გურული დღიურები

“როგორც ერთი ჩემი მეგობარი იტყვის: მსოფლიო ორ ნაწილად იყოფა — გურულები და დანარჩენი”

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სისხლის მხოლოდ 50%-ია გურული, გურიას ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა (ასე განსაჯეთ და ცხოვრების გზაზე შემთხვევით თუ შევხვდი გურულს, შორიდანვე ვცნობ). ამიტომ, როდესაც შუაგული შვებულების დროს მაღაზიის თაროზე გიორგი კეკელიძის “გურული დღიურების” “ერთიანი” გამოცემა დავინახე, გვერდი ვერაფრით ავუარე. მეტი

ქრონიკული დაღლილობის სურნელი

ეს ციმბირია – ცივი ირკუტსკი, ეს კი საშა ხუბოვია საქართველოდან! როგორ მოხვდა ამ შორეულ მხარეში? სამეცნიერო ექსპედიციასთან შეერთების მიზნით ჩამოვიდა და მის მოლოდინში ამავე ექსპედციის კიდევ ერთ წევრთან – პაშასთან შეხვედრა, მანამდე კი სასტუმროს თანამშრომელ ვერონიკასთან (რომელიც ირგვლივ ქრონიკული დაღლილობის სურნელს აფრქვევდა) გართობა გადაწყვიტა. თითქოს უწყინარი დასაწყისია, არა? სინამდვილეში ეს ამბები ერთ დიდ გაუგებრობაში გადაიზარდა. ჯერ იყო და ვერონიკას ყოფილი (თუ შეიძლება ასე ეწოდოს) შეყვარებული მხოლოდ ძალადობაში კი არა, ჯადოქრობაშიც იქნა ეჭვმიტანილი, მერე პაშას ქალიშვილი დაიკარგა და ქალაქში დიდი ნადირობა გამოცხადდა მის სავარაუდო მკვლელ მანიაკზე… სწორედ ასეთ დეტექტიურ, ფანტასმაგორიულ, იუმორისტულ, მისტიკურ, შიზოფრენულ ისტორიაში აღმოჩნდა ჩათრეული საშაც და იძულებული გახდა ისეთ კითხვებზე ეპასუხა, რომლებზეც ალბათ ქვეცნობიერად მთელი ცხოვრება ვფიქრობთ – შეიძლება მტრის შეყვარება? და თავდაცვის ინსტინქტის “გამორთვა” სხვების გადარჩენის მიზნით? ეს უკვე თავად უნდა ნახოთ – უბრალოდ საშას გაჰყევით ირკუტსკში… მეტი

საქართველოს ისტორია რეიფილდისგან

საქართველოს ისტორიას მეტ-ნაკლებად ყველა ვიცნობთ, რადგან მისი შესწავლა ჩვენთვის სავალდებულო გახლდათ. თუმცა უმეტესად ზედაპირულად ვსწავლობდით (სახელმძღვანელოების, პედაგოგების თუ უბრალოდ მძიმე პერიოდის “დამსახურებით”)… და აი ახლა დონალდ რეიფილდისა და “პალიტრა L”-ის დახმარებით შეგვიძლია კიდევ ერთხელ გავაღოთ კარი წარსულში. მეტი

ის

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დერიში! თუმცა სიტყვა “კეთილი” აქ რა მოსატანია… ქალაქში ხომ უბედურება ტრიალებს – გაურკვეველი ადამიანი თუ ძალა მოსახლეობას – ძირითადად ბავშვებს – ხოცავს! ეს ერთი შეხედვით მშვიდი დასახლება შიშს მოუცავს და გამოსავალიც არ ჩანს. პოლიცია მხოლოდ ვერსიებზე მსჯელობს და კომენდანტის საათს აწესებს, რაც, რა თქმა უნდა, საქმეს ვერ შველის. ნამდვილი დამნაშავე უცნობია და მსხვერპლთა რაოდენობაც იზრდება… მეტი

გერმანული ტრაგედია

“ეს წიგნი არც ბრალდებაა და არც აღსარება. იგი მხოლოდ იმ თაობის ამბის თხრობას ცდილობს, რომელიც მისთვის განკუთვნილ ყუმბარებს კი გადაურჩა, მაგრამ ომისგან მაინც დაინგრა.” – “დასავლეთის ფრონტი უცვლელია”

ისევ დადგა გაზაფხული… 74-ე გაზაფხული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ… იმ ომის შემდეგ, რომელიც წიგნების დაწვით დაიწყო და მილიონობით სიცოცხლე შეიწირა… დღეს გერმანია სულ სხვანაირი ქვეყანაა, რადგან აღიარა მომხდარი, ხაზი გადაუსვა ორ მსოფლიო ომს და გააგრძელა ცხოვრება, თუმცა საზოგადოების (ძირითადად მაშინდელ საბჭოელთა) ნაწილში ფეხი მოიკიდა აგრესიამ გერმანელთა მიმართ… მაგრამ რატომ არავინ იფიქრა მათზე – უბრალო გერმანელებზე? სკოლის მერხიდან ფრონტის ხაზზე გადასროლილ ახალგაზრდებზე, ბრძოლის ველზე სისხლისგან დაცლილ ან სამუდამოდ დაინვალიდებულ სიცოცხლით სავსე მამაკაცებზე, მათზე, ვისაც ისეთი სიყვარული შეუძლია, როგორიც პატი ჰოლმანსა და რობერტ ლოკამპს, ისეთი მეგობრობა – როგორიც გოტფრიდ ლენცსა და ოტო კესტერს… მათაც ხომ გადაიტანეს უდიდესი ტრაგედია – სიკვდილი ან სიცოცხლე, რომელსაც ომის აჩრდილი სდევს თან… მაგრამ მათ შეძლეს ჭაობიდან ამოსვლა… და ჩვენ? ჩვენ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ წარსული გავიაზროთ? რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყუმბარამ არ დაანგრიოს ჩვენი ცხოვრება? მხოლოდ სიმართლისთვის თვალებში ჩახედვით შეიძლება იმის მიღწევა, რომ აღარავინ დახუჭოს თვალები სამუდამოდ მაშინ, როდესაც “დასავლეთის ფრონტი უცვლელია”, არავინ ხვდებოდეს განთიადს მეგობრისა და საყვარელი ადამიანის გარეშე… მეტი

ზაფხული რეისთან ერთად

ალბათ დამეთანხმებით, რომ ზაფხული წელიწადის საუკეთესო დროა, განსაკუთრებით ბავშვობაში. ეს ხომ 3 თავისუფალი თვეა, როდესაც იმას ვაკეთებთ, რაც გვსურს – მეგობრებთან ერთად ვერთობით, ნაყინს მივირთმევთ და არ ვფიქრობთ, რომ წინ შემოდგომაა… ზუსტად ასეთ ისტორიებს გვიყვება რეი ბრედბერი – ხან ბაბუაწვერას ღვინოს გვთავაზობს, ხან ზაფხულს ემშვიდობება… ეს ყველაფერი კი გრინთაუნში ხდება – ჩვენს საყვარელ “ლიტერატურულ” ქალაქში… მეტი

სამოთხის ამ მხარეს

„სამოთხის ამ მხარეს დიდი ვერაფერი ბედენაა ჭკუა-გონება.“ (რუპერტ ბრუკი
)

სამოთხის ამ მხარეს, მე-20 საუკუნის დასაწყისის ამერიკაში ემორი ბლეინი ცხოვრობს. ის რომანტიკული ეგოისტია… ალბათ ზუსტად ისეთი, როგორიც იყო ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, როდესაც თავის პირველ რომანს წერდა… ამ დროს მას უკვე დასრულებული ჰქონდა სწავლა პრინსტონში, უყვარდა ზელდა, იყო ომში და წერდა… წერდა, თუმცა მისი პირველ პირში დაწერილი რომანი უარყვეს და მაშინ მან შექმა ის, რასაც დღეს ვკითხულობთ (თუმცა რომ არა მაქსველ პერკინსი, ალბათ საერთოდ ვერ წავიკითხავდით ფიცჯერალდს, ჰემინგუეის, ვულფს…)… მეტი

აბესალომ, აბესალომ!

“და ცრემლოოდა მეფე და აღჴდა ქორსა მას ზედა მის ბჭისასა, და ტიროდა ფრიად და იტყოდა: შვილო ჩემო აბესალომ, აბესალომ, შვილო ჩემო! ვინამცა მომაკუდინა მე სიკუდილისა შენისა წილ, შვილო ჩემო აბესალომ, შვილო ჩემო აბესალომ!”

უილიამ ფოლკნერის ერთი წიგნი, მისი თუნდაც ერთი პატარა მოთხრობაც კი თუ წაგიკითხავთ, გეცოდინებათ, რომ მასთან “შეხვედრა” მარტივი სულაც არაა… მაგრამ ძალიან სასიამოვნო კი არის. გრძელი წინადადებები (სწორედ “აბესალომ, აბესალომ!” არის ის წიგნი, რომელიც შეიცავს ყველაზე გრძელ – 1288 სიტყვიან – წინადადებას), ფრჩხილები (ერთი მომენტი ისიც კი ვიფიქრე, რომ ფოლკნერის ხელწერა მაქვს:)))) და იშვიათი აბზაცი და დიალოგი ამძიმებს კითხვის პროცესს, თუმცა ამასთანავე ისე გვითრევს, რომ თავი იოკნაპატოფას ოლქში გვგონია. ზუსტად ასევეა მისი ერთ-ერთი საუკეთესო (ყოველ შემთხვევაში, მათ შორის, რაც უკვე წავიკითხე) ნაწარმოები “აბესალომ, აბესალომ!” მეტი

ქართლის ჭირი

IMG_20180429_131452 ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლისო… ამაზე ჯერ კიდევ დავით გურამიშვილი წერდა მე-18 საუკუნეში, თუმცა ალბათ ის ვერც კი წარმოიდგენდა, რა სახეს მიიღებდა ეს ერთი საუკუნის შემდეგ… როგორი აქამდე არნახული ჭირი ელოდა საქართველოს მე-19 საუკუნიდან მე-20 საუკუნის ბოლომდე (თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს პროცესი უკვე დასრულდა)… რუსეთის მსგავსი მტერი არასდროს გვყოლია… არასდროს დარჩენილა მამულიშვილთა სიტყვები ასეთ “ხმად მღაღადებლისა”, არასდროს წამოსულა ასეთი “სისხლის წვიმები”, არასდროს დანგრეულა ასეთი ხმაურით “ნაცრის კოშკი”, არასდროს გვინახავს ასეთი “ნათლისქრობა”… სწორედ ამაზე წერს გურამ გეგეშიძე თავის ტეტრალოგიაში, რომელიც უბრალოდ კარგი მხატვრული ლიტერატურა არ არის – ეს ნამდვილი მატიანეა! მეტი

სიზმართმჭერი

უცხოპლანატელების მიერ დედამიწის დაპყრობაზე რამდენი წიგნი წაგიკითხავთ? და რამდენი ფილმი გინახავთ? ალბათ უამრავი. ეს თემა უკვე ერთგვარად გაცვეთილიც კია… მხოლოდ სტივენ კინგი თუ მოახერხებს იმას, რომ კიდევ ერთხელ “შეგვითრიოს” ასეთ სამყაროში -უფრო სწორად, სამყაროთა შორის გამართულ ომში… მეტი

Previous Older Entries