მსოფლიოს საუკეთესო დეტექტივი

გიყვართ დეტექტივები? ვერ გეტყვით, რომ ამ ჟანრში პროფესიონალი ვარ, თუმცა მეტ-ნაკლებად ვიცნობ. არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ განსაკუთრებით არტურ კონან დოილსა და აგათა კრისტის ვაფასებ და მათი “ბასკერვილების ძაღლი” და “მკვლელობა აღმოსავლეთის ექპრესში” მსოფლიოს საუკეთესო დეტექტივებად მიმაჩნია. რატომ? ახლავე გეტყვით.

ბასკერვილების მამულში დატრიალებული მისტიკური ტრაგედია ერთი შეხედვით ძალიან ჩვეულებრივია. დამნაშავის ვინაობაც მარტივი გამოსაცნობია, თუმცა არასდროს დამავიწყდება 2001 წლის ზაფხული, როცა გურიაში დასვენებისას პირველად წავიკითხე… არა, არ შემშინებია, არც გავოცებულვარ… უბრალოდ მივხვდი, რომ დედუქციის მეთოდის ოსტატი შერლოკ ჰოლმსისა და უნიათო ექიმი უოტსონის მორიგი თავგადასავალი, რომელიც მწერალმა გოთიკური ელემენტებით გააჯერა (მაშინ – 10 წლის ასაკში, რა თქმა უნდა, ამას ვერ მივხვდი და უბრალოდ მოვიხიბლე სერ არტურის მიერ შექმნილი ძაღლის “საშიში” სახით) ძალიან, ძალიან დახვეწილი დეტექტივია…

გაოცებამ ოდნავ მოგვიანებით – იმავე წლის ზამთარში – მომიცვა (შერლოკით აღფრთოვანებულმა ჟანრის უკეთ გაცნობა გადავწყვიტე), როდესაც აგათა კრისტის გავყევი აღმოსავლეთის ექსპრესში. როგორც კი ულვაშა პუარომ ფეხი ადგა მატარებლის ვაგონში, მაშინვე მივხვდი, რომ განსაკუთრებული თავგადასავალი მელოდა (წინა შემთხვევისა არ იყოს, წიგნი ამჯერადაც დეტექტივის სხვა ისტორიით დაიწყო და უკვე ვიცოდი, ვისთან მქონდა საქმე), თუმცა იმას, რაც შემდგომ მოხდა, ვერც კი წარმოვიდგენდი. მკვლელობა? ეს ხომ სათაურიდანვე ვიცოდი… მაგრამ მოტივი? მკვლელი? მატარებელს ხომ უამრავი მგზავრი ჰყავს… რომელია ის, ვისაც ვეძებთ? ვერსადროს გამოიცნობთ! აი სწორედ ამაშია საქმე! სწორედ ამიტომაა ჩემთვის “მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში” მსოფლიოს საუკეთესო დეტექტივი!

P.S. დიდი ხანია ქინდლში ერთი “თარო” მაქვს, რომელიც ყველაზე ცნობილი დეტექტივებითაა სავსე. იშვიათად რომელიმეს თუ ამოვარჩევ და გადავშლი, თუმცა უმეტესი ნაწილი რიგს ელოდება. იმედი მაქვს, წელს თუ არა, 2020-ში მაინც ჩავუჯდები საფუძვლიანად ამ უსამართლოდ დაუფასებელ ჟანრს (ფანტასტიკისა არ იყოს).

დატოვე კომენტარი