოვნებით შერჩეულ გამოცემებს გვთავაზობენ, უკვე დადგენილი ჭეშმარიტებაა. მათი კრებულები რომ შესანიშნავად დაჯგუფებული მოთხრობებისგან შედგება, არც ესაა ახალი (სხვებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მხოლოდ სამიოდე წლის წინ გამოცემული “8” რად ღირს). ჰოდა, ახლაც სულ ცხელ-ცხელ და ტრადიციულად კარგ წიგნზე მინდა მოგიყვეთ, რომელიც ძალიან კარგ ცხრა მოთხრობას აერთიანებს. მეტი

ფილ დიკის ღმერთი

იცნობთ ფილიპ დიკს? თუ მისი ერთი წიგნი მაინც წაგიკითხავთ, გეცოდინებათ. რომ ის არანორმალურია! დიახ, დიახ, ადამიანი, რომელმაც დაწერა “კაცი მაღალ კოშკში”, “ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?”, “იდინე, ცრემლო, თქვა პოლიციელმა”, “პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა”, “ბუნდოვნად, სკანერში”, “უმცირესობის მოხსენება”, “მოთამაშეები ტიტანიდან” “უბიკი” და სხვა წიგნები, ვერ იქნება ნორმალური! ასეთ წიგნებს ვერ წერენ “წესიერი” მწერლები. ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, თუ მის უკანასკნელ ტრილოგიას წაიკითხავთ, რომელიც “კრავს” მთელს მის შემოქმედებას და ბოლომდე აშიშვლებს მის შინაგან სამყაროს… მეტი

ტედ ჩანის სამყარო

ტედ ჩანი რთული კაცია… ძალიან რთული… ეს იმიტომ, რომ მის მოთხრობებში წინა პლანზე სამეცნიერო ფანტასტიკაა, სიუჟეტი და პერსონაჟები კი მხოლოდ მეორეზე (როგორც წესი, ამ ჟანრის წიგნებში ეს პირიქით არის ხოლმე – ოსტატურად შექმნილი გმირები და საინტერესოდ აწყობილი შინაარსი გვაინტერესებს მეცნიერებით)… მაგრამ სურვილის შემთხვევაში მაინც “გამოყოფთ” იმას, რაც მთავარია… თქვენთვის მთავარი… აი ჩემთვის მთავარი სუიციდისკენ მიდრეკილი მათემატიკოსია და არა მათემატიკა; კიდევ ის კაცი, ბაბილონის გოდოლის შენებისას სამყაროს არსს რომ ჩასწვდა და არა თავად შენება; ყველაზე მთავარი კი ის ლინგვისტია, “უცნაურ სტუმრებთან” საკონტაქტოდ რომ მიიწვიეს, ის კი მხოლოდ მათ ენას კი არა, საკუთარ მომავალსაც ჩასწვდა… სწორედ ესაა ჩემთვის ყველაზე საინტერესო – რამდენად შეიძლება ერთდროულად არსებობდეს თავისუფალი ნება და ბედისწერა და შესაბამისად რისი გაკეთება შეიძლება, თუ მომავალი წინასწარ იცი? მეტი

აბერკრომბის პირველი კანონი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯო აბერკრომბის სამყაროში! ზოგი მას ჯორჯ მარტინს ამსგავსებს, ზოგი – ტოლკინს, მაგრამ მერწმუნეთ, ეს განუმეორებელი სამყაროა და თუ მის კარს შეაღებთ, დაუვიწყარი თავგადასავლისთვის უნდა მოემზადოთ. აბა, თავად განსაჯეთ, როგორი საზოგადოებაა – ჩრდილოელი მეომარი ლოგენ ცხრათითა ზედმეტსახელად “ცხრა სიკვდილი” (ეს სახელი ალბათ უკვე ბევრზე მეტყველებს); წამების მსხვერპლი მიმზიდველი ახალგაზრდა მოფარიკავე და მებრძოლი, ახლა კი თავად ინვალიდ ინკვიზიტორად ქცეული გლოკტა; თავმომწონე ოფიცერი ჯეზალი, რომელიც მთელს დღეებს ბანქოს თამაშსა და ტურნირისთვის მზადებაში ატარებს; შურისძიების წყურვილით შეპყრობილი გაქცეული მონა ქალი ფერო; მამაცი ოფიცერი კოლემი, რომელიც დაწინაურებაზე ვერც კი ოცნებობს, რადგან “დაბალ ფენას” წარმოადგენს; ჯადოქართა შორის უპირველესი, თუმცა კი ფრიად საეჭვო ბაიაზი და სხვები… შეიძლება მათ გვერდით მოიწყინოთ? რა თქმა უნდა, არა. რა მოგაწყენთ, როდესაც ეს ადამიანები სხვადასხვა გზით იბრძვიან კავშირის მიწაზე გაჩაღებულ ომში, რომელიც ხან ღია სისხლისღვრაა, ხან კი “კულისებს მიღმა” გადაინაცვლებს… ჩვენც მივყვებით მათ აბერკრომბის მიწებზე და ვცდილობთ არ დავარღვიოთ პირველი კანონი – არ გადავლახოთ საზღვარი ორ სამყაროს შორის, მაგრამ გამოგვივა კი ეს? ჩვენ ხომ მკითხველები ვართ, ანუ – ცნობისმოყვარე მოგზაურები და ყველა ჭუჭრუტანაში უნდა შევიხედოთ… აუცილეებლად უნდა გავიგოთ, როგორ დასრულდება ბრძოლა მშვიდობისთვის… მეტი

უცხო უცხოთა ქვეყანაში

შენ ხარ ღმერთი! დიახ, ასეა. ამას გვიქადაგებს ვალენტაინ მაიკლ სმიტი – კაცი, რომელიც მარსელებმა გაზარდეს. ის დედამიწაზე დაბრუნდა და ცდილობს შეეგუოს აქაურ ყოფას, მაგრამ ეს მარტივი არაა. აქ ადამიანები ერთმანეთს არ უყურებენ, როგორც ღმერთს. ისინი სულ სხვაგვარად აღიქვამენ რელიგიას, საკუთრებას, სიკვდილს, სექსს… ისინი მაიკლსაც კი იმის მიხედვით აფასებენ, თუ რა ქონებას ფლობს (ეს კი არც ისე ცოტაა), მასზე ნადირობენ, ხან განადიდებენ, ხან კი ქვებს ესვრიან. ასე იქცევიან ისინი, ვინც ღმერთი უნდა იყოს… ასე ექცევიან უცხოს უცხოთა ქვეყანაში… მის იდეას სიგიჟედ მიიჩნევენ… სინამდვილეში კი ის უძღები შვილია, რომელიც სახლში დაბრუნდა და სიმართლეს ამბობს. დიახ, ეს ჭეშმარიტებაა – ჩვენ ვართ ღმერთი, რადგან ჩვენშია ღმერთი! თქვენ არ მოგწონთ მარსზე აღზრდილი დედამიწელის ზოგიერთი საქციელი? ესეც ღმერთობის ნაწილია – ღმერთმა საკუთარი ნაწილი ჩვენში ჩაასახლა და ამასთან ერთად თავისუფალი ნებაც გვიბოძა, რათა შეცდომებიც დავუშვათ… ჩვენ ღმერთები ვართ, მაიკლიც ღმერთია, ღმერთობა კი არასდროს ყოფილა ადვილი… მეტი

განპყრობილები

ხშირად მსმენია, რომ მკითხველთა ნაწილი სამეცნიერო ფანტასტიკას არასერიოზულ საკითხავად მიიჩნევს. მომავალი, რომელიც შეიძლება არასდროს დადგეს, მათთვის საინტერესო არ არის… არადა, სინამდვილეში ეს მხოლოდ მომავალი კი არა, წარსული და აწმყოცაა… ამაში (და ჟანრის სხვა ღირსებებში) კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, თუ ურსულა ლე გუინის “განპყრობილებს” გადაშლით… მეტი

ლავკრაფტი სიგიჟის მთებთან

მსოფლიოში ალბათ დღემდე უამრავი გამოუკვლეველი ადგილია… და ვინ იცის, სად რა იმალება. მეცნიერები ნელ-ნელა იპყრობენ აუთვისებელ ტერიტორიებს და ერთ “მშვენიერ” დღეს შეიძლება ლავკრაფტის სამყაროც გაცოცხლდეს… მკვლევარებმა სიგიჟის მთებთან ამოყონ თავი და ენით აღუწერელი საშინელება ნახონ – ისეთი, სისხლს რომ გაუყინავთ და იმ დღეს დააწყევლინებთ, ამ ადგილს რომ მიუახლოვდნენ… ან “ჯადოსნური” ქოფაკის ხმა მოანდომებთ სიკვდილს, დანვიჩის საშინელება შეაძრწუნებთ, ან კი სულაც ერიხ ზანის “არარსებული” მუსიკა მოესმებათ… ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს – სადმე, ოდესმე… ლავკრაფტის სიგიჟის მთებთან…
მეტი

ბუნდოვანი ცხოვრება

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფილიპ დიკის სამყაროში! მარსიანელთა შემოტევას ან ალტერნატიულ რეალობას ელით? აქ სულ სხვა – ბევრად უარესი რამ დაგხვდებათ. ეს ხომ უბრალოდ წიგნი არ არის. ეს არის რექვიემი, რომელიც ფილიპმა საკუთარ თავსა და დაღუპულ (პირდაპირი ან გადატანითი მნიშვნელობით) მეგობრებს მიუძღვნა… და ალბათ ჩვენც… მან ჩვენთვის დაწერა ნაწარმოები ადამიანებზე, რომლებმაც რეალობისგან გაქცევა (სხვადასხვა მიზეზით) ნარკოტიკების მიღების გზით გადაწყვიტეს და შედეგად მიიღეს დანგრეული ცხოვრება… ცხოვრება? არა, ალბათ უფრო სიკვდილი, რომელსაც ოფიციალური სახის მისაღებად მხოლოდ გარდაცვალების მოწმობაღა სჭირდება… სხვაგვარად ვერ დავახასიათებთ მათ არსებობას… სხვას ვერაფერს ვუწოდებთ ცხოვრებას, რომელიც ჰალუცინაციებზე, ფსიქოზებსა და ამნეზიებზეა დაფუძნებული… ცხოვრებას, რომელსაც არ აქვს მკვეთრი ფერები… ცხოვრებას, რომელიც მოჩანს “ბუნდოვნად, სკანერში”… მეტი

Previous Older Entries