სესილიას ქმრის საიდუმლო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სიდნეიში, კერძოდ კი მის მშვიდ უბანში! აი, ეს სესილია ფიცპატრიკია – ძალიან აქტიური ქალი, რომელსაც შესანიშნავი ქმარი და უსაყვარლესი გოგონები ჰყავს. ეს ხანშიშესული ქალბატონი რეიჩელია, რომელმაც წლების წინ ქალიშვილი დაკარგა, მაგრამ ახლა ვაჟისა და შვილიშვილის გამო აგრძელებს ცხოვრებას. აი, ეს კი ტესია – წარმატებული ქალი, რომელიც მშვენივრად უძღვება სარეკლამო ბიზნესსა და ოჯახს… მაგრამ ერთი წუთით მოიცადეთ! რა უნდა ტესს სიდნეიში? ის ხომ აქ აღარ ცხოვრობს… არაფერი საგანგაშო! ალბათ ფეხმოტეხილი დედის მოსავლელად ჩამოვიდა… თუმცა აქ ნამდვილად რაღაც ხდება – სესილია, რომელიც ყოველთვის ულევი ენერგიით გამოირჩევა, აშკარად ცუდად გრძნობს თავს, რეიჩელი ისევ გამუდმებით გარდაცვლილ ქალიშვილზე ფიქრობს (რა თქმა უნდა, დედებს შვილები არასდროს ავიწყდებათ, თუმცა რეიჩელს ერთგვარი აკვიატებაც კი აქვს), ტესი კი შვილისთვის ახალ სკოლას არჩევს… რა ხდება? რა და ის, რაც ხდება ყველგან და ყოველთვის – ერთი შეხედვით ბედნიერი საზოგადოება უამრავ საიდუმლოს მალავს და დიდი პატარა ტყუილებით კვებავს საკუთარ თავსაც და გარშემომყოფებსაც. სესილია მხოლოდ ქმრის წერილის აღმოჩენის შემდეგ უტყდება საკუთარ თავს, რომ ჯონ-პოლი ხშირად იქცეოდა უცნაურად (შეუძლებელია ადამიანი ასეთ საიდუმლოს მალავდეს და ცოლმა ვერაფერი შენიშნოს), რეიჩელი ოჯახის სხვა კონტინენტზე გადასვლის შემდეგ იწყებს ფიქრს შვილის მკვლელზე, ტესი კი ქმრის ღალატის შემდეგ აანალიზებს საკუთარ ხასიათსა და ურთიერთობებს… სამივე ერთად კი დგება ერთი დილემის წინაშე – რამდენად ღირს პატიება? მგონი, პატიებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა დავიწყებაც შეგიძლია… მე ასე მგონია, მაგრამ მათ? მეტი

ქალი ხავერდის ყელსაბამით

ალექსანდრე დიუმას პარიზს ალბათ ყველა იცნობს. მის მიერ შექმნილი  მუშკეტერების, გრაფი მონტე-კრისტოსა და უკანასკნელი ვალუების ამბები ბიბლიოფილთა უმეტესობისთვის ბედნიერ ბავშვობასთან ასოცირდება და რა გასაკვირია, თუ ამ ადამიანის ყოველი “ახალი” წიგნის გადაშლისთანავე თავბრუდამხვევ ისტორიაში გადავეშვებით ხოლმე.  ასე მოხდა მაშინაც, როდესაც “ქალი ხავერდის ყელსაბამით” აღმოვაჩინე (ვერ მოგატყუებთ და ვერ გეტყვით, რომ ზემოთსენებულ სერიებს შეედრება, მაგრამ ფრიად საინტერესო მონათხრობი კი გახლავთ) – კისრისტეხით “გავიქეცი” მორიგი თავგადასავლისკენ… მეტი

ჩიტები სასიკვდილოდ პერუში მიფრინავენ

ჩიტები სასიკვდილოდ პერუში მიფრინავენ… რომენ გარი შორს არ წასულა – პარიზში დაასრულა სიცოცხლე… განშორდა იმ სამყაროს, რომელშიც ბარბითზე უკრავენ, კაცთმოყვარეობა, ხელოვნება, საშობაო ზღაპრები, გმირობა, სიყვარული, ერთგულება, პროგრესი, უმანკოება და დიდება, ისტორია და სიგიჟე სულ სხვაგვარად ესმით… ალბათ ამიტომ მიიღო რომენმა ასეთი გადაწყვეტილება და არა ნერვიული დეპრესიის გამო, რომელიც მას შემდეგ სტანჯავდა, რაც ზრდასრული გახდა… არც ჯინ სებერგზე დარდის გამო, რომელსაც 10 წლით ადრე დაშორდა… უბრალოდ პერუში გაფრენა უნდოდა და სხვა გზა ვერ იპოვა… სხვაგვარად ვერ გაჰყვა ჩიტებს… მეტი

თილისმა სტივისგან

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სტივენ კინგის სამყაროში! ამჯერად ის პიტერ სტრაუბთან ერთად გვეპატიჟება ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ამერიკაში… და პარალელურ რეალობაში… ან იქნებ რეალობებში? ეს არავინ იცის ჯეკ სოიერისა და კიდევ რამდენიმე რჩეულის გარდა (მათ შორის ვართ ჩვენც – მისტერ კინგის ერთგული მკითხველები). სწორედ პატარა ჯეკთან ერთად მივყვებით ათასი ფათერაკით სავსე გზას და ვცდილობთ, რომ აღმოვაჩინოთ თილისმა გადავარჩინოთ მისი დედა და ზოგადად სამყარო… მეტი

დაბრუნება ჭიანჭველების სამყაროში

shop_product_image_161001[1]გახსოვთ, დაახლოებით ერთი წლის წინ “ჭიანჭველებზე” რომ ვისაუბრეთ? მაშინ ბერნარ ვერბერის წიგნის ქართული თარგმანი ახალი გამოსული გახლდათ და ლიტერატურის მოყვარულთა დიდი ნაწილი ღრმად იყო ჩაფლული ჭიანჭველების სამყაროში – დიდი მონდომებით ვეძებდით სარდაფში დაკარგულ ჯონათანსა და სხვა ადამიანებს და თან მწერების “გაადამიანურების” პროცესს ვაკვირდებოდით. მეტი

13/11/15

12043007_531721733649924_1790644383643631334_n13/11/15 – ეს თარიღი სისხლით ჩაიწერა საფრანგეთის ისტორიაში. პარიზის ტერქტმა მსოფლიო შეძრა. ამის მიზეზი კი, გარდა ტრაგედიის მასშტაბურობისა, გაოცება გახლდათ. ნუთუ შესაძლებელია, რომ 21-ე საუკუნეში შუაგულ ევროპაში ასეთი რამ მოხდეს? ნუთუ ადამიანი არსადაა დაცული? ნუთუ შეიძლება, რომ საყოველთაო თავისუფლებაზე აგებული დასავლეთი განადგურდეს? იქნებ 13/11/15 დასასრულის დასაწყისია? მეტი

ეს რომ მოხდარიყო…

shop_product_image_136154ბედისწერის გჯერათ? მე მჯერა და მგონია, რომ თითოეული ქმედება და, შესაბამისად, ცალკეული ადამიანების, ქვეყნებისა და ზოგადად მსოფლიოს ბედიც წინასწარაა განსაზღვრული… თუმცა ლიტერატურა სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ფანტაზიას გასაქანი მივცეთ და წარმოვიდგინოთ ის, რაც არ მომხდარა, მაგრამ რომ არა ბედისწერის უხილავი ხელი, შეიძლებოდა მომხდარიყო…

პირველ რიგში ფილიპ დიკის დაშვებაზე დავფიქრდეთ. რა მოხდებოდა, მეორე მსოფლიო ომი გერმანიასა და იაპონიას რომ მოეგოთ? ბევრი ქართველიც ხომ ფიქრობდა, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა (მეც მათ დავეთანხმებოდი, რომ არა გერმანიის ნაცისტური პოლიტიკა და თავად ჰიტლერი)… მისტერ ფილიპის ალტერნატიულ რეალობაში ასეც ხდება და ამერიკა ისევ მონობის მორევში ეფლობა. სამყაროს მბრძანებლები ნაცისტები გამხდარან და მსოფლიო იაპონიასთან გაუნაწილებიათ, თავად ფიურერი კი დაბერებულა და მისი თანამდებობა ბორმანს დაუკავებია (არც ისე დიდი ხნით)… სწორედ ასეთ პირობებში უწევთ ცხოვრება წიგნის გმირებს… მათთან ერთად ჩვენც… მერწმუნეთ, გამარჯვებული ნაციზმის პირობებში ცხოვრება ძალიან რთულია – ბევრად უფრო რთული, ვიდრე საომარ მდგომარეობაში მყოფი გერმანიის ტერიტორიაზე… რთულია იყო ებრაელი და გარეგნობას იცვლიდე; ებრაელის ყოფილი ცოლობის ტვირთი ატარო; იაპონელებს ფეხქვეშ გაეგო მაშინ, როცა ოდესღაც დიადი ამერიკის შვილი ხარ; რაიხის ან იაპონიის “სრულუფლებიანი” წარმომადგენელი იყო დაპყრობილ ტერიტორიაზე; საიდუმლოდ დარჩენის მიზნით შვედად “გარდაიქმნა” მაშინ, როცა შვედური ძლივს გესმის… არც მაღალ კოშკში გამოკეტილი მწერლის სახელის ტარებაა ადვილი. მით უფრო მაშინ, როდესაც ყველა სხვა გმირი შენს “ალტერნატიულ” ისტორიას კითხულობს და ვერც კი ხვდება სად არის რეალობა და სად გამონაგონი… ბოლო-ბოლო ვინ გაიმარჯვა – მოკავშირეებმა, როგორც ეს აბენდსენის წიგნში წერია, თუ ფაშისტებმა, როგორც დიკმა დაუშვა? ამ კითხვაზე პასუხს ალბათ სამკითხაო წიგნიც კი ვერ გაგვცემს… მეტი

ჭიანჭველების სამყაროში

11149726_410392939141353_8179935701897343540_oგიფიქრიათ ოდესმე ჭიანჭველებზე? მე არა. ამ მწერებისთვის ყურადღება არასდროს მიმიქცევია, მაგრამ ბერნარ ვერბერმა ჩემი შეხედულება ძირფესვიანად შეცვალა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჯონათანსა და მის ოჯახთან ერთად ბიძია ედმონის დატოვებულ სახლში “გადავბარგდი”. მათი ახალი ცხოვრების პარალელურად ზემოთხსენებული ბიძის წიგნსა და თავად წიგნის გმირებს – ჭიანჭველებს – გადავეყარე. ნელ-ნელა ჭიანჭველებმა მთლიანად დაიპყრეს ჩემი გონება (წიგნის “ადამიანი” გმირებისაც) და მათი ქალაქის, საეჭვო ვითარებაში მოკლული მზვერავების, გამოძიებისა და დაპირისპირებების ისტორიამ ისე ჩამითრია, რომ სარდაფში დაკარგული ადამიანების ამბავი არც გამხსენებია… ჭიანჭველა უფრო სწრაფად იქცა ჩემს თვალში ადამიანად, თუ ადამიანი ჭიანჭველად, ვეღარც კი მივხვდი… და ასე დაბნეულმა ჩავამთავრე კითხვა. ვერ გეტყვით, რომ მარტივი საკითხავი გახლავთ, თუმცა თხრობა სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა, დასასრულისკენ კი ისეთი რაღაცები მოხდა ,რომ… რომ დავფიქრდი – იქნებ ჭიანჭველები ჩვენზე უფრო მეტად იმსახურებენ “უმაღლესი არსების” წოდებას? იქნებ სულ ტყუილად ვეძებთ გონიერ არსებებს სხვა პლანეტებზე და ისინი ახლაც ჩვენს გვერდით არიან ნებისმიერი ცოცხალი არსების სახით? მგონი, არ იქნება ურიგო თუ ამაზე ვიფიქრებთ… და ბნელ სარდაფებს მოვერიდებით 🙂

P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. თარგმანი შემოგვთავაზა გამომცემლობამ “წიგნები ბათუმში”. სულ მალე კი გაგრძელებებსაც შემოგვთავაზებს 🙂