მრისხანების მტევნები

მორიგი ახალი წიგნის გადაშლისას რას ელით? ალბათ ჩემსავით ახალ ემოციას, რომელიც ყოველ ჯერზე განსხვავებულია… ჯონ სტაინბეკის “მრისხანების მტევნების” ფურცლებიდან დაუვიწყარი ემოცია მოედინება – უსაზღვრო მრისხანება, უსამართლობა და იმედი… ოკლაჰომიდან “აღთქმულ მიწაზე” – კალიფორნიაში – გადაბარგებული ჯოუდების ამბავი გულგრილს ვერ დაგტოვებთ, რადგან სახლის დაკარგვის შემდეგ “ბედნიერების” გზაზე დამდგარი ოჯახის ისტორიაში ყალბი არაფერია. ჯონ სტაინბეკს ხომ საკუთარი თვალით უნახავს ყველაფერი – “დროებით” საცხოვრებელს შეფარებული ღატაკი ამერიკელები, რომლებსაც მონებივით ექცევიან, დაუნდობელი ჩინოვნიკები, ბიზნესმენები, პოლიციელები, სასულიერო პირები, შიმშილი, დამცირება, იმედების მსხვრევა და ამასთანავე დიდი იმედი… დიახ, იმედი ყოველთვის არსებობს. მაშინაც კი, როდესაც თითქოს ყველაფერი დამთავრდა. მერე რა, რომ მსოფლიოში არაფერი შეცვლილა… წიგნის გამოცემიდან 80 წლის შემდეგ მრისხანების მტევნები ისევ მწიფდება ჯოუდების მსგავსი ადამიანების სულში… იმედი მაინც არსებობს, სანამ არსებობენ დედა ჯოუდის მგსგავსი შეუდრეკელი ადამიანები, ტომ ჯოუდი და სხვები… ადამიანები, რომლებც ბოლო ლუკმას უნაწილებენ ერთმანეთს და ერთად იბრძვიან თუნდაც ბუნდოვანი, მაგრამ მაინც მომავლისთვის… მეტი

სტუმრად კონსერვის რიგში

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კონსერვის რიგში! აი, ლი ჩონგის მაღაზია. არ მოგერიდოთ, ჩინელი მეპატრონე კეთილი კაცია და ნისიადაც მოგცემთ სასურველ პროდუქტს. მერე “დათვის დროშაში” შეიარეთ და ბორდელის მეპატრონე დორას (შემდეგ მის მემკვიდრე ფაუნას) გაესაუბრეთ. ვისკი გნებავთ? იდას მიმართეთ და შემდეგ აუცილებლად შეიხედეთ “მაწანწალების სასახლეში”. მაკი და მისი ძმაკაცები გელიან. ბიოლოგიური ლაბორატორიის მესაკუთრეს – დოკს – ჯერ დღესასწაული უნდა მოუწყონ, შემდეგ კი ტკბილ ხუთშაბათს ცოლი შერთონ. რატომ? იმიტომ, რომ დოკი ჯიგარია და კიდევ იმიტომ, რომ მონტერეიში ადამიანები ერთი ოჯახივით ცხოვრობენ – ერთად უხარიათ, ერთად სწყინთ, ერთად ქმნიან იმ სევდიან და ამასთანავე მხიარულ ისტორიებს, რომლებიც ერთდროულად ცრემლსაც იწვევენ და ხმამაღალ სიცილსაც… ჯონ სტაინბეკი ხომ ის ადამიანია, რომელმაც შექმნა ტორტილა ფლეტის სამყარო – სიკეთით სავსე ქალაქი… მეტი

მეფე ართური და ამერიკა

სათაურს რომ წაიკითხავთ, ალბათ იფიქრებთ, მეფე ართურს ამერიკაში რა უნდაო 🙂 ეს ნახევრად ლეგენდარული მეფე ხომ კამელოტში ცხოვრობდა… სამაგიეროდ მისი პირველი მინისტრი (მარკ ტვენის მიერ შექმნილი) გახლდათ წმინდა წყლის ამერიკელი – შუაგული კონეკტიკუტიდან. თან ეს ბატონი იანკი მე-6 საუკუნის კამელოტში მე-19 საუკუნიდან მოხვდა და სხვა რაღა დარჩენოდა – პროგრესი უნდა დაენერგა რომანტიკოსი რაინდებით დასახლებულ ქვეყანაში. მანაც არ იზარმაცა და ისეთი “ჯადოსნური” ნივთები შემოიტანა ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ “აფერისტი ჯადოქარი” მერლინიც კი დაჩრდილა. 13 საუკუნით ადრე შეიქმნა ტელეფონი, ელექტროენერგია, მძიმე საჭურველი და შუბი თანამედროვე იარაღმა ჩაანაცვლა…მოკლედ, კამელოტი სულ მთლად გადასხვაფერდა და ჯერ აღმოუჩენელ ამერიკას დაემსგავსა, მაგრამ არსებობს ისტორიის ეპიზოდები, რომლებსაც ვერავინ და ვერაფერი შეცვლის… მეტი

მოგზაურობა ამერიკაში ჩარლისთან ერთად

“მოგზაურობა – ეს ინდივიდუალურია, ორი ერთნაირი არ არსებობს…მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ ყველასთვის ნათელი ხდება, რომ ჩვენ კი არ ვმართავთ მოგზაურობას, არამედ მოგზაურობა გვმართავს ჩვენ”

მოგზაურობა რომ კითხვაზე არანაკლებ სასიამოვნო საქმიანობაა, ალბათ იცით 🙂 ამიტომ შუაგულ ზაფხულში მე და ჩემი “ლიტერატურული ზურგჩანთა” ამერიკის ტრასაზე გავედით და ჩვენს ფეხებთან ფრიად სიმპათიურმა სატვირთო მანქანის მსგავსმა ავტომობილმა დაამუხრუჭა… და იცით ვინ მიგვიპატიჟა? თავად ჯონ სტაინბეკმა და მისმა მოხუცმა პუდელმა ჩარლიმ 🙂 ასეთ მასპინძლებს უარს როგორ ვეტყოდით. ჰოდა, ჩავსხედით “როსინანტად” წოდებულ “სახლ-მანქანაში” და გზას გავუდექით 🙂

თავიდან ცოტა არ იყოს და გამიკვირდა – ჯონს ამერიკა ამ მოგზაურობამდეც შემოვლილი ჰქონდა და წესით ახალი მიზანი უნდა შეერჩია (როგორც მანამდე – საქართველო, უკრაინა და ა.შ.). თუმცა შემდეგ თავადვე გამიმხილა მიზეზი – ცოტა ხნით ადრე ავად ყოფილა და ეს მოგზაურობა ერთგვარი გამომშვიდობებაც კი იყო ამერიკასთან, იმ ამერიკასთან, რომელიც მის ყველა ნაწარმოებში ასე კარგად არის ნაჩვენები. ჩარლისთან ერთად მოგზაურობისას ჯონმა უკანასკნელად მოინახულა საყვარელი (უკვე გაზრდილი) ქალაქები და ხალხი (უკვე სხვანაირად მოაზროვნე)… მეტი

ზაფხული ნობელიანტებთან ერთად

გიუნტერ გრასის “თუნუქის დოლი” – ერთ მშვენიერ დღეს, კერძოდ კი თავის მესამე დაბადების დღეზე, ოსკარ მაცერატმა გადაწყვიტა, რომ აღარ გაზრდილიყო… ეს გადაწყვეტილება იყო და არა უბედური შემთხვევა… ეს იყო პროტესტი. ეს იყო გიუნტერ გრასის და ოსკარ მაცერატის ერთობლივი პროტესტი გერმანული ტრაგედიის წინააღმდეგ. სწორედ ასეთი გროტესკული პიროვნების – მახინჯი, გაბოროტებული, თუნუქის დოლით შეიარაღებული, უძლიერესი ხმის მქონე ოსკარის – მეშვეობით მოახერხა გრასმა ფაშიზმის და ზოგადად გერმანული საზოგადოების მხილება (მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება ქალაქ დანციგში ხდება და არა ბრძოლის ველზე)… დიახ, ეს გერმანიისა და მთელი აბსურდული სამყაროს სახეა, რომელსაც მედოლე თუნუქის დოლის მეშვეობით გადმოგვცემს, იმ სამყაროსი, რომელიც სიკეთესა და ბოროტებას შორის იხლიჩება… მედოლის გაბმული სოლო მარტივი საკითხავი ნამდვილად არ არის, თუმცა თუ “გაუძლებთ” (უმბერტო ეკოსი არ იყოს), აუცილებლად “გაიზრდებით”… მეტი

ამერიკული დეკემბერი

BookFireplace_112511_rn_tif_უილიამ ბეროუზის “ჯანქი” – ეს არის ავტობიოგრაფიული რომანი, რომელშიც უილიამ ბეროუზი თავის ნარკოტიკით გაჟღენთილ ცხოვრებას აღწერს. ისიც ტრადიციული ნარკომანია – მხოლოდ “ჯანქზე” ფიქრობს და დარწმუნებულია, რომ ყველაფერს აკონტროლებს. სინამდვილეში  ნარკოტიკი სტიმულირების საშუალება სულაც არ არის. ეს ე.წ. “გართობა” ბოლოსდაბოლოს ჩვევაში გადაიზრდება და “ჯანქი” მის არსს მხოლოდ პირველი “ლომკის” დროს ჩაწვდება… თითქოს ბეროუზი ნარკომანიის საწინააღმდეგოს არაფერს ამბობს და მშრალად გვიყვება ამბებს, მაგრამ შეუძლებელია, რომ მისი მდგომარეობის აღწერამ სიძულვილი არ გამოიწვიოს “ჯანქის” მიმართ… თან ისიც უნდა გავითვილისწინოთ, რომ უილიამს ეკუთვნის სიტყვები: “ჩემი რჩევა ახალგაზრდებს – უბრალოდ უთხარით არა ნარკოისტერიას!” მეტი

ჯონ სტაინბეკი და მღელვარების ზამთარი

ჯონ სტაინბეკის მიმართ რომ გულგრილი არ ვარ, ერთხელ უკვე ვთქვი. ორიოდე წლის წინ ზაფხულის არდადეგები თითქმის სულ მას “მიეძღვნა”, შარშანდელ საზაფხულო მოგზაურობებშიც მიიღო მონაწილეობა და თავის ჟანრში ფავორიტ მწერლებში გადაინაცვლა.

ყველაფერი “მარგალიტით” დაიწყო. მექსიკურ ლეგენდაზე დაფუძნებული ისტორია იმისა, თუ როგორ გამდიდრდნენ მოულოდნელად კინო და ხუანა და როგორ შემობრუნდა ორჯერ მათი ბედის ბორბალი, ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა. შემდეგ იყო “სამოთხის საძოვრები” – მოთხრობები ერთი ამერიკული ველის მოსახლეობის ცხოვრების შესახებ, “თაგვებსა და ადამიანებზე” – უნარშეზღუდულ ადამიანზე, “კვარტალი ტორტილა-ფლეტი” – ასევე მოულედნელ გამდიდრებაზე, “გზააბნეული ავტობუსი” – გზაზე დაკარგულ სხვადასხვა ტიპის ადამიანებზე, “მრისხანების მტევნები” – ამერიკელების ცხოვრებაზე კრიზისის დროს (ჩემი მოკრძალებული აზრით, საუკეთესოა სტაინბეკის ნაწარმოებთა შორის, ტომ ჯოუდი კი ამ ეპოქის თავისებური სიმბოლოა), “რუსული დღიური” – შთაბეჭდილებები საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში მოგზაურობის შემდეგ (ასევე ჩემი მოკრძალებული აზრით, საუკეთესოა ამ თემაზე დაწერილ ნაწარმოებებში)… მეტი

ჯონ სტაინბეკი – “რუსული დღიური”

ცხელი ივლისი ჯონ სტაინბეკსა და რობერტ კაპასთან ერთად მეორე მსოფლიო ომის შემდგომ საბჭოთა კავშირში მოგზაურობით დავასრულე. : ) ჰამსუნის კავკასიური შთაბეჭდილებების შემდეგ საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა მწერლის ასეთი ყურადღება ხალხისა და ქვეყნების კულტურის მიმართ.

მოგზაურობისას სტაიბეკმა და კაპამ მოინახულეს მოსკოვი, სტალინგრადი, კიევი, თბილისი, მცხეთა, ბათუმი, გორი. იმ დროისათვის ეს ქალაქები ერთ ქვეყანაში მდებარეობდა, მაგრამ რეალურად ისინი სამი განსხვავებული ეროვნების ადამიანებით იყო დასახლებული. სწორედ მათი განსხვავებული ხასიათითა და ცხოვრების წესით იყვნენ დაინტერესებულნი მოგზაურებიც.

მოსკოვში ამერიკელებისთვის მთავარი სიურპრიზი ის იყო, რომ ხალხი არასდროს იცინოდა. განსხვავებული სიტუაცია დახვდათ უკრაინაში, სადაც მოსახლეობა უფრო სტუმართმოყვარე, მხიარული და ენერგიულია. მათზე დაკვირვებით სტაინბეკმა ისიც კი დაასკვნა, რომ რეალურად ისინი უფრო ნაკლებად ჰგვანან რუსებს, ვიდრე მსოფლიოში ჰგონიათ.

მოგზაურობის შემდეგი ეტაპი საქართველო იყო. აქ ჩამოსვლამდე სტაინბეკსა და კაპას უკვე სმენოდათ ამ ქვეყანაზე: “სადაც არ უნდა ვყოფილიყავით- იქნებოდა ეს მოსკოვი, უკრაინა თუ სტალინგრადი ყველგან წინ გვხვდებოდა ეს მაგიური სიტყვა – საქართველო. ადამიანები, რომელნიც იქ არასოდეს ყოფილან და ალბათ ვერასოდეს ვეღარც წავლენ, საქართველოზე ლაპარაკობდნენ დიდი გრძნობითა და აღტაცებით. ისინი ქართველებზე ლაპარაკობდნენ როგორც ზეადამიანებზე, კარგ მსმელებზე, დიდ მოცეკვავეებზე, დიდ მუსიკოსებზე, სანიმუშო მშრომელებსა და საყვარლებზე. ქვეყანას, რომელიც მდებარეობს კავკასიაში, შავი ზღვის სანაპიროზე, ისინი იხსენიებდნენ როგორც მეორე სამოთხეს. ჩვენ უკვე მართლა ვრწმუნდებოდით იმაში, რომ რუსების უმრავლესობას სჯეროდა, რომ თუ ისინი კარგად და წესიერად იცხოვრებდნენ, სიკვდილის მერე სამოთხეში კი არა საქართველოში მოხვდებოდნენ.” ჩამოსვლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ: “ეს ქართველები მართლაც სხვანაირები არიან გარეგნობით. ისინი არიან უფრო მუქი, და ბოშებს წააგვანან, ქათქათა თეთრი კბილებით, გრძელი ლამაზად გამოყვანილი ცხვირით, და შავი ხუჭუჭა თმით. თითქმის ყველა კაცი ულვაშიანია, და უფრო ლამაზები არიან ვიდრე ქალები. ისინი არიან გამხდრები და ძლიერები და აქვთ შავი, ბრწყინვალე თვალები. ეს არის ცეცხლოვანი, ამაყი, მგზნებარე და მხიარული ერი. რუსეთის სხვა ერები მათით ძლიერ აღტაცებულნი არიან. ისინი ლაპარაკობენ ქართველების ძლიერებაზე და მათი სიცოცხლით სავსე ხასიათზე.ქართველი კაცები ისე როგორც არც ერთი სხვა ერის წარმომადგენლები, რუს ქალებში სარგებლობენ უდიდესი ავტორიტეტით. ეს არის პოეტური და მუსიკალური ერი, რომელსაც ძალიან უყვარს ცეკვა. მკვიდრად ცხოვრობენ ისინი ბუნებით ნაყოფიერ ქვეყანაში, რომლისთვისაც თავგამოდებით იბრძოდნენ ორიათასი წელი.”

თბილისში კაპამ და სტაინბეკმა თავი ისე იგრძნეს, როგორც საკუთარ სახლში, აღფრთოვანდნენ ქუჩების სისუფთავით, გარემოს სილამაზით, გაუკვირდათ, რომ საქართველოში ასე უყვართ ხელოვნება და ასე სცემენ პატივს “ვეფხისტყაოსანს”, რომ აქ ყველა რელიგიის წარმომადგენლებს აქვთ სალოცავები. შემდეგ გაემგზავრნენ მცხეთაში, დაათვალიერეს ქალაქი და მოისმინეს უფლის კვართის ისტორია.

გორში სტალინის მუზეუმის დათვალიერების შემდეგ მოგზაურებმა მოინახულეს “სასიამოვნო ტროპიკული კურორტი ბათუმი”. აქაც, ისევე როგორც სხვა ქართულ ქალაქებში, ვერ “ასცდნენ” ქართულ ღვინოსა და ბორჯომს. : )

ასე დასრულდა ჯონ სტაინბეკისა და რობერტ კაპას მოგზაურობა სსრკ-ში. მათი მიზანი იყო უბრალო ხალხის გაცნობა და მათ ეს მოახერხეს. თუ წიგნში საქართველოსთვის გამოყოფილი ადგილით ვიმსჯელებთ, ისინი ნამდვილად კმაყოფილნი დარჩნენ ქართველებთან შეხვედრით. სტაინბეკმა ისიც კი თქვა, რომ: “საქართველო ჯადოსნური ადგილია და ხალხიც ჯადოსნურია. მართალია, რომ მათ აქვთ მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი და უმდიდრესი ქვეყანა. და ჩვენ მივხვდით, თუ რატომ გვეუბნებოდნენ რუსები: “სანამ თქვენ არ გინახავთ საქართველო, თქვენ არაფერი გინახავთ”.

P.S. სამწუხაროდ, წიგნი ვერ აღმოვაჩინე და რობერტ კაპას ფოტოებით ვერ დავტკბი. დარწმუნებული ვარ, ილუსტრირებული მონათხრობი უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა. : )

P.P.S. პოსტის გამოქვეყნებიდან ოთხ წელზე მეტი გავიდა და წიგნის ქართული თარგმანიც გამოვიდა. ამ კეთილი საქმის “ავტორი” გამოცემლობა “არტანუჯი” გახლავთ.