გიყვართ ფენტეზი? და სამეცნიერო ფანტასტიკა? თუ ორივე კითხვაზე დადებითი პასუხი გაქვთ, მაშინ ნატო დავითაშვილის ახალი წიგნი თქვენთვის დაიწერა! არა, აქ ვერ ნახავთ იროელთა ქრონიკებში აღწერილ სამყაროს, მაგრამ არც ორსის სამყაროში მოიწყენთ. აქ ხომ ერთგვარ მეცნიერებს საკუთარი ორდენი შეუქმნიათ და სამყაროთა დაფინანსებით ამ უკანასკნელთათვის განსაკუთრებული თვისებებით შემკულ ნივთებს ქმნიან. დიახ, მართალი ხართ. ასეთი უნარების ხელში ჩაგდება უამრავი კეთილი საქმის გაკეთების საწინდარია, მაგრამ ერთი დეტალი გამოგრჩათ – ორსის სამყარო ჩვენს სამყაროს ჰგავს და აქაც ზუსტად ისევე იყენებენ ძალაუფლებას, როგორც აქ – მათ საკუთარი კეთილდღეობისა და სხვების განადგურებისკენ მიმართავენ… ასე ხდება მანამ, სანამ ორდენს ჩუმი ჰურაბი ჩაუდგება სათავეში და ყველა ნივთს ცხოველებად აქცევს… ასე იქმნება ორსის ორდენის სამხეცე და ასე იწყება დაუვიწყარი და თავბრუდამხვევი თავგადასავალი, რომელშიც მონაწილეობენ: ერთ-ერთი სამყაროს მეთაურის და, რომელიც ორდენის წევრებზე მეტი ნიჭითაც კია დაჯილდოებული, ორდენის ახალი მეთაური, წევრები, მხეცების მომვლელი… და კატა… ნუ გიკვირთ. კატა მაშინაც კი ფრიად იდუმალი გახლავთ, როდესაც მხოლოდ ცხოველია… და აბა წარმოიდგინეთ, როგორი მნიშვნელოვანი ვინმე იქნება, როცა მასში გონიერი არსება გაიღვიძებს… მიზანი კი ერთია – ცხოველების “ნივთიერი” სახის ამოცნობა და მათთვის პირვანდელი იერის დაბრუნება (რა თქმა უნდა, თვისებებითურთ)… ოღონდ ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ამჯერად რეალური დანიშნულება შეიძინონ… გამოგვივა ამის გაკეთება ჩვენს გმირებთან ერთად თუ ენერგიის ბალანსს დავარღვევთ და ორსის სამყაროს და სამხეცეს გავანადგურებთ? ეს თავად ნახეთ. მერწმუნეთ, ჟანრის მოყვარულები ნამდვილად არ ინანებთ!
ორსის ორდენის სამხეცე
30 აგვისტო 2019 დატოვე კომენტარი
in ლიტერატურა, ქართული ტეგები:ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ნატო დავითაშვილი, ორსის ორდენის სამხეცე, ფენტეზი, წიგნები ბათუმში
ბოლო კომენტარები