შობა სკრუჯთან ერთად

საშობაოდ რაიმე ტრადიცია გაქვთ? მაგალითად მე, ყოველ წელს ვკითხულობ ო’ჰენრის “მოგვთა საჩუქრებს” და ვუყურებ საშობაო ფილმებს. მათი კომბინაცია სხვადასხვაა იმის მიხედვით, თუ რამდენ დროს გამოვნახავ ამისთვის (ხან “ეს მშვენიერი ცხოვრება” შემახსენებს თავს, ხან კევინ მაკალისტერი მომენატრება, ხან კი ძველ ქართულ, ამერიკულ ან რუსულ საახალწლო ფილმებს ჩავუჯდები), თუმცა აუცილებლად ფიგურირებს ჩარლზ დიკენსის “საშობაო სიმღერის” ერთ-ერთი ეკრანიზაცია (ყველაზე მეტად ჯიმ კერის შესრულებით მიყვარს, თუმცა არც სხვებია ურიგო), რადგან ჩემთვის წარმოუდგენელია შობა სკრუჯის გარეშე! მეტი

მსოფლიოს საუკეთესო დეტექტივი

გიყვართ დეტექტივები? ვერ გეტყვით, რომ ამ ჟანრში პროფესიონალი ვარ, თუმცა მეტ-ნაკლებად ვიცნობ. არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ განსაკუთრებით არტურ კონან დოილსა და აგათა კრისტის ვაფასებ და მათი “ბასკერვილების ძაღლი” და “მკვლელობა აღმოსავლეთის ექპრესში” მსოფლიოს საუკეთესო დეტექტივებად მიმაჩნია. რატომ? ახლავე გეტყვით. მეტი

ტარგარიენების ცეცხლი და სისხლი

წაგიკითხავთ ჯორჯ მარტინის “ყინულისა და ცეცხლის სიმღერა”? თუ არა, HBO-ს მართლაც შესანიშნავი (ჰო, კარგი, შეიძლება ბოლო სეზონი არ მოგვეწონა, მაგრამ ახლა უკვე ვპოულობ ლოგიკას მომხდარში) სერიალი “სამეფო კარის თამაშები” მაინც გექნებათ ნანახი. თხრობა აქ რობერტ ბარათეონის მეფობისას იწყება და დასაწყისშივე ვიგებთ, რომ ამჟამინდელმა მონარქმა რკინის ტახტი ტარგარიენების დინასტიის ჩამოგდების შედეგად მიიღო. თავად უკანასკნელი მეფე, რომელსაც შეშლილს უწოდებდნენ, ჯეიმი ლანისტერმა მოკლა, თუმცა მმრთველობა მაინც სერსეის ქმარს დარჩა და არა ძმასა და საყვარელს (აქაც ჩანს ტარგარიენების გავლენა – ისინი ხომ “ოჯახურ” ქორწინებებს არად აგდებდნენ და პირიქით, მიესალმებოდნენ კიდეც). ტახტის უკანასკნელი მემკვიდრეები ვიზერისი და დეინერისი დრაკონის კვერცხებთან ერთად შორეულ მხარეში აღმოჩდნენ… და აი ახლა, როდესაც ტარგარიენების ისტორიას თავიდან ვეცნობით, ეს ყველაფერი სულ სხვაგვარ სახეს იძენს… მეტი

რუსული პროპაგანდის ძალა

არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია – ეს თანამედროვე რუსეთია! ჩართეთ ტელევიზორი და გადართეთ ნებისმიერ რუსულ არხზე ან ინტერნეტში მოძებნეთ რუსული საიტები და თავად დარწმუნდებით ამაში… ან კი უბრალოდ პიტერ პომერანცევის წიგნი წაიკითხეთ. ის ხომ ლონდონიდან იმისთვის ჩავიდა რუსეთში, რომ თავისი წვლილი შეეტანა რუსული მედიის განვითარებაში, იქ კი სულ სხვა რამ დახვდა. ახალშექმნილი მედიაც იმ გზას დაადგა, რომელსაც ყველა სხვა სფერო – სიყალბის გზას. მეტი

საქართველოს ისტორია რეიფილდისგან

საქართველოს ისტორიას მეტ-ნაკლებად ყველა ვიცნობთ, რადგან მისი შესწავლა ჩვენთვის სავალდებულო გახლდათ. თუმცა უმეტესად ზედაპირულად ვსწავლობდით (სახელმძღვანელოების, პედაგოგების თუ უბრალოდ მძიმე პერიოდის “დამსახურებით”)… და აი ახლა დონალდ რეიფილდისა და “პალიტრა L”-ის დახმარებით შეგვიძლია კიდევ ერთხელ გავაღოთ კარი წარსულში. მეტი

ოთახი ხედით

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფლორენციაში! ლიუსი და მისი კუზინა მდინარე არნოს პირას პანსიონატ “ბერტოლინიში” ისვენებენ, რენესანსის ეპოქის ხელოვნების ნიმუშებს ეცნობიან… მაგრამ იტალიას (გნებავთ ბედისწერა უწოდეთ) სულ სხვა ჩანაფიქრი აქვს –  იებით მოფენილი ბორცვები სიყვარულისკენ უბიძგებს ახალგაზრდებს და არა “განათლებისკენ”… ლიუსი და ჯორჯიც მის მახეში ებმებიან, მაგრამ მთავარი ფაქტორი სულ სხვაა… მეტი

დიდი იმედები

კლასიკური ლიტერატურა თუ გიყვართ, ჩარლზ დიკენსსაც უნდა იცნობდეთ (განუმეორებელი სტილით, იუმორით, გმირებით). ერთ დროს მისი რუსულენოვანი 30-ტომეული თითქმის ყველა ოჯახის ბიბლიოთეკას ამშვენებდა (აქედან რამდენი ტომი იყო გადაშლილი, ეს სხვა საკითხია. მაშინ ხომ ორი “მხარე” არსებობდა – ერთნი უბრალოდ “პრესტიჟის” გამო გამოფენდნენ მრავალტომეულებს, მეორენი კი იმიტომ, რომ ცალკეული ნაწარმოებების შოვნა ფაქტობრივად შეუძლებელი გახლდათ). შემდეგ ის დაივიწყეს… და აი დღეს ბათუმელები “უკვდავი ბიბილიოთეკის” ფარგლებში აქტიურად თარგმნიან “ძველ” ნაწარმოებებს. მათ გარეშე (ისევე როგორც თანამედროვე წიგნების) ხომ ლიტერატურა არ არსებობს… ასე ითარგმნა ქართულად “დიდი იმედებიც” – წიგნი ნამდვილ ინგლისსა და ნამდვილ ადამიანებზე… წიგნი დიდ იმედებზე… მეტი

სტუმრად ნარნიაში

კეთილი იყო თქვენი მობრძანება ნარნიაში! აქ თქვენც გარდერობიდან მოხვდით? ააა, წიგნის ფურცლებიდან? გასაგებია! კლაივ ლუისს მოუყვანიხართ. არ დაიბნეთ, წინ ფავნი გაგიძღვებათ და შეგიყვანთ სამყაროში, რომელიც სავსეა ბიბლიური და ბერძნულ-რომაული მითოსის ალუზიებით და რომელიც ერთდროულად ძალიან რეალურიცაა და ამავე დროს გამოგონილიც. აბა, თავად განსაჯეთ, როგორ შეიძლება, რომ ჯადოქარმა და მისმა დისწულმა სრულიად შემთხვევით გაჭრან კარი სამყაროებს შორის… ან იქნებ შეიძლება? ნარნიაში თუ ამოყოფთ თავს, მიხვდებით, რომ შეუძლებელი არაფერია. მთავარია, სიკეთის სახელით იბრძოლოთ – ხან დიგორისა და მის მეგობართან ერთად ბოროტი ჯადოქარი დაამარცხოთ და ნარნიას შექმნას დაესწროთ, ხან დიდებული ასლანის ხელდასმით ტახტზე ასულ და-ძმებს უგულშემატკივროთ, უფლისწული კასპიანის გამეფებას შეუწყოთ ხელი, “განთიადის დამმორჩილებლით” ქვეყნის დასალიერში ჩახვიდეთ, მოჯადოებული მეფისწული გამოიხსნათ, ან მეფე-დედოფალთა ბიძაშვილ იუსტასთან ერთად მიხვდეთ, რომ ამქვეყნად მთავარი სიკეთე, მეგობრობა და ერთმანეთის დახმარებაა. თუ ამას გაითავისებთ, აუცილებლად გაიმარჯვებთ. მერე რა, თუ გაიზრდებით და ნარნიას გზას ვეღარ მიაგნებთ. გულში მაინც შეინახავთ მასზე მოგონებას და მაშინ, როდესაც თქვენთვისაც დადგება უკანასკნელი ბრძოლის დრო, სამუდამოდ დაბრუნდებით აღთქმულ მიწაზე… ასე მოხდება ევასა და ადამის ყველა იმ შვილის ცხოვრებაში, რომელიც ასლანის რწმენას შეინარჩუნებს და სწორი გზიდან არ გადაუხვევს… მეტი

პულმანის სამყარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფილიპ პულმანის სამყაროში! ერთი შეხედვით, ძალიან ჩვეულებრივად გამოიყურება, არა? თუ, რა თქმა უნდა, იმას არ ჩავთვლით, რომ აქ ადამიანებს დაიმონები ჰყავთ (ჩვენი გაგებით, რაღაც სულის მსგავსი) და ყველგან ამ “ცხოველების” თანხლებით გადაადგილდებიან. ლაირასაც ჰყავს თავისი დაიმონი პანტელეიმონი, რომელსაც, როგორც ბავშვების დაიმონებს სჩვევიათ, ჯერ ჩამოყალიბებული ფორმა არ აქვს და ხან რომელი ცოცხალი არსების სახე აქვს და ხან რომლის… თუმცა ეს არაა მთავარი. მთავარი ამბავი აქ კარადიდან იწყება (რა დამთხვევაა, არა? კარადას ხომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფენტეზის სამყაროში), როდესაც იქ შემალული ლაირა შეთქმულების მონაწილე ხდება და მერე ხდება, რაც ხდება… თურმე, ნუ იტყვით და მისი დედ-მამა, რომლებსაც აქამდე არც კი იცნობდა, სასულიერო პირები, კუდიანები, ჩრდილოელი დათვები და ზოგადად ყველა ნებით თუ უნებლით სამყაროს დიდი გადატრიალების ნაწილი ხდება. სამყაროთა შორის არსებული ზღვარი ქრება და ყველაფერი ერთმანეთში ირევა… და რა როლი აქვთ ცოდვების წინააღმდეგ ბრძოლაში (თუ პირიქით, ბნელ მხარეს?) ლაირას თავისი ოქროს კომპასით და უილს თავისი ჯადოსნური დანით? ეს თავად უნდა ნახოთ. საკუთარი თვალით უნდა იხილოთ გადამწყვეტი ბრძოლაც, რომელმაც თავდაყირა უნდა დააყენოს სამყაროს არსი…

P.S. სერიის პირველი ორი წიგნი უკვე თარგმნა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ”(კიდევ კარგი, ეს წიგნი “ანტირელიგიურად” არავინ მონათლა და არც ავტორის რელიგიური შეხედულებების გამო შეშინდა ვინმე). ალბათ უახლოეს მომავალში დასკვნით ნაწილსაც შემოგვთავაზებენ. რაც შეეხება ეკრანიზაციას, ის პირველ ნაწილს ვერ გასცდა, რადგან, მიუხედავად მსახიობთა ოსტატობისა (ლაირას დედის როლს თვით ნიკოლ კიდმანი ასრულებს), წარუმატებელი აღმოჩნდა.

მარტოობა ქვიან სანაპიროზე

ქორწილზე ალბათ ბევრს უოცნებია. ზოგი თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ელოდება, ზოგი – მშვენიერ პრინცესას, რათა ულამაზესი ცერემონიალის შემდეგ ბედნიერი და უღრუბლო ცხოვრება დაიწყოს… მაგრამ არის კი ეს ასე? ასე ფიქრობდნენ ედუარდი და ფლორენსიც, რომლებიც თაფლობის თვის გასატარებლად ქვიან სანაპიროს ესტუმრნენ… თუმცა ყველაფერი სულ სხვაგვარად მოხდა და იცით რატომ? არა, იმიტომ არა, რომ ისინი სრულიად არ შეეფერებოდნენ ერთმანეთს (მუსიკაც კი სხვადასხვაგვარი მოსწონდათ, რომ აღარაფერი ვთქვათ რადიკალურად განსხვავებულ ოჯახებზე), არც იმიტომ, რომ ერთმანეთი არ უყვარდათ (პირიქით, ძალიან უყვარდათ). მთავარი მიზეზი ის დიდი პატარა ტუილი გახლდათ, რომელიც უხილავ ბარიერად აღიმართა მათ შორის… ამ კედელმა უხილავობა მხოლოდ მანამდე შეინარჩუნა, სანამ არ დაღამდა… სანამ ისინი არ გამოუტყდნენ საკუთარ თავს, რომ სიყვარული მათთვის მხოლოდ სულიერი კავშირი იყო და ფიზიკურ ლტოლვასთან საერთო არაფერი ჰქონდა… სანამ მარტო არ დარჩნენ ქვის სანაპიროზე… ერთად, მაგრამ მარტო… მეტი

Previous Older Entries