ომის წილი სინათლე

1945 წელი დადგა… მეორე მსოფლიო ომი დასრულდა… ბრიტანეთში ერთი შეხედვით სიმშვიდემ დაისადგურა, თუმცა სწორედ ამ დროს აირია ყველაფერი ნათანიელისა და მისი დის ცხოვრებაში – მშობლებმა სინგაპურში გამგზავრება და მათი უცნობ ადამიანებთან დატოვება გადაწყვიტეს… და ამით სამუდამოდ შეცვალეს შვილების მომავალი… მეტი

პოლის ერთადერთი ამბავი

“უმრავლესობას ერთადერთი ამბავი გვაქვს მოსაყოლი. იმას არ ვამბობ, ცხოვრებაში მხოლოდ ერთი რამ ხდება-მეთქი: მოვლენა უამრავია, რასაც მერე უამრავ ამბადაც ვაქცევთ, მაგრამ მთავარი მუდამ ერთადერთია – ის, რაც საბოლოო ჯამში მოსაყოლად ღირს.” – ასე იწყებს თხრობას პოლი, რომელმაც 19 წლის ასაკში ნაკლებ სიყვარულს და ნაკლებ ტანჯვას მეტი სიყვარული და მეტი ტანჯვა არჩია… მან რომანი გააბა 48 წლის ქალთან და ეს სულაც არ გახლდათ მსუბუქი საზაფხულო ფლირტი ან თუნდაც სექსი… ეს იყო ბევრად მეტი… ეს იყო ერთადერთი ამბავი, რომლის “გავლითაც” პოლმა მოიპოვა თავისუფლება… ან იქნებ დაკარგა? ეს არავინ იცის და ალბათ ასეთ გზებს არც ირჩევენ. თავად გზა გვირჩევს ჩვენ და გვაწერინებს იმ ერთადერთ ამბავს, რომელიც სხვა ყველაფერს ჩრდილავს… პოლის ამბავი სიყვარულია, რომელიც ძალიან მალე უნდა დასრულებულიყო, თუმცა კი მარადიული აღმოჩნდა… და რა იქნება ჩვენი? ამას მხოლოდ წლების შემდეგ თუ გავიგებთ… რადგან ასეთ ამბებს დრო სცდის… დრო გვიჩვენებს, რა გაფერმკრთალდება და რა შეინარჩუნებს ფერებს… მეტი

ქვის ანგელოზი მენავაკიდან

გიფიქრიათ სიბერეზე? ალბათ ეს ფიქრი ზოგჯერ მაინც ყველას გაგვიელვებს, თუმცა რეალურად ვერ აღვიქვამთ იმ დროს, რომელიც ჯერჯერობით შორეულ მომავალს ეკუთვნის… მაგრამ თუ მაინც “გვესტუმრება” აზრი მოხუცებულობაზე, ხშირად ვფიქრობთ, რომ მოხუცთა თავშესაფარი სულაც არაა ცუდი “გამოსავალი”. იქ ხომ კომფორტულად ვიქნებით, თანატოლებთან ვიმეგობრებთ, ოჯახის წევრებს ვუმასპინძლებთ და ირგვლივ ბევრი მზრუნველი ადამიანი გვეყოლება… ასე ვფიქრობთ ჩვენ – ახალგაზრდები… და როგორია სინამდვილეში სიბერე? ამას შესანიშნავად აღწერს ჰეიგარი – ქალი, რომელიც მენავაკაში გაიზარდა და ახლა 90 წლისაა. სწორედ ამ ასაკში, როდესაც ნელ-ნელა სრულიად უმწეო ხდება, ის მიგვიძღვის საკუთარ წარსულში, ჩვენთან ერთად აანალიზებს შეცდომებს (რომლებიც უამრავი ჰქონდა და რომლებმაც განსაზღვრა მისი ცხოვრება) და თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ სიბერე აუცილებლად მოვა… მას ვერავინ გაექცევა (აკი დიდხანს სიცოცხლეა ის, რასაც ერთმანეთს და საკუთარ თავს ვუსურვებთ). ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ისაა, რომ ღირსეულად მივიდეთ სიბერემდე, საკუთარი ხელით არ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც გვიყვარს… მხოლოდ ამას თუ გავაკეთებთ და მშვიდად გადავალთ იმ სამყაროში, რომელშიც ქვის ანგელოზი “გაგვაცილებს”… მეტი

კარგი კაცი სანთლით საძებარია

კარგი კაცი სანთლით საძებარიაო… ასე დაასათაურა ფლენერი ო’კონორმა თავისი კრებული… და განა ასე არ არის? სად არიან კარგი კაცები, მაშინ, როდესაც ბავშვები ან დაბადებამდე არ უნდათ, ან ყურადღებას არ აქცევენ, ან ეს ბავშვები ურჩხულებად იზრდებიან და ისეთ რაღაცებს სჩადიან, რომ თმა ყალყზე დაგიდგებათ? ისინი იმდენად ცოტანი არიან, რომ სანთლით თუ მოძებნით და ძალიან იშვიათად გადააწყდებით… ზოგჯერ გეგონებათ, რომ შეუძლებელია… რომ ასე სახალისოდ დაწყებული ამბავი (როგორც პირველი მოთხრობა) ასე ვერ გაგრძელდება, მაგრამ ფლენერი ისე იქცევა, როგორც ხშირ შემთხვევაში ცხოვრება… ყველაფერს სწორედ ისე ასრულებს, როგორც ეს სინამდვილეში ხდება – ტყვიით, ცრემლით, ცეცხლით… და სამი წერტილით… მეტი

პირველწყარო

იცნობთ აინ რენდს? თუ არა, მერწმუნეთ, ძალიან ბევრს კარგავთ. არა, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მისი წიგნები გავლენით მხოლოდ ბიბლიას ჩამორჩება, არც იმიტომ, რომ მისის აინმა გაბედა და 1943 წელს ერთი შეხედვით ძალიან “უდროო” თემაზე – არქიტექტურაზე – დაწერა წიგნი, თანაც ასეთი დიდი… ეს ყველაფერი თითოეული გამოცემის გარეკანზე წერია… პრეზენტაციებზე იქნებ ისიც მოისმინოთ, რომ “პირველწყაროში” ბევრი სიყვარულია და ბევრი “უცნაური” ნაგებობა, რაც თითქოს ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს… თუმცა ჩემთვის ეს წიგნი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ამბავი იმაზე, რომ მომავალი შეუცნობელია… მეტი

გზები, რომელთაც ვირჩევთ

ბავშვობა ყველა ადამიანის ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდია (თუ, რა თქმა უნდა, რაღაც განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ ტრავმებთან არ გვაქვს საქმე). არ აქვს მნიშვნელობა, როდის და რა პირობებში ჩაიარა იმ წლებმა (პირადად ჩემი ბავშვობა ბნელ 90-იანებს დაემთხვა, თუმცა მაინც ისე ვიხსენებ, როგორც ყველაზე ნათელ წლებს). ამის მიზეზი კი ორია – ცხოვრების საწყის წლებში არაფერი გვადარდებს, რადგან ყველაფერს სხვები გვიგვარებენ (ან ისეთი “პრობლემები” გვაქვს, რაზეც ზრდასრულ ასაკში უბრალოდ გვეცინება) და გვგონია, რომ წინ ძალიან გრძელი და ნათელი გზა გვაქვს. შედეგი კი სულ სხვანაირი აღმოჩნდება ხოლმე. ზოგჯერ ყველაფერი ძალიან კარგად ეწყობა, თუმცა რეალობა ისეთი შთამბეჭდავი არასდროსაა, როგორიც ოცნებებში… ან ცხოვრება საშინლად წავა, როგორც ეს დებ გრაიმზებს დაემართათ (რიჩარდ იეიტსი ამ ფაქტს პირველივე წინადადებაში აფიქსირებს, ასე რომ სპოილერის არ შეგეშინდეთ)… მეტი

ხელის აუკანკალებლად

გსმენიათ დაბა ჰოლკომბის შესახებ? არ გამიკვირდება, თუ არა. ამ დასახლებული პუნქტის არსებობა თვით აშშ-შიც კი ცოტამ თუ იცოდა, სანამ ორი ცივსისხლიანი მკვლელი ქლათერების ოჯახის ოთხ წევრს არ დახოცავდა. თრუმენ კეპოუტის (მე ამ გვარის სხვაგვარი ვერსია უფრო მომწონს, თუმცა რადგან ამ კონკრეტულ წიგნზე ვსაუბრობთ, თარგმანს ნუ ავცდებით) წიგნმა კი, რომელიც ჟურნალისტური ნაშრომისა და ტრადიციული პროზის ნაზავს წარმოადგენს, მთელს მსოფლიოს გააგებინა, რომ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არსებობს ასეთი ადგილი – ერთი შეხედვით მშვიდი დაბა, რომელიც 1959 წელს გაუგონარი სისატიკით ჩადენილმა ოთხმაგმა მკვლელობამ შეძრა. მეტი

ამბავი ჯოზეფ ანტონისა

Copy of 11053194_831725520245383_2366035578957099359_nთანამედროვე ლიტერატურულ პროცესებს თვალს თუ ადევნებთ, მაშინ სალმან რუშდისაც უნდა იცნობდეთ. მისი წიგნების ქართული თარგმანები ხომ ისეთ დიდ გამომცემლობებს ეკუთვნით, როგორებიცაა “დიოგენე”, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” და “პალიტრა L”. თუმცა მისი წიგნების გამოცემა ჩვენთან მაშინ დაიწყო, როდესაც ეს უკვე უსაფრთხო გახლდათ. ამ სიტყვებს რომ ვწერ, თავადაც ვერ ვიჯერებ, რომ მე-20 და 21-ე საუკუნეებში ლიტერატურაზე საუბრისას სიტყვა “უსაფრთხოებას” ვიყენებთ, მაგრამ ასეა. სალმან რუშდი წლების მანძილზე იმალებოდა ჯოზეფ ანტონის სახელის მიღმა, რათა თავი დაეცვა ირანის სულიერი ლიდერ(ებ)ის მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენისგან! მეტი

ისტორია ბარნსისგან

გაინტერესებთ ისტორია? და იმაზე თუ დაფიქრებულხართ, რომ ის, რასაც თქვენ (მეც) თქვენთვის საინტერესო სფეროს უწოდებთ, შეიძლება მთლიანად გამონაგონი იყოს? ჩვენ ხომ არ ვიცით, ვინ იყო მემატიანე… იქნებ შეგნებულად მოგვატყუა, ან იძულებული გახდა, რომ ასე მოქცეულიყო? ტყუილ-მართალს ვეღარასდროს გავარჩევთ (წარსულში ხომ, დღევანდელობისგან განსხვავებით, “უტყუარი” საბუთები არ მოიპოვებოდა), ამიტომ არაფერს დავაშავებთ, თუ ჯულიან ბარნსის ისტორიასაც გავეცნობით – იქნებ სწორედ ეს არის სიმართლე? ან ტყუილი? რაც მთავარია, მისტერ ჯულიანის ისტორია სკოლის სახელმძღვანელოების ისტორიაზე უფრო დიდი გამონაგონი არ იქნება… გამორიცხული არ არის, რომ ნოეს კიდობნის შესახებ სიმართლეს უბილეთო მგზავრი მოგვითხრობს და არა წიგნები. არც ის იქნება გასაკვირი, თუ ამავე ამბიდან “გამოსული” ისტორიები (ყველანი ხომ ნოეს შთამომავლები ვართ) ტერორისტების მიერ დაპყრობილ გემზე, საუკუნეების წინ მოწყობილ “საღვთო” სასამართლოზე, ჩერნობილის ავარიის “შორეულ” შედეგზე, დაღუპულ ხომალდსა და მის “ასლზე”, არარატის მთის ორგზის “დაპყრობაზე”, ტიტანიკის, ვეშაპისა და ნაცისტების მსხვერპლზე, “უცნაურ” გადაღაბებზე, სიყვარულსა და სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეზე სინამდვილეს შეესაბამება… ან არა. რა მნიშვნელობა აქვს – ისტორია ხომ მაინც გამონაგონია… მეტი

თვითმკვლელობა, როგორც ღამის მატარებელი

მაინც რა არის თვითმკვლელობა? ამაზე ალბათ ძალიან ბევრი გვიფიქრია (არა აუცილებლად საკუთარი სიცოცხლის შეწყვეტის კონტექსტში), თუმცა არა იმდენი, რამდენიც პოლიციელ მაიკს… კინაღამ ვთქვი, ბატონ მაიკს-მეთქი, მაგრამ ის ხომ მამაკაცი არ არის. ქალია… და მისი ნაკლებად ქალური სახელი სულაც არ არის ამ წიგნის მთავარი მოულოდნელობა… მეტი

Previous Older Entries