X/2011

არდადეგები დამთავრდა, მაგრამ ლიტერატურული მოგზაურობები გრძელდება 🙂

ჩინგიზ აითმათოვის “საჯალათო კუნძი” – ეს არის კიდევ ერთი წიგნი, რომლის ფურცლებზეც ვხვდებით ქრისტეს ჯვარცმის სცენას და პილატე პონტოელს, მაგრამ კაცობრიობის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენა არ არის შუა აზიელი მწერლის ნაწარმოების მთავარი თემა. ღმერთის ძიება, ნარკომანია, ეკოლოგია – ეს ის პრობლემებია, რომლებსაც აითმათოვი უღრმავდება. ნაწარმოების ცენტრალური ფიგურაა ყოფილი სემინარისტი კალისტრატოვი, რომელიც ნარკომანიის წინააღმდეგ იბრძვის და მგლების მკვლელებთან დაპირისპირებას ჯვარცმამდე მიჰყავს (სიმბოლურია მისი ბიბლიური სახელიც – აბდია). “სამყაროს დასასრული” დგება ბოსტონის ცხოვრებაშიც. ორივე მათგანი იმ საქმეში ერევა, რომელიც თითქოს მათ არ ეხება(ისინი უპირისპირდებიან ბოროტ ძალას ნარკომოვაჭრე გრიშანის და ლოთი ბეზარბაის სახით), მაგრამ მათ იციან, რომ: ” ნებისმიერი ბოროტება, ნებისმიერი დანაშაული დედამიწის ნებისმიერ წერტილში გვეხება ჩვენ, თუნდაც შორს ვიყოთ და არც კი ვიცოდეთ მის შესახებ.”  ბოლოს კი კვლავ მიედინება ისიკ-ყული და სიკეთეც არ მარცხდება, სანამ ჟღერს მუსიკა, რომელშიც ნათქვამია ყველაფერი: “სიცოცხლე, სიკვდილი, სიყვარული, თანაგრძნობა და შთაგონება. მხოლოდ მასში მივაღწიეთ უმაღლეს თავისუფლებას. მხოლოდ მუსიკა, ყველა დროის დოგმების გადალახვით, ყოველთვის მიმართულია მომავლისკენ. და ამიტომ ის ამბობს ყველაფერს, რისი თქმაც ჩვენ ვერ შევძელით…”

ალექსანდრ დიუმას “კავკასია” – მორიგი მოგზაურობის მარშრუტად XIX საუკუნის კავკასია ავირჩიე, მეგზურად კი – ძველი ნაცნობი, მონტე-კრისტოსა და მუშკეტერების “მამა” ალექსანდრ დიუმა. აქაც დაახლოებით ისეთი სიტუაცია დამხვდა, როგორც ზემოთხსენებული რომანების ფურცლებზე: უზუსტობები ისტორიულ ფაქტებში, ბევრი გამოგონილი ამბავი და ცოტაოდენი სიმართლე (ამ სიმართლეს შეიძლება მივაკუთვნოთ შემდეგი სიტყვები: “ქართველი ყოველთვის ღია გულით დადის.”). ჩემი აზრით, დიუმა ისტორიული რომანებით უფრო ახერხებდა მკითხველთა გულის დაპყრობას (სამოგზაურო ჩანაწერებში ნამდვილად ჯონ სტაინბეკი სჯობს : ) ). დანტესისა და დ’არტანიანის თავგადასავლები თავის დროზე ბევრად უფრო საინტერესოდ მეჩვენა, ვიდრე მწერლის კავკასიური ნადირობა, შამილის ოჯახური ცხოვრება ან ცხენებთან დაკავშირებული პრობლემები. საერთო ჯამში ცუდი არ იყო, მაგრამ მეტს ველოდი.

თეოდორ დოსტოევსკის “სოფელი სტეპანჩიკოვო და მისი მცხოვრებნი” – “წარმოიდგინეთ ძალიან უმნიშვნელო, ძალიან უგულო,  საზოგადოებისგან გარიყული ადამიანი, რომელიც არავის სჭირდება, მაგრამ საოცრად თავმოყვარეა და ამასთან არანაირი ნიჭით არ არის დაჯილდოებული, რომ როგორმე გაამართლოს თავისი ავადმყოფური სიამაყე და გაღიზიანება.” – წარმოიდგინეთ? მაშინ უკვე იცნობთ ფომა ფომიჩს. პირადად მე ამ ადამიანმა და მის ირგვლივ შეკრებილმა საზოგადოებამ არქიფო სეთური და საირმის ტყის მოსახლეობა გამახსენა. იგივე უსაზღვრო დემაგოგია, ფარული დესპოტიზმი, უაზრო მორჩილება და პირველიდან ბოლო გვერდამდე სურვილი – ვინმემ ამოიღოს ხმა და მიახრჩოს ეს უსინდისო მუქთახორა : )) მოკლედ რომ ვთქვა, პატარა ნაწარმოებია, მაგრამ ისეთი, როგორიც დოსტოევსკის ეკადრება.

ანრი ტრუაიას “თეოდორ დოსტოევსკი” – “ის იწვოდა თავგანწირვის სურვილით, მზად იყო გაეხსნა გული პირველი შემხვედრისთვის, მაგრამ წინასწარ იკეტებოდა საკუთარ თავში. მას ეშინოდა ცხოვრების. ის შეპყრობილი იყო ტანჯვის იდეით. მას არ ესმოდა, როგორ შეიძლებოდა არ ჰყვარებოდათ ის მაშინ, როცა თავად მას ყველა უყვარდა,” – ეს არის თეოდორ დოსტოევსკი – ყველა ლიტერატურის მოყვარულისთვის კარგად ნაცნობი მწერალი. თუ მოგწონთ მისი ნაწარმოებები და გსურთ უკეთ გაიცნოთ მისი პიროვნება, მაშინ მეგზურად ანრი ტრუაია უნდა აირჩიოთ. მასთან ერთად ნახავთ პატარა ფიოდორს, გაიცნობთ ცნობილ რუს მოღვაწეებს და მწერლის სამ დიდ სიყვარულს, შეიხედავთ მის სამუშაო ოთახსა და ოჯახში, ჩაწვდებით სიკვდილმისჯილის, კატორღელის, ეპილეფსიით დაავადებულის, მოთამაშის, გარიყული შემოქმედის, პატრიოტისა და მორწმუნის განცდებს. მოკლედ, თუ გიყვართ დოსტოევსკი, ტრუაია იმედს არ გაგიცრუებთ.

უმბერტო ეკოსა და ჟან-კლოდ კარიერის ”არც იფიქროთ წიგნებისგან თავის დაღწევა” – წიგნი თუ კომპიუტერი? ალბათ ჯერჯერობით ეს არის XXI საუკუნის მთავარი კითხვა. ბოლო დროს ამ “ბრძოლაში” რიდერიც ჩაერთო და პასუხის გაცემა უფრო რთული გახდა. სწორედ წიგნის სიცოცხლისუნარიანობაზე საუბრობენ უმბერტო ეკო და ჟან-კლოდ კარიერი. როგორც წიგნის შესავალშია ნათქვამი: “ეს საუბრები მოხიბლავს ყველას – და განსაკუთრებით მათ, ვისაც უყვარს წიგნები.” ლიტერატურასთან დაკავშირებული თემების მიმოხილვის შემდეგ მოხუცი ბიბლიოფილები ერთ დასკვნამდე მიდიან: “მიუხედავად იმისა, რომ წიგნებს  სხვა, უფრო მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი ინფორმაციის მატარებლებისთვის უწევთ კონკურენციის გაწევა, ისინი მაინც ინარჩუნებენ პოზიციებს და ამტკიცებენ თავიანთ დამოუკიდებლობას. ბორბლის დამარცხება შეუძლებელია.” (სხვათა შორის, უმბერტო ეკო უცნობი მწერლებისა და შედევრების შესახებ საუბრისას “ვეფხისტყაოსანსაც” ახსენებს : ) )