ახლა კი გასულ წელს დაველოდოთ

ფილიპ დიკი საოცარი მწერალია, განსაკუთრებული მწერალი. მისი სამყარო განუმეორებელია და არც 2055 წლის დედამიწაა გამონაკლისი. ჩვენი პლანეტა ომშია ჩართული, თუმცა მოკავშირეებთანაც არ აქვს შესაშური ურთიერთობა… მაგრამ ეს უბრალოდ ფონია. მთავარი, ისევე როგორც ფილიპის სხვა წიგნებში, ერთი უბრალო ადამიანია, რომელიც ნარკოტიკულმა ნივთიერებამ ილუზორულ დროში გადაისროლა… ან პარალელურ სამყაროში… წარსულსა და მომავალში… და რა შეიცვალა? არც არაფერი. პოლიტიკა, ადამიანური ურთიერთობები, ბრძოლა საკუთარ თავთან ყველა დროში ერთნაირია. რაც უნდა დაიხვეწოს ტექნოლოგიები, წინ წავიდეს სამყარო, ომი ძველებურ სახეს არ კარგავს, არც ქალისა და მამაკაცის ერთობის ნგრევა… მაინც ვერაფერს დავაკორექტირებთ. პარალელურ სამყაროთაგან თითოეული საკუთარ გზას გაივლის… ექიმი ერიკ სვიტსენტის ცხოვრებაც სხვადასხვაგვარი იქნება, თუმცა მაინც ერთნაირი. რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოიგებს ომს, დაშორდება თუ არა ერიკი ცოლს… ის მაინც გადაყლაპავს ნარკოტიკს, რომელიც ნამდვილად თუ ილუზორულად დროში ამოგზაურებს და მაინც დაელოდება გასული წლის დადგომას… მეტი

ფილ დიკის ღმერთი

იცნობთ ფილიპ დიკს? თუ მისი ერთი წიგნი მაინც წაგიკითხავთ, გეცოდინებათ. რომ ის არანორმალურია! დიახ, დიახ, ადამიანი, რომელმაც დაწერა “კაცი მაღალ კოშკში”, “ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?”, “იდინე, ცრემლო, თქვა პოლიციელმა”, “პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა”, “ბუნდოვნად, სკანერში”, “უმცირესობის მოხსენება”, “მოთამაშეები ტიტანიდან” “უბიკი” და სხვა წიგნები, ვერ იქნება ნორმალური! ასეთ წიგნებს ვერ წერენ “წესიერი” მწერლები. ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, თუ მის უკანასკნელ ტრილოგიას წაიკითხავთ, რომელიც “კრავს” მთელს მის შემოქმედებას და ბოლომდე აშიშვლებს მის შინაგან სამყაროს… მეტი

ბუნდოვანი ცხოვრება

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფილიპ დიკის სამყაროში! მარსიანელთა შემოტევას ან ალტერნატიულ რეალობას ელით? აქ სულ სხვა – ბევრად უარესი რამ დაგხვდებათ. ეს ხომ უბრალოდ წიგნი არ არის. ეს არის რექვიემი, რომელიც ფილიპმა საკუთარ თავსა და დაღუპულ (პირდაპირი ან გადატანითი მნიშვნელობით) მეგობრებს მიუძღვნა… და ალბათ ჩვენც… მან ჩვენთვის დაწერა ნაწარმოები ადამიანებზე, რომლებმაც რეალობისგან გაქცევა (სხვადასხვა მიზეზით) ნარკოტიკების მიღების გზით გადაწყვიტეს და შედეგად მიიღეს დანგრეული ცხოვრება… ცხოვრება? არა, ალბათ უფრო სიკვდილი, რომელსაც ოფიციალური სახის მისაღებად მხოლოდ გარდაცვალების მოწმობაღა სჭირდება… სხვაგვარად ვერ დავახასიათებთ მათ არსებობას… სხვას ვერაფერს ვუწოდებთ ცხოვრებას, რომელიც ჰალუცინაციებზე, ფსიქოზებსა და ამნეზიებზეა დაფუძნებული… ცხოვრებას, რომელსაც არ აქვს მკვეთრი ფერები… ცხოვრებას, რომელიც მოჩანს “ბუნდოვნად, სკანერში”… მეტი

პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მომავლის სამყაროში! გგონიათ, რომ იდეალური ცხოვრება გექნებათ? თქვენ ცდებით! აქაურობა ძალიან ჰგავს ჯეისონ ტავერნერისა და ჯო ჩიპის ყოფას და ამასთანავე ძალიან განსხვავდება. ირგვლივ ძალიან ცხელა და ისეთი მოსაწყენია ყველაფერი, რომ მხოლოდ ასე გავრცელებული ნარკოტიკი თუ გიშველით… ან პალმერ ელდრიჩი… თუმცა ვინ იცის… შეიძლება პალმერ ელდრიჩი სულაც არ არის ის, ვინც ჩვენ გვგონია… შესაძლოა ის ჩვეულებრივი ადამიანი იყოს, ან – სულაც ღმერთი, ან – ეშმაკი… ეს არავინ იცის და არც ის იცის ვინმემ, რომელი რეალობაა ნამდვილი… რომელი დრო… რომელი გმირები… მხოლოდ ერთი რამაა ცალსახა – ეს ყველაფერი ფილიპ დიკის მორიგი შედევრია. მან ჩვეული ოსტატობით ჩააქსოვა თავის ქმნილებაში უამრავი ალუზია და შექმნა პალმერ ელდრიჩის სამი სტიგმა!

მეტი

შესანიშნავი რვიანი

ბათუმელები რომ განსაკუთრებული გემოვნებით შერჩეულ გამოცემებს გვთავაზობენ, უკვე დადგენილი ჭეშმარიტებაა. მათი კრებულები რომ შესანიშნავად დაჯგუფებული მოთხრობებისგან შედგება, არც ესაა ახალი. ჰოდა, ახლაც სულ ცხელ-ცხელ და ტრადიციულად კარგ წიგნზე მინდა მოგიყვეთ, რომელიც რვა ძალიან კარგი მწერლის შემოქმედებას აერთიანებს. მეტი

უბიკ(ებ)ის სამყაროში…

Untitledწარმოიდგინეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძეთ, მთქნარებით მიხვედით მადუღარასთან და ყავის მაგივრად სულ სხვა რამემ გამოგაფხიზლათ – მადუღარამ 5 ცენტი მოგთხოვათ! დიახ, თქვენ შეიძლება შოკში ჩაგაგდოთ ამ ფაქტმა, მაგრამ ფილიპ დიკის სამყაროში ასეთი რაღაცები ჩვეულებრივ ამბად ითვლება. მერე რა, თუ მაცივარი გასამრჯელოს გარეშე არ იღება და არც კარი გატარებთ უსასყიდლოდ. სამაგიეროდ შეგიძლიათ სიკვდილის მერეც იცხოვროთ (თუ შეიძლება თუნდაც ნახევარ-სიცოცხლე ვუწოდოთ “საყვარელ ძმათა მორატორიუმში” არსებობას). თუ ამაში ეჭვი გეპარებათ და მაინც განერვიულებული ხართ, არც ესაა პრობლემა. წაბრძანდით აფთიაქში და შეიძინეთ დამამშვიდებელი საშუალება უბიკი. შემდეგ ფასიანი ლიფტით ისევ სახლს დაუბრუნდით და მიირთვით გემრიელი უბიკი, დააყოლეთ უბიკი და წაიკითხეთ უბიკი… რაღაც ძალიან ბევრი უბიკი ხომ არ არის გარშემო? ძალიან ხომ არ გამრუდდა აწმყო? ან იქნებ ეს სულაც არ არის აწმყო და წარსულია, ან მომავალი? და იქნებ თქვენ რომ ახლა ამაზე ფიქრობთ, ვიღაც ამ თქვენს ფიქრებს ხედავს? ხომ არ აჯობებს, რომ ინერციალების ჯგუფი დაიქირავოთ და ტელეპატებისგან დაცვა სთხოვოთ? მაგრამ ხომ ნახეთ რა დაემართათ ჯო ჩიპს და მის თანამებრძოლებს? არ ვიცი, არ ვიცი რა უნდა ქნათ… შეიძლება ფილიპ დიკმა იცოდეს, ან მანაც ვერ გიპასუხოთ… ვინ იცის… მეტი

მომავლის სამყარო დიკისგან

მომავლის სამყაროზე რამდენი წიგნი წაგიკითხავთ? თუ სამეცნიერო ფანტასტიკა გიზიდავთ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი. მათ შორის იქნებოდნენ დიდებული რეი ბრედბერი და აიზეკ აზიმოვი, თუმცა თუ ფილიპ კ. დიკს არ იცნობთ, ჩათვალეთ, რომ მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილი არ გინახავთ. რატომ? ახლავე გიამბობთ. მეტი

ეს რომ მოხდარიყო…

shop_product_image_136154ბედისწერის გჯერათ? მე მჯერა და მგონია, რომ თითოეული ქმედება და, შესაბამისად, ცალკეული ადამიანების, ქვეყნებისა და ზოგადად მსოფლიოს ბედიც წინასწარაა განსაზღვრული… თუმცა ლიტერატურა სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ფანტაზიას გასაქანი მივცეთ და წარმოვიდგინოთ ის, რაც არ მომხდარა, მაგრამ რომ არა ბედისწერის უხილავი ხელი, შეიძლებოდა მომხდარიყო…

პირველ რიგში ფილიპ დიკის დაშვებაზე დავფიქრდეთ. რა მოხდებოდა, მეორე მსოფლიო ომი გერმანიასა და იაპონიას რომ მოეგოთ? ბევრი ქართველიც ხომ ფიქრობდა, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა (მეც მათ დავეთანხმებოდი, რომ არა გერმანიის ნაცისტური პოლიტიკა და თავად ჰიტლერი)… მისტერ ფილიპის ალტერნატიულ რეალობაში ასეც ხდება და ამერიკა ისევ მონობის მორევში ეფლობა. სამყაროს მბრძანებლები ნაცისტები გამხდარან და მსოფლიო იაპონიასთან გაუნაწილებიათ, თავად ფიურერი კი დაბერებულა და მისი თანამდებობა ბორმანს დაუკავებია (არც ისე დიდი ხნით)… სწორედ ასეთ პირობებში უწევთ ცხოვრება წიგნის გმირებს… მათთან ერთად ჩვენც… მერწმუნეთ, გამარჯვებული ნაციზმის პირობებში ცხოვრება ძალიან რთულია – ბევრად უფრო რთული, ვიდრე საომარ მდგომარეობაში მყოფი გერმანიის ტერიტორიაზე… რთულია იყო ებრაელი და გარეგნობას იცვლიდე; ებრაელის ყოფილი ცოლობის ტვირთი ატარო; იაპონელებს ფეხქვეშ გაეგო მაშინ, როცა ოდესღაც დიადი ამერიკის შვილი ხარ; რაიხის ან იაპონიის “სრულუფლებიანი” წარმომადგენელი იყო დაპყრობილ ტერიტორიაზე; საიდუმლოდ დარჩენის მიზნით შვედად “გარდაიქმნა” მაშინ, როცა შვედური ძლივს გესმის… არც მაღალ კოშკში გამოკეტილი მწერლის სახელის ტარებაა ადვილი. მით უფრო მაშინ, როდესაც ყველა სხვა გმირი შენს “ალტერნატიულ” ისტორიას კითხულობს და ვერც კი ხვდება სად არის რეალობა და სად გამონაგონი… ბოლო-ბოლო ვინ გაიმარჯვა – მოკავშირეებმა, როგორც ეს აბენდსენის წიგნში წერია, თუ ფაშისტებმა, როგორც დიკმა დაუშვა? ამ კითხვაზე პასუხს ალბათ სამკითხაო წიგნიც კი ვერ გაგვცემს… მეტი

იდინე ცრემლო, თქვა პოლიციელმა

flow-my-tears-the-policeman-said-coverგიოცნებიათ ოდესმე “სელებრითობაზე”? რა თქმა უნდა, არ არის ურიგო, როცა ყველა გცნობს, ყოველკვირეულად მრავალმილიონიანი აუდიტორია უყურებს შენს სატელევიზიო შოუს და შენი ერთადერთი საფიქრალი შემოსავლის დახარჯვის გზების ძიებაა… თუმცა ერთ “მშვენიერ” დღეს შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დადგეს. როგორ? ამას ჯეისონ ტავერნერი განგიმარტავთ. მან ეს საკუთარი გამოცდილებით იცის…

ერთხელ ჯეისონ ტავერნერმა საავადმყოფოს პალატის ნაცვლად სასტუმროს ბინძურ ოთახში გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ მას არავინ იცნობს, უფრო სწორად კი, ის საერთოდ არ არსებობს. მისი მონაცემები თვით გესტაპოსა და “კაგებეზე” უფრო ძლევამოსილ პოლიციასაც კი არ აქვს… ამიტომაც ოფიციალურად ის სახელმწიფოს მტრად მიიჩნევა და ისევე იდევნება, როგორც ყველა მოაზროვნე (ამ ქვეყანაში ხომ სტუდენტობა უკვე დანაშაულია)… თავად კი არც კი იცის, რა იფიქროს. რა არის ეს – ალტერნატიული რეალობა, სრული სინამდვილე, უცნაური ილუზია, სიზმარი, ხუმრობა თუ რაიმე სხვა? თუმცა ამას ამ წუთისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ტავერნერი გაექცეს პოლიციას, რომელიც თვალს არ აცილებს და სიფრთხილით შეხედოს იმ ადამიანებს, რომლებსაც “ახალ” ცხოვრებაში ხვდება. არავინ იცის, ვინ არის დაკავშირებული პოლიციასთან… არავინ იცის საიდან იყურება ყოვლისმხედველი თვალი… მოახერხებს ჯეისონ ტავერნერი გადარჩენასა და საკუთარი თავის დაბრუნებას? ეს თავად უნდა ნახოთ…

P.S. თუ დაინტერესდით, წიგნს მარტივად მოიძიებთ. ის ბათუმელების “ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” მორიგი წიგნია.

ფანტასტიკური ოქტომბერი (ნაწილი I)

კობო აბეს “გამყინვარების მეოთხე პერიოდი” – მცირეოდენი “იძულებითი” შესვენების შემდეგ ისევ ფანტასტიკას დავუბრუნდი (კიდევ რამდენიმე საინტერესო ნაწარმოები დამიგროვდა ამ ჟანრში და ბარემ… : ) ). ამჯერად ჩემს საყვარელ იაპონიაში “გავემგზავრე”, კერძოდ კი ტოკიოს კვლევით ინსტიტუტში, სადაც წინასწარმეტყველი მანქანის შექმნას ცდილობენ და გზად სხვა სამეცნიერო ექსპერიმენტსაც “გადააწყდებიან”. სამეცნიერო ფანტასტიკის გარდა, აქ დეტექტივსაც შეხვდებით – თავისი მკვლელობებით, გამოძიებით და, რაც მთავარია, მოულოდნელი ფინალით… მოკლედ, იაპონია იაპონიაა, კობო აბე კი კობო აბე : ) … მეტი