ადამიანები და სხვები

თუ ფენტეზი ჩემსავით გიყვართ, შეუძლებელია, რომ ნატო დავითაშვილს არ იცნობდეთ, მისი საოცარი სამყარო და ლილე იროელი არ გიყვარდეთ. და აი ახლა სულ სხვაგან ვართ – სამეცნიერო ფანტასტიკის სამყაროში, რომელშიც ადამიანები და სხვები ერთად ცხოვრობენ… მეტი

მთვარის შვილობილები

“იროელთა ქრონიკები” წაგიკითხავთ (თუ სრულად არა, ერთ-ერთი წიგნი მაინც)? მაშინ აუცილებლად დამეთანხმებით, რომ ქართული ფენტეზი არაფრით ჩამოუვარდება მსოფლიოში აღიარებულ სერიებს. ლილე იროელი ღირსეულად უმშვენებს გვერდს ყველასთვის ასე საყვარელ გმირებს და ჟანრის მოყვარულები ამაში უკვე დავრწმუნდით… მეტი

ქარავანი მიდის…

“ჩვენ განუწყვეტლივ მოვდივართ ჩვენი წარსულიდან და ჩვენი წარსული მუდამ იქ არის სადაც დავტოვეთ.”

ჯემალ ქარჩხაძეზე ხშირად გიყვებით. თანამედროვეობაში (ამ შემთხვევაში მხოლოდ ცოცხალ მწერლებს არ ვგულისხმობ) ასეთი მწერალი ცოტა თუ მეგულება და იმიტომ… მისი მოთხრობები, “იგი” (რომელიც უბრალო მოთხრობაზე მეტი მგონია), “მდგმური”, “ანტონიო და დავითი” და “ზებულონი” ობიექტურად დიდებული ნაწარმოებებია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, “ქარავანი” მისი შემოქმედების გვირგვინია. არა, ეს არ ნიშნავს, რომ სხვებს მირჩევნია. უბრალოდ ყოვლისმომცველია, როგორც “სამოსელი პირველი”მეტი

ზებულონი – შურისძიება, სიყვარული და სიკვდილი

12472556ზებულონი… ეს სახელი წლებია გონებიდან არ მშორდება… ზებულონის საშინელი შურისძიების ამბავი 6 წლის მანძილზე მტანჯავდა, მისი სრული ისტორიის წაკითხვა კი მხოლოდ ახლა მოვახერხე… და ამიერიდან ზებულონს ნამდვილად ვერასდროს დავივიწყებ – მისი შურისძიება, სიყვარული და სიკვდილი (არ გასპოილერებთ – ადრე თუ გვიან ყველა კვდება) ყოველთვის ჩემთან იქნება…

ალბათ გაინტერესებთ რა არის ამ წიგნში ასეთი დაუვიწყარი… ეს თავად ზებულონია – კაცი რომელიც ბედისწერის მსხვერპლი გახდა… ან იქნებ საკუთარი თავის… ხალხისა და ქვეყნის ხმას დამორჩილებული ჯერ შურისმაძიებლად იქცა, შემდეგ სიყვარულის უარმყოფელად, ბოლოს კი სიკვდილს დანატრებულ მებრძოლად… მისი ცხოვრება სხვაგვარად რომ წარმართულიყო (უფრო სწორად – წაეყვანა), ზებულონი სახელოვანი მეომარი კი არა, გამოჩენილი სწავლული დადგებოდა (აკი უთხრა იოველ ბატონიშვილმა – საქართველოს ახლა ხმალზე მეტად განათლება სჭირდებაო). იქნებ როგორმე მაინც გადაყროდა ცხოვრების გზაზე იესე ერისთავის შვილიშვილს და მომავალიც განსხვავებული ჰქონოდა… ზოგჯერ ასე ვფიქრობ, ზოგჯერ კი ერთი ფიქრი წამომეპარება ხოლმე – შეეძლო კი ბედისწერის შეცვლა ზებულონს? იქნებ სწორედ ბედისწერის ხმა მიერეკებოდა დაროაშვილების თავშესაფრისკენ, ბრძოლის ველისკენ, კათალიკოსის განმარტოებული ტაძრისკენ, წყაროსთვალისკენ… იქნებ მხოლოდ ბედის ვარსკვლავის ბრალია ყველაფერი და დამნაშავე სხვა არავინაა – არც “მორჩილი” ზებულონი, არც “მსხვერპლის მომლოდინე” საქართველო, არც “ერთსულოვანი” ხალხი და არც ჯემალ ქარჩხაძე, რომელმაც ზებულონს ასეთი ბედი გადაუწყვიტა და ცხოვრება სამ ნაწილად დაუყო – შურისძიებად, სიყვარულად და სიკვდილად…

P.S. თუ ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედება გიყვართ, მაშინ ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. მგონია, რომ “ზებულონი” და “იგი” ნამდვილად საუკეთესო ნაწარმოებებია (“ქარავანი” დამრჩა წასაკითხი და ამიტომ მასზე ვერაფერს გეტყვით). მერე რა, თუ ერთი ჩვენს შორეულ წინაპრებზე მოგვითხრობს, მეორე კი – სულ რამდენიმე საუკუნის წინ მცხოვრებ ადამიანებზე. მთავარი ხომ იგისა და ზებულონის ცხოვრებაა – ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრება…

ახალი წელი ტერი პრატჩეტთან ერთად

კიდევ ერთი წელიც მიიწურა. ყოველწლიურად უამრავი კარგი და ცუდი რამ ხდება, თუმცა აქ მხოლოდ ლიტერატურაზე ვსაუბრობთ და შესაბამისად ეს წელიც დადებითად შემიძლია შევაფასო. სხვანაირად არც შეიძლება – წელს ხომ ბევრი კარგი “მოგზაურობა” გამომივიდა 🙂

წლის ბოლო მოგზაურობა უკვე ერთგვარ ტრადიციად მექცა – ერთ-ერთი უკანასკნელი ავტორი უკვე რამდენიმე წელია სერ ტერი პრატჩეტი გახლავთ. გასაკვირი არც არის – თანამედროვეობაში მასზე მხიარული მწერალი არც მეგულება 🙂 ჰოდა, ამჯერადაც არ დავაყოვნე და დისკოს სამყაროსკენ გავემართე. მეტი

ლურჯი სუფრის მოცეკვავე და დინდინელა

ლიტერატურის მოყვარულებს ალბათ მოგეხსენებათ, რომ საახალწლოდ ბევრი ახალი წიგნი გამოჩნდა წიგნის მაღაზიათა თაროებზე. გამოგიტყდებით და განსაკუთრებით ერთს ველოდი – “ლურჯი სუფრის მოცეკვავეს”…

…და ეს წიგნი დიდი ინტერესით გადავშალე… გადავშალე და საოცარ სამყაროში აღმოვჩნდი. ჯერ იყო და ლამის ცეცხლიმფრქვეველ დრაკონთა დაღუპვის მოწმე გავხდი. მათი კუნძულიდან ძლივს გამოვაღწიე და უკვე კარგედონში ამოვყავი თავი, სადაც ლურჯი სუფრის მოცეკვავე (ეს რას ნიშნავს, თავად ნახეთ) დედოფალი ნებით გახდა ლტოლვილი. ამ უკანასკნელს რომ გავყევი კი იცით, ვის გადავეყარე? ნაის. დიახ, დიახ, მოტირალ დას ჰექათიონიდან. ის პატარა აიასთან ერთად ლილეს ეძებდა… მაგრამ სანამ ლილეს ვიპოვიდით, მანამდე ზღვაურზე მოლაპარაკე ზღვის ხალხი, სტიქიონებად ქცეული ნუმიელები, ცრუ ლურჯი სუფრის მოცეკვავეები, სათანადო საკვების გარეშე გაბჭვირვალედ ქცეული ფიგნები გავიცანი და სიკეთესა და ბოროტებას შორის დიდ დაპირისპირებაშიც მივიღე მონაწილეობა… არც კი ვიცი, ყველაფერი როგორ დამთავრდებოდა, თეთრი დრაკონის – აკკას – ზურგზე რომ არ ავმხედრებულიყავი და იროელთა სასწაულმოქმედ ძალას არ დავეცავი… მე ხომ უკვე გადავაბიჯე ზღურბლს რეალობასა და ფანტაზიას შორის… მეც ლილეს სამყაროს ნაწილი გავხდი და ყველაფერი თავად განვიცადე… და თქვენც იგივეს გირჩევთ – ეს განუმეორებელი გრძნობაა! მეტი

ანა, ჯემალი და აკა

ანა კორძაია-სამადაშვილს, ჯემალ ქარჩხაძესა და აკა მორჩილაძეს არაფერი აქვს საერთო, გარდა იმისა, რომ სამივე ქართველია. სწორედ ამიტომ ფესტივალის შემდეგ პირველ რიგში მათი წიგნებით დავიწყე “მოგზაურობა” და უდროობის გამო ერთ პოსტშიც “ჩავატიე”… თუმცა სჯობს პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ 🙂

“ვინ მოკლა ჩაიკა” – ჩაიკა მოკლეს! არა, მფრინავი თოლია არ მოუკლავთ მონადირეებს. ჩაიკა ელო მოკლეს, თანაც უთოს ჩარტყმით. ბედად ანდერძის დაწერა მოასწრო… მერე რა ანდერძის – შეგშურდებათ კიდეც… მის მეგობრებს რომ გაიცნობთ, კიდევ უფრო შეგშურდებათ. თავიდან შეიძლება იფიქროთ “პიდარასტი” (როგორც გამომძიებელი იტყოდა)  და “გაფრენილი” სანდრო, “კარალევა” ნიკოლიკო, არანორმალური ყანჩა და მაგდა, მანანიკო და გაგა რა მოსაწონი ხალხიაო, მაგრამ აბა ჩაიკას ჰკითხეთ… იატაკქვეშეთში გამოკეტილ ელოს მხოლოდ ისინი ულამაზებდნენ ცხოვრებას. რომ მოკვდა, მაშინაც მოთქმა-გოდება და იმაზე ფიქრი კი არ დაიწყეს, როგორ დაემარხათ (ჩაიკას მაინც “ეკიდა”)… ადგნენ და პირდაპირ ტბაზე წავიდნენ “დასაზაგრად”, მაგრად გამოთვრნენ, გიტარაზეც დაამღერეს ელოს საყვარელი სიმღერა და მკვლელის განადგურების გეგმებიც დასახეს… მე თუ მკითხავთ, მეგობრობაც ასეთი უნდა და ანდერძიც… მაგრამ ასეთი მეგობრების პატრონები არ უნდა კვდებოდნენ, მით უფრო მეგობრისავე ნაჩუქარი უთოთი არ უნდა კლავდნენ… ჩაიკა არ უნდა მოეკლათ! მეტი

თბილისის წიგნის მე-15 საერთაშორისო ფესტივალი

902312_368543809920945_284452303_oთბილისის წიგნის მე-15 საერთაშორისო ფესტივალი წელსაც ტრადიციულად საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში გაიმართა, ანუ შეიძლება ითქვას, რომ წიგნები პირდაპირ სახლში “მოვიდნენ” (მართალია უკანა გზაზე წიგნების გამო მანძილი ერთი-ორად დაგრძელდა, მაგრამ მაინც შეღავათია დიდუბელი ბიბლიოფილებისთვის) 🙂 ამჯერად ბევრი არაფერი მინდოდა, რადგან უახლოეს დღეებში ქინდლის გამოწერას ვაპირებ და ბოლო რამდენიმე თვეში შეძენილ-ნაჩუქარი წიგნებიც ძლივს განვათავსე თაროებზე… მაგრამ ფესტვალი რის ფესტივალია, “ხელი რომ არაფერზე წაგიცდეს” 🙂 …თუმცა მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და თანმიმდევრობით მივყვეთ.

მეტი