მხედვარი გერალტი

ყოფილხართ შუამიწეთში? გისწავლიათ ჰოგვორტსში? გიმღერიათ ოზში? გიბრძოლიათ ვესტეროსში, პანემში, ჯო აბერკრომბის სამყაროში? “გაგიშლიათ ბანქო” ამბერში? მოგისმენიათ საინტერესო ისტორიები ქვოს ფუნდუკში? შეგშინებიათ დერიში? გიცინიათ დისკოს სამყაროში? გიმართავთ ნარნია? ყოფილხართ სტუმრად მუმინების ხეობაში, საოცრებათა ქვეყანაში ალისასთან, ვინი პუჰისა და მისი მეგობრების ტყეში კრისტოფერ რობინთან ან ნევერლენდში პიტერ პენთან ერთად? მაშინ აუცილებლად უნდა შეიხედოთ ანჯეი საპკოვსკის სამყაროშიც, რადგან აქ შეხვდებით დაუვიწყარ ადამიანს – მხედვარ გერალტს! მეტი

ორსის ორდენის სამხეცე

გიყვართ ფენტეზი? და სამეცნიერო ფანტასტიკა? თუ ორივე კითხვაზე დადებითი პასუხი გაქვთ, მაშინ ნატო დავითაშვილის ახალი წიგნი თქვენთვის დაიწერა! არა, აქ ვერ ნახავთ იროელთა ქრონიკებში აღწერილ სამყაროს, მაგრამ არც ორსის სამყაროში მოიწყენთ. აქ ხომ ერთგვარ მეცნიერებს საკუთარი ორდენი შეუქმნიათ და სამყაროთა დაფინანსებით ამ უკანასკნელთათვის განსაკუთრებული თვისებებით შემკულ ნივთებს ქმნიან. დიახ, მართალი ხართ. ასეთი უნარების ხელში ჩაგდება უამრავი კეთილი საქმის გაკეთების საწინდარია, მაგრამ ერთი დეტალი გამოგრჩათ – ორსის სამყარო ჩვენს სამყაროს ჰგავს და აქაც ზუსტად ისევე იყენებენ ძალაუფლებას, როგორც აქ – მათ საკუთარი კეთილდღეობისა და სხვების განადგურებისკენ მიმართავენ… ასე ხდება მანამ, სანამ ორდენს ჩუმი ჰურაბი ჩაუდგება სათავეში და ყველა ნივთს ცხოველებად აქცევს… ასე იქმნება ორსის ორდენის სამხეცე და ასე იწყება დაუვიწყარი და თავბრუდამხვევი თავგადასავალი, რომელშიც მონაწილეობენ: ერთ-ერთი სამყაროს მეთაურის და, რომელიც ორდენის წევრებზე მეტი ნიჭითაც კია დაჯილდოებული, ორდენის ახალი მეთაური, წევრები, მხეცების მომვლელი… და კატა… ნუ გიკვირთ. კატა მაშინაც კი ფრიად იდუმალი  გახლავთ, როდესაც მხოლოდ ცხოველია… და აბა წარმოიდგინეთ, როგორი მნიშვნელოვანი ვინმე იქნება, როცა მასში გონიერი არსება გაიღვიძებს… მიზანი კი ერთია – ცხოველების “ნივთიერი” სახის ამოცნობა და მათთვის პირვანდელი იერის დაბრუნება (რა თქმა უნდა, თვისებებითურთ)… ოღონდ ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ამჯერად რეალური დანიშნულება შეიძინონ… გამოგვივა ამის გაკეთება ჩვენს გმირებთან ერთად თუ ენერგიის ბალანსს დავარღვევთ და ორსის სამყაროს და სამხეცეს გავანადგურებთ? ეს თავად ნახეთ. მერწმუნეთ, ჟანრის მოყვარულები ნამდვილად არ ინანებთ!

ტარგარიენების ცეცხლი და სისხლი

წაგიკითხავთ ჯორჯ მარტინის “ყინულისა და ცეცხლის სიმღერა”? თუ არა, HBO-ს მართლაც შესანიშნავი (ჰო, კარგი, შეიძლება ბოლო სეზონი არ მოგვეწონა, მაგრამ ახლა უკვე ვპოულობ ლოგიკას მომხდარში) სერიალი “სამეფო კარის თამაშები” მაინც გექნებათ ნანახი. თხრობა აქ რობერტ ბარათეონის მეფობისას იწყება და დასაწყისშივე ვიგებთ, რომ ამჟამინდელმა მონარქმა რკინის ტახტი ტარგარიენების დინასტიის ჩამოგდების შედეგად მიიღო. თავად უკანასკნელი მეფე, რომელსაც შეშლილს უწოდებდნენ, ჯეიმი ლანისტერმა მოკლა, თუმცა მმრთველობა მაინც სერსეის ქმარს დარჩა და არა ძმასა და საყვარელს (აქაც ჩანს ტარგარიენების გავლენა – ისინი ხომ “ოჯახურ” ქორწინებებს არად აგდებდნენ და პირიქით, მიესალმებოდნენ კიდეც). ტახტის უკანასკნელი მემკვიდრეები ვიზერისი და დეინერისი დრაკონის კვერცხებთან ერთად შორეულ მხარეში აღმოჩდნენ… და აი ახლა, როდესაც ტარგარიენების ისტორიას თავიდან ვეცნობით, ეს ყველაფერი სულ სხვაგვარ სახეს იძენს… მეტი

სიკვდილი ისვენებს

“მეორე დღეს არავინ მომკვდარა”- გახსოვთ ჟოზე სარამგუს ეს სიტყვები და ის ამბები, რაც სიკვდილის “შვებულებაში გასვლას” მოჰყვა? მაგრამ ეს ყველაფერი რა მოსატანია იმ თავგადასავალთან, რომელიც დისკოს სამყაროს სიკვდილის დროებით “გადაყენების” შემდეგ დაიწყო… თავად მან ბილ დორის სახელით მშვენივრად აიწყო ცხოვრება და ბევრ ამქვეყნიურ მოვლენასაც გაუგო გემო, მაგრამ ანკ-მორპორკში ამბები მოხდა… დედა შვილს რომ არ აიყვანდა ხელში, ისეთი… ალბათ იკითხავთ, ამ “მშვიდ” ქალაქს რაღა გააკვირვებსო, მაგრამ აბა თავად განსაჯეთ – 130 წელს მიტანებული ჯადოქარი ნახევრად მოკვდა და მთელი მიძინებული ჯადოქართა უნივერსიტეტი “გამოაფხიზლა” და მხოლოდ ის? ლამის ნახევარი ქალაქი “გაიჭედა” სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე და მრავლისმნახველ ქუჩებში ცოლ-ქმარმა ვამპირებმა და სხვა “უცნაურმა” არსებებმა დაიწყეს “ბოდიალი”, თუმცა ისინი სულაც არ იყვნენ საშიშები… საშიში სულ სხვა რამ გახლდათ – ასეთი ფიად არაჩვეულებრივი მოვლენის გამო გამოთავისუფლებულმა ენერგიამ სიმშვიდე დაურღვია ისედაც მშფოთვარე “დისკოელებს”… როგორ დამთავრდა ეს ამბავი? არა, არა, ამას არ გეტყვით. მთავარი ხომ დასასრული კი არა, მხიარული “ძებნის პროცესია”…

კუდიანები დისკოს სამყაროდან

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დისკოს სამყაროში! აქ უკვე იყავით? მაშინ მით უფრო უნდა გიხაროდეთ საყვარელ გმირებთან შეხვედრა… იცით ვინ გელით? კუდიანები! დიახ, დიახ ჩვენი ძველი ნაცნობი კუდიანები… და კიდევ უამრავი ძალიან მაგარი პერსონაჟი… მაგალითად, მოჩვენებად ქცეული მეფე, მისი მკვლელი, რომელიც “მაკბეტური” სენითაა შეპყრობილი, ზემოთხსენებული მეფის მემკვიდრე, მასხარა და ა.შ. მაგრამ გადამწყვეტ როლს მაინც ქალბატონი ესმე და მისი ორი “კოლეგა” ასრულებენ… მერე რა როლს – ათასგვარ ხრიკს ხმარობენ, რომ როგორმე სამართლიანობა აღადგინონ სამეფოში (თავმოყვარე კუდიანი პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს, მაგრამ როდესაც ასეთი უსამართლობა სუფევს, წესები რა მოსატანია)… ამას როგორი ხალისით აკეთებენ, თავადაც მიხვდებით. სერ ტერიმ ხომ ზუსტად ისეთი პერსონაჟებით დაასახლა თავისი სამყარო, საახალწლო განწყობას რომ შვენის… მეტი

სტუმრად ნომებთან

მეტი

აიას გზა ანუ კაისას დაბრუნება

11187753_987209917990015_1949736007399360543_oლილე იროელთან შეხვედრის ბედნიერება დიდი ხანია არ გვქონია. გამოგიტყდებით და ეს მამაცი გმირი ძალიან მომენატრა… ასევე მომენატრა მისი არაჩვეულებრივი ქალიშვილი აია. სწორედ მასთან ერთად დავადექით გზას ახალი თავგადასავლისკენ…

იროელებთან ბოლო შეხვედრის შემდეგ მრავალი წელი გავიდა. აია დალების სამეფოდან კოლხეთში გადაბარგდა, რათა მამის სურვილის შესაბამისად კაისას ბიბლიოთეკას გაცნობოდა… დიახ, დიახ, ჩვენი უსაყვარლესი კაისა დაბრუნდა… თუთაც, თეკლაც, კოპალაც, ღვთისშვილებიც, ნაიც… ბევრი ახალი და ძალიან საინტერესო გმირიც გამოჩნდა (გერგე, ცვატა, მესეფები და ა.შ.), მაგრამ კაისას დაბრუნებამ ყველაზე მეტად გამახარა, რასაც, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი სამსალაზე, რომელიც ნუ იტყვით და თურმე ცოცხალი ყოფილა – ბალღამის სახით შერევია მიწას და წლების შემდეგ სამყაროს ხელში ჩაგდება დაუსახავს მიზნად… ხელის შემშლელად კი სხვა ვინ მოევლინებოდა, თუ არა იროელები და მათი მეგობრები. მათ გარდა, სხვა ვინ შეძლებდა სტიქიონად ქცევას, მოტირალ დათა ხელოვნების გამოყენებას და ბოროტი ძალის დამარცხებას… ვერც ნისლების ეპოქაში დაბრუნებას გაბედავდა ვინმე… ვერავინ შეძლებდა სამყაროს გადარჩენას ნატო დავითაშვილის გმირების გარდა… მეტი

ამბავი სტელან ალდენორისა

11206583_10153060004080668_1521543066305681427_oსტელან ალდენორი სინათლის ორდენის მებრძოლია… სტელან ალდენორი წლების წინ მაქციებისგან გადარჩენილი ჰელდერია… სტელან ალდენორი დავით ჭოჭუას სადებიუტო წიგნის მთავარი გმირია… სიკეთის სახელით მებრძოლი უამრავი გმირი გვინახავს (თუნდაც ბეჭდების საძმოს წევრები, ჰარი პოტერი და მისი მეგობრები, ლილე იროელი და ა.შ.), თუმცა მთავარი ალბათ სწორედ ესაა – ალდენორი არაფრით ჩამოუვარდება მათ. ისიც თავგანწირვით ერკინება ბოროტებას, რომელიც მაქციების, ნეკრომანტებისა და სხვა ავსულების სახით წარმოგვიდგება. მერე რა, თუ მასთან ერთად მაგებიც იბრძვიან… აქ ჯადოქრები და რაინდები ვერაფერს გააწყობენ. გამარჯვება მოხერხებულის მხარეს იქნება, თუმცა არა დანაკარგების გარეშე… სინათლის ორდენი ისეთ “ბნელ” სამყაროში მოღვაწეობს, რომ ზღაპრული გარემო არაფრით დაგიდგებათ თვალწინ… ეს არ არის ტოლკინისეული ჰობიტების ფერადი ქვეყანა (თუნდაც საურონის ბოროტებით დაბნელებული), ან როალინგისეული ბავშვების ხმებით გაჯერებული ჰოგვორტსი (თუნდაც ვოლდემორის დაბრუნების შემდეგ). უფრო ჯორჯ მარტინის სასტიკი სამყაროა – ბევრი სისხლით და ბუნდოვანი (თანაც შორეული) დასასრულით. არავინ იცის, რა მოხდება შემდეგ… ვინ აღმოჩნდება სიკეთის განსახიერება და ვინ ბოროტების? რას იზამს სტელან ალდენორი?

P.S. თუ დაინტერესდით, მიმართეთ გამომცემლობას “წიგნები ბათუმში”. მე კი “სინათლის ორდენის ქრონიკების” მეორე ნაწილს დაველოდები 🙂

ორი ფესტივალი

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი უკვე მე-17 წელია იმართება. გარდა ამისა, წელს კიდევ ერთი ფესტივალი დაემატა სახელწოდებით “წიგნი და მუსიკა”. რამ გამოიწვია გამომცემლობების ორ ნაწილად გაყოფა და ზოგადად რა პრობლემებია საგამომცემლო ბიზნესში, ამაზე აქ არ ვისაუბრებ და პირდაპირ საქმეზე გადავალ 🙂

“წიგნი და მუსიკა” ფილარმონიაში გაიმართა და, სიმართლე გითხრათ, რომ არა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, არც დავესწრებოდი. მათაც სულ რამდენიმე ჩემთვის სასიხარულო სიახლე ჰქონდათ: ჯონ გრინის “ალასკის ძიება” და “ჰარი პოტერის” ახალი ტირაჟი (თან ისეთი ლამაზი…). ჰარუკი მურაკამის “ნორვეგიულ ტყეს” რამდენიმე დღით დააგვიანდა, მაგრამ სამაგიეროდ აკა მორჩილაძის ხუთივე “გამოტოვებული” წიგნი ახლა ჩემს თაროზეა 🙂 მეტი

ტოლკინის სამყარო

ლიტერატურულ სამყაროებში ბევრი დრო მაქვს გატარებული. ჯოან როულინგის ჯადოქართა სამყოფელი, კლაივ ლუისის ნარნია და სხვა გამოგონილი ადგილები არასდროს დამავიწყდება, თუმცა არის სამყარო, რომელიც გამორჩეულად მიყვარს – ეს არის შუამიწეთი, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის “შვილობილი” კონტინენტი.

შუამიწეთში მოგზაურობა დიდი ხნის წინ დავიწყე, თუმცა არა პირველი ეპოქიდან. “ჰობიტი” და “ბეჭდების მბრძანებელი” ბოროტი ძალის – საურონის – აღზევების ბოლო ეტაპსა და მის დაცემაზე მოგვითხრობს, შუამიწეთის ისტორია კი ბევრად უფრო გრძელია. ამიტომ მის საწყისებში უკეთ გასარკვევად “სილმარილიონი” გადმოვიღე. თუ ტოლკინის სამყარო ჩემსავით გიყვართ, ეს წიგნი კი ჯერ არ წაგიკითხავთ, თქვენც იგივეს გირჩევთ. სხვა შემთხვევაში არ მოგეწონებათ, რადგან ტრადიციული რომანი არ არის – ისტორიის სახელმძღვანელოს უფრო ჰგავს (ჰობიტონში რომ ვცხოვრობდეთ, ალბათ სკოლაშიც გვასწავლიდნენ). პირადად მე ისტორია ყოველთვის მიყვარდა და ახლაც ძალიან ვისიამოვნე – გარდა იმისა, რომ ძველ ნაცნობებს სულ ცოტა ხნით, მაგრამ მაინც შევხვდი (მაგალითად, გალადრიელს, გენდალფს, ჰობიტებს), შუამიწეთის I-II ეპოქების აქამდე უცნობი ამბებიც შევიტყვე და მორგოთთან (საურონამდელი ბნელი ძალა) ხანგრძლივ ბრძოლაშიც მივიღე მონაწილეობა. სილმარილიების საიდუმლოც გავიგე… მოკლედ, ძალიან ნაყოფიერად ვიმოგზაურე შუამიწეთში… მეტი

Previous Older Entries