საგაზაფხულო წიგნები (ნაწილი I)

ჰაინრიხ ბიოლის “კლოუნის თვალთახედვა” – ეს არის ისტორია კლოუნი შნირისა, რომელმაც ყველაფერი დაკარგა – ხელოვნება, საყვარელი ქალი. რწმენა არც არასდროს ჰქონია, მშობლები კი იმ მდიდართა კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებიც შვილებსაც კი გასწირავენ, ოღონდ “ებრაელი იანკები” დამარცხდნენ. ასეთ ოჯახში აღზრდილი ხელმოცარული კლოუნი ვერ აკეთებს არჩევანს კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებს შორის, ვერ ეგუება პოლიტიკისა და ფულის ბატონობას, მარის წასვლა კი საბოლოოდ უღებს ბოლოს – ის ცარიელი თვალებით უყურებს გრიმით გათეთრებულ  სახეს სარკეში და გაუცხოებას გრძნობს როგორც საზოგადოების, ისე საკუთარი თავის მიმართ. ასეთია სხვებისგან განსხვავებული ხელოვანის მარტოსული ცხოვრება საუკუნეში, რომელსაც თუ აუცილებლად სახელი უნდა დაერქვას, პროსტიტუცია ჰქვია და სადაც “ზოგიერთი ცოცხალი მკვდარია, ზოგიერთი მკვდარი კი ცოცხალი.”…კლოუნის თვალით დანახული გერმანიის გაცნობა ნამდვილად საინტერესო იყო, ისევე როგორც ომისშემდგომი ცხოვრების – “უკაცო სახლში”, თუმცა მელანქოლიით შეპყრობილმა შნირმა უფრო “ჩემი ნაღვლიანი სახე” გამახსენა…

ლევ ტოლსტოის “კრეიცერის სონატა” – ლევ ტოლსტოის დიდი ხნის წინ შევხვდი და პატარ-პატარა შესვენებებით საფუძვლიანად გავიცანი. დღეიდან ამ მწერლის წაკითხულ ნაწარმოებებს “კრეიცერის სონატაც” შეემატა. ეს მოთხრობა ხალხმა არაერთგვაროვნად მიიღო, ამიტომ თავად ავტორმა განგვიმარტა, თუ რა იგულისხმა ეჭვიანობის ნიადაგზე ქმრის მიერ ცოლის მოკვლის ამბავში. პირველ რიგში, ის ეწინააღმდეგება მრუშობას. სწორედ ამას უკავშირებს ის ღალატს და ბავშვების დაბადების თავიდან აცილების სურვილს. რაც შეეხება უკვე დაბადებულ ბავშვებს, ტოლსტოის აზრით, მათ ადამიანებად კი არა, ცხოველებად ზრდიან, რადგან მხოლოდ მათ ფიზიკურ მხარეზე ზრუნავენ. საბოლოოდ, ერთ დასკვნამდე მივდივართ – მწერალი უარყოფს ქორწინების საიდუმლოს და ამბობს, რომ ასეთი რამ ქრისტიანულ რელიგიაში საერთოდ არ არსებობს… მოკლედ, ორ რამეში დავრწმუნდი – ლევ ტოლსტოის სათქმელის გადმოსაცემად სულაც არ სჭირდებოდა უზარმაზარი ნაწარმოებების წერა და მისი ეკლესიიდან განკვეთა გასაკვირი სულაც არ არის…

დანტე ალიგიერის “ღვთაებრივი კომედია” – მორიგი მოგზაურობა სამოთხის, სალხინებლისა და ჯოჯოხეთის მიმართულებით განვახორციელე. თავად ნაწარმოებზე ბევრს არ ვილაპარაკებ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მშობლიურ ენაზე პოემის წაკითხვას არაფერი სჯობს (რა თქმა უნდა, ორიგინალის გარდა, მაგრამ სამწუხაროდ, იტალიურად მხოლოდ რამდენიმე აუციელებელი სიტყვა ვიცი). კონსტანტინე გამსახურდიამ მართლაც შესანიშნავად გაართვა თავი თარგმანს და ისეთი შთაბეჭდილება დამიტოვა, თითქოს პირველად ვეცნობოდი დანტეს…

ფედერიკო გარსია ლორკას “ბერნარდა ალბას სახლი” – ამ პიესამდე სპექტაკლის “გავლით” მივედი. მისი სცენაზე გაცოცხლება არაერთმა რეჟისორმა სცადა და როგორც აღმოვაჩინე, გარდა შემოქმედებითი ჯგუფისა, მათი წარმატების მიზეზი სწორედ ფედერიკო გარსია ლორკას პიესაა. თავად მწერალს თუ დავუჯერებთ, ეს ისტორია ესპანელ ქალსა და მის ოჯახზე, რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული, ასე რომ, პიესების მოყვარულებს და ესპანელთა ცხოვრებით დაინტერესებულებს აუცილებლად მოეწონებათ…

პერ ლაგერკვისტის “ბარაბა” – ლაგერკვისტის გაცნობას დიდი ხანია ვგეგმავდი, მაგრამ ამ პოსტის შემდეგ ცდუნებას ვეღარ გავუძელი და არც შევმცდარვარ… ბიბლიური თემა ბევრმა მწერალმა აირჩია, მაგრამ ბარაბაზე აქამდე არაფერი წამიკითხავს. პირველად გავიგე, რა შეიძლებოდა მოსვლოდა ბარაბას გათავისუფლების შემდეგ… მოკლედ, ეს არის მოთხრობა რწმენის ძიებასა და საკუთარ თავთან ბრძოლაზე…


15 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    აპრილი 22, 2012 @ 00:05:32

    ლაგერკვისტის “ჯუჯასაც” გირჩევდი. რუსულად “კარლიკ” ჰქვია. პირველი ეგ იყო, რაც წავიკითხე და გავოგნდი.

    Like

    პასუხი

  2. mecmikvarkhar
    აპრილი 23, 2012 @ 12:41:48

    ყველა ერთმანეთზე უკეთესია ❤ ლაგერკვისტი ჩემი სისუსტეა, ძალიან მიყვარს

    Like

    პასუხი

  3. tamara
    აპრილი 24, 2012 @ 02:26:10

    სადაც ტოლსტოის ახსენებენ, იქ მეც ვარ! 🙂
    ნუ, რა ვუყოთ, თუ ბიოლის ეს ნაწარმოები არ მაქვს წაკითხული, თანაც, ბიოლი ერთგან უკვე შევაქე…
    კრეიცერის სონატას რაც შეეხება, ძლიერი ნაწარმოებია, ჩემი აზრით. ლორდმა თქვა, ფროიდისტებს უყვართო… ნუ, რა ვიცი 🙂

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      აპრილი 24, 2012 @ 13:48:01

      “იმ” ცნობილი წერილის მერე სხვანაირად არც შეიძლება 🙂 გაუხარდებოდა ლევს ასეთი დაფასება…
      წესით ფროიდისტებს უნდა უყვარდეთ. მათ “სტილშია” 🙂

      Like

      პასუხი

  4. სანდრო
    აპრილი 24, 2012 @ 20:34:37

    ეჰ ერთადერთი დანტე ვიცი და მეც ძალიან მიყვარს, კიდევ ოთხი წასაკითხი წიგნი დამემატა 🙂

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      აპრილი 24, 2012 @ 22:43:23

      წასაკითხები ყოველთვის აღემატება ხოლმე წაკითხულებს… მაგრამ ეს არის კითხვის “მუღამი” 🙂 … და ბლოგებისაც…

      Like

      პასუხი

  5. tsotnee
    აპრილი 25, 2012 @ 18:38:16

    2 მაქვს და დანარჩენებსაც ვიშოვი. 🙂

    Like

    პასუხი

  6. christali
    აპრილი 29, 2012 @ 20:56:02

    რამოდენიმე დღის წინ მოვრჩი ჰაინრიჰ ბიოლის ,,კლოუნის თვალთახედვას’’ კითხვას, ძალიან მომეწონა, ეხლა ,,უკაცო სახლს’’ ვკითხულობ, მომწონს, მომწონს:))

    Like

    პასუხი

  7. rusa111
    ივნ 02, 2012 @ 15:07:23

    ძალიან მიყვარს ჰაინრიხ ბიოლი, მართლა დიდი სევდა და სიყვარულია რომანში
    “კლოუნის თვალთახედვა”, ადამიანური და სიცოცხლის სიყვარული სევდანარევი, რა თქმა უნდა.

    Like

    პასუხი

  8. Trackback: “ისტორიული” მარტი | კეჟერაძის ბლოგი

დატოვე კომენტარი