ნიუარკული ტრაგედია ვაქცინამდე

“ნემესიდამ” კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ყველა წიგნს თავისი დრო აქვს. უბრალოდ ფილიპ როთთან “შეხვედრა” მომინდა და, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნებისმიერი წიგნის გადმოწერა შემეძლო, ის ერთადერთი ავირჩიე, რომელიც ქინდლში აღმომაჩნდა.

…და ამ ერთადერთში აღმოჩნდა დიდი ტრაგედია, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობად იქცა. ჩვენც ზუსტად ისე ვებრძვით უხილავ მტერს, როგორც 1944 წლის ნიუარკში… მაგრამ ერთი განსხვავებით – პოლიომიელიტის ვაქცინა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შეიქმნა, ჩვენ კი გვაქვს ამის საშუალება. შეგვიძლია თავი დავიცვათ და, რაც ყველაზე მთავარია, ერთმანეთი. ჩვენთვის ხომ არ არის უცხო ებრაულ უბანში დატრიალებული უბედურება. ხომ აღარ დარჩა ადამიანი, რომელსაც ოჯახის წევრი თუ არა, სხვა ახლობელი მაინც არ წაართვა თანამედროვე პანდემიამ. ჩვენც ისევე გვენგრევა ცხოვრება, როგორც ბაკს, არნისა და სხვებს, რომლებიც ან შეიწირა ვერაგმა სენმა, ან მომავალი გაუნადგურა. ამიტომ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ღმერთს ან სხვა უხილავ ძალებს კი არ დავაბრალოთ ყველაფერი, არამედ ავიცრათ, დავიცვათ რეგულაციები და გადავრჩეთ – მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი ამერიკელები შესაძლოა ვერ გადარჩენილიყვნენ, მაგრამ ნიუარკში შეეძლოთ… რომ არა ვაქცინის არარსებობა…

P.S. ვერ ვიტყვი, რომ ეს წიგნი ლიტერატურული თვალსაზრისით ფილიპ როთის სხვა წიგნებზე (თუნდაც “პორტნოის სინდრომზე”, რომლის გამოც კიდევ ერთხელ უნდა გადავუხადო მადლობა “დიოგენეს” – რომ არ ეს წიგნი ალბათ ამ ჩემთვის საყვარელ მწერალს მაინც გადავეყრებოდი, მაგრამ უფრო გვიან) უკეთესია. არა, ის ზუსტად ისეთივეა. უბრალოდ, როგორც უკვე ვთქვი, საჭირო დროს გამოჩნდა და ამით დაიმკვიდრა ადგილი ჩემს უბრალოდ საყვარელ წიგნებს კი არა, ფავორიტებს შორის. იმედია, მასაც თარგმნიან.

ჩიტი არ გამოფრინდება

აფხაზეთის ომზე რამდენი წიგნი წაგვიკითხავს? ალბათ უამრავი… დოკუმენტური კადრიც ძალიან ბევრი გვინახავს და დღემდე განვიცდით იმ ტკივილს, რომელსაც მშობლიური მიწის დაკარგვა ჰქვია, მაგრამ ჩვენ – ადამიანები, რომლებიც შორიდან ვუყურებთ ამ ყველაფერს – ვერასდროს გავიგებთ რა გამოიარეს მათ, ვისაც ჩვენ დევნილებს ვეძახით… დევნილებს აფხაზეთიდან, სირიიდან…

თეონა დოლენჯაშვილმა სწორედ ამ ადამიანების ხმა გაგვაგონა. მათი მონათხრობით ჩვენს თვალწინ გააჩხაკუნა კამერა, რომლიდანაც ჩიტი არ გამოფრინდება, გააცოცხლა ომის კადრები – განადგურებული ისტორიული მემკვიდრეობა და მისი ნაწამები მცველები; დანგრეული სახლები; დახვრეტილი დემონსტრანტები; დაბომბვისას სარდაფს შეფარებული ბავშვები, რომლებიც მშობლებს ამაოდ ეძებენ; იძულებით მებრძოლთა რიგებში აღმოჩენილი ახალგაზრდები; ომში მხეცებად ქცეული განათლებული ადამიანები, რომლებიც გამზრდელებსაც კი არ ინდობენ; ცოცხლად დამწვარი ქალწულები; ნაღმზე აფეთქებული პატარები და დიდები…

…და ამ ყველაფრის პარალელურად ცხელი წერტილების ფოტოგრაფი ნატა და მისი გრძელი, დაუსრულებელი გზა სოხუმიდან საკუთარი თავის პოვნამდე. მანამდე კი საკუთარი სახლის მიტოვება; ქართველების და აფხაზების მსხვერპლად ქცეული ადამიანები; შინაგან ომში დამარცხებული კაცები და ქალები, რომლებმაც შვილების, სხვა გაჭირვებული დევნილების გამო საკუთარ თავში არნახული ძალა გააღვიძეს; ჭუბერზე გაყინული შვილები, მოხუცები; თბილისში ჩამოსული, თუმცა ბოლომდე “იქ” დარჩენილი ადამიანები, რომელთაგან ზოგმა უბრალოდ უარი განაცხადა აქ დარჩენაზე და ზეციურ სოხუმში დაბრუნდა, ზოგმა კი გააგრძელა ცხოვრება იმისთვის, რომ სამყაროსთვის ეჩვენებინა ომის რაობა – ის, რომ ომს გამარჯვებული არ ჰყავს. ქართველი, აფხაზი, მუსლიმი თუ ქრისტიანი სირიელი – ყველა ეწირება ამ სასაკლაოს. ყველას დედა ერთნაირად იმოსება ძაძებით და ამას მხოლოდ ერთი რამ შეცვლის – ასეთი წიგნები უნდა დაიწეროს, ამ თემაზე ფილმები და ფოტოები გადაიღონ, ბევრი ილაპარაკონ, მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა დარჩეს ფურცლებზე, კადრებში, ამაო სიტყვებში. ეს არ უნდა წაიშალოს, როგორც თეთრ კედელზე თეთრი ცარცით დაწერილი ომის დღიური და მსოფლიომ უნდა გაიაზროს, რომ მის ნებისმიერ წერტილში აღმოცენებული ომი ყველას გვეხება და ერთ დღეს შეიძლება ყველას მოგვიწიოს იმის გადატანა, რაც ამ ადამიანებმა გადაიტანეს. თუ ყველა ერთად არ ვიმოქმედებთ!

P.S. პანდემიის პერიოდში შედარებით მეტი დრო გვაქვს წიგნებისთვის და შესაბამისად ბევრ კარგ და ნაკლებად კარგ ნაწარმოებს ვკითხულობთ, თუმცა ჩემთვის ამ წიგნის კითხვის პროცესი ამ ორ შეფასებას გასცდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ვიცოდი და ჩემთვის ახალი არაფერი ყოფილა, ყრუ ტკივილი დამიტოვა, რომელიც ალბათ დიდხანს გამყვება.

ღმერთისა და სატანის ბრძოლა ფრანგულად

“სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია” – ფიოდორ დოსტოევსკი

ადამიანების გულებში ღმერთისა და სატანის ბრძოლა იმდენივე წელს ითვლის, რამდენსაც თავად ადამიანი. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ამ თემას მთავარი ადგილი უჭირავს ლიტერატურაშიც და სულაც არ არის აუცილებელი, რომ ეს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ… თუმცა ჟორჟ ბერნანოსისა და გუსტავ ფლობერის წიგნებში ეს ბრძოლა თვალნათლივაა წარმოჩენილი. მეტი

იისფერი ჰიბისკუსი

საშინელი წიგნია… საშინლად ნამდვილი და მტკივნეული… მართალია კამბილი ნიგერიაში ცხოვრობს, მაგრამ მისი და მისი ოჯახის მსგავსი ყოფა აქვთ ჩვენს მეზობლებს, ნათესავებს, ნაცნობებს. ჩვენს ირგვლივ უამრავი ადამიანია, რომელიც კამბილის, ჯაჯასა და ბეატრისის მსგავსად წამებაში ატარებს დღეებს და ამის შესახებ ეჭვიც კი არავის აქვს. ვერავინ წარმოიდგენს, რომ იუჯინის მსგავსი სანიმუშო მამაკაცი – მდიდარი, ქველმოქმედი, ღრმად მორწმუნე კათოლიკე შეიძლება ცოლს ისე სასტიკად სცემდეს, რომ ამ უკანასკნელმა მხოლოდ ორჯერ შეძლო ორსულობის ბოლომდე მიყვანა. ვერც იმას იფიქრებს ვინმე, რომ შვილები მუდმივ სტრესში იზრდებიან და ისიც კი უკვირთ, რომ მათი მამიდაშვილები იცინიან, ლაპარაკობენ, ტელევიზორს უყურებენ, მუსიკას უსმენენ, თავისუფლად იმოსებიან. რეალობას ვერავინ აცნობიერებს, ან იქნებ არც უნდათ იმის აღიარება, რომ “წარმართი” ბაბუა, რომელსაც შვილიშვილების ნახვაც კი ეკრძალება, უფრო ღვთისნიერია, ვიდრე მისი ვაჟი, რომელიც ყველა კათოლიკურ რიტუალს ასრულებს, ნამდვილი ღვთისმსახური კი მამა ამადია, რომელიც ბავშვებს ფეხბურთს ეთამაშება და ეკლესიის გარეთ შორტებით დადის, და არა მამა ბენედიქტი, რომელიც მოძალადე კაცისგან მშვიდად იღებს ფულად დახმარებებს… ეს “თვალდახუჭული” საზოგადოება რომ არა, იქნებ არ მომხდარიყო ის, რაც ამ ოჯახში მოხდა და იქნებ უფრო მალე ეყვავილა იისფერ ჰიბისკუსს… იქნებ არც ნიგერიაში, არც საქართველოში და არც სხვაგან ეარსება ამ “ვერტიკალურ” ურთერთობებს (“ზემოდან ქვემოთ” ურთიერთობა რომ არასდროს არსად ამართლებს, ეს სხვა და უფრო ფართოდ განსახილველი თემაა), რაც ყოველთვის ტრაგედიით სრულდება… მეტი

ფრანებით მოჭედილი ცა

რომენ გარიმ თავისი ბოლო რომანი 1980 წელს დაწერა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს ერთგვარი გამომშვიდობებაა მკითხველთან, ღირსეული ნაბიჯი უკვდავებისკენ… მეტი

ნათანიელ უესტის სამყარო

ნათანიელ უესტს პირველად შევხვდი. მისი სახელის გამოჩენა ბათუმელების “უკვდავ ბიბლიოთეკაში” უკვე ერთგვარ “რეკომენდაციად” შეგვიძლია ჩავთვალოთ. წაკითხვის შემდეგ კი თამამად შემიძლია ვთქვა – მის სხვა ნაწარმოებებსაც (სამწუხაროდ, მხოლოდ ორია, რადგან ნათანიელი 37 წლის ასაკში ავტოკატასტროფას ემსხვერპლა – ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის გარდაცვალების მეორე დღეს) სიამოვნებით წავიკითხავ…

მეტი

ევრიპიდეს 4 ტრაგედია

“აკრძალული წიგნების თარო” რომ ძალიან საინტერესო სერიაა და ერთიმეორეზე უკეთეს წიგნებს აერთიანებს, ძველი ამბავია, თუმცა ევრიპიდეს 4 ტრაგედიის მოხვედრა ამ მართლაც დიდებულ ნაწარმოებებს შორის ერთი შეხედვით უცნაურია. მისი პიესები არ აუკრძალავთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევრიპიდე სიცოცხლეში სათანადოდ არ ყოფილა დაფასებული და სიცოცხლე ათენიდან შორს, მაკედონიაში დაასრულა.

მეტი

ახლა კი გასულ წელს დაველოდოთ

ფილიპ დიკი საოცარი მწერალია, განსაკუთრებული მწერალი. მისი სამყარო განუმეორებელია და არც 2055 წლის დედამიწაა გამონაკლისი. ჩვენი პლანეტა ომშია ჩართული, თუმცა მოკავშირეებთანაც არ აქვს შესაშური ურთიერთობა… მაგრამ ეს უბრალოდ ფონია. მთავარი, ისევე როგორც ფილიპის სხვა წიგნებში, ერთი უბრალო ადამიანია, რომელიც ნარკოტიკულმა ნივთიერებამ ილუზორულ დროში გადაისროლა… ან პარალელურ სამყაროში… წარსულსა და მომავალში… და რა შეიცვალა? არც არაფერი. პოლიტიკა, ადამიანური ურთიერთობები, ბრძოლა საკუთარ თავთან ყველა დროში ერთნაირია. რაც უნდა დაიხვეწოს ტექნოლოგიები, წინ წავიდეს სამყარო, ომი ძველებურ სახეს არ კარგავს, არც ქალისა და მამაკაცის ერთობის ნგრევა… მაინც ვერაფერს დავაკორექტირებთ. პარალელურ სამყაროთაგან თითოეული საკუთარ გზას გაივლის… ექიმი ერიკ სვიტსენტის ცხოვრებაც სხვადასხვაგვარი იქნება, თუმცა მაინც ერთნაირი. რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოიგებს ომს, დაშორდება თუ არა ერიკი ცოლს… ის მაინც გადაყლაპავს ნარკოტიკს, რომელიც ნამდვილად თუ ილუზორულად დროში ამოგზაურებს და მაინც დაელოდება გასული წლის დადგომას… მეტი

მხედვარი გერალტი

ყოფილხართ შუამიწეთში? გისწავლიათ ჰოგვორტსში? გიმღერიათ ოზში? გიბრძოლიათ ვესტეროსში, პანემში, ჯო აბერკრომბის სამყაროში? “გაგიშლიათ ბანქო” ამბერში? მოგისმენიათ საინტერესო ისტორიები ქვოს ფუნდუკში? შეგშინებიათ დერიში? გიცინიათ დისკოს სამყაროში? გიმართავთ ნარნია? ყოფილხართ სტუმრად მუმინების ხეობაში, საოცრებათა ქვეყანაში ალისასთან, ვინი პუჰისა და მისი მეგობრების ტყეში კრისტოფერ რობინთან ან ნევერლენდში პიტერ პენთან ერთად? მაშინ აუცილებლად უნდა შეიხედოთ ანჯეი საპკოვსკის სამყაროშიც, რადგან აქ შეხვდებით დაუვიწყარ ადამიანს – მხედვარ გერალტს! მეტი

Alabama Song

იცნობთ ფრენსის სკოტ ფიცჯერალდს? მაშინ ზელდას შესახებაც გსმენიათ. ფართო მასებისთვის ის ცნობილი მწერლის მეორე ნახევარია, თუმცა ცოტამ თუ იცის ვინ იყო რეალურად ზელდა სეირი. მეტი

Previous Older Entries