ზამთრის ბოლო მოგზაურობები (ნაწილი 2)

ტენესი უილიამსის პიესები – რადგან პიესებთან დაბრუნებამ ასე თუ ისე “გაამართლა” და დიდი მოცულობის ნაწარმოებსაც ვერ “ჩავუჯექი”, ამიტომ ისევ დრამატურგს მივმართე. თან ტენესი უილიამსის პიესების მიხედვით გადაღებული ფილმებიც მელოდა და ჩემი ტრადიცია “ჯერ წიგნი, მერე ფილმი” არ დავარღვიე. პირველი პიესა “კატა ცხელ თუნუქის სახურავზე” განსაკუთრებული სიუჟეტით არ გამოირჩევა. ეს არის ერთი დღე ამერიკული ოჯახის ცხოვრებიდან. აქ შეხვდებით გალოთებულ ყოფილ სპორტსმენს, რომელსაც თავისი ცხოვრების ერთი ეპიზოდი სტანჯავს და ვერ გაუგია, რომ “არ შეიძლება ცეცხლმოკიდებული სახლის ჩაკეტვა ხანძრის დავიწყების იმედით”, მის ცოლს, რომელიც ცხელ თუნუქის სახურავზე მოსიარულე კატას ჰგავს, მომაკვდავ მამას და მის ქონებაზე მონადირე ოჯახის წევრებს. მოკლედ, ეს არის პიესა ერთ გალიაში ჩამწყვდეული კატების ბრძოლაზე… მეორე პიესაში “ოცნების” დაკარგვის შემდეგ მარტოსულობით შეპყრობილი ბლანშ დიუბუა ტრამვაი “სურვილს” დისა და სიძის “უცნაურ” ოჯახში მიჰყავს. ბლანშის უკანასკნელი გაჩერება ფსიქიატრიული კლინიკაა…(P.S. სტელამ საოცრად გამაღიზიანა და მარლონ ბრანდოზეც “დამეკარგა წარმოდგენა” : ) )

თეოდორ დოსტოევსკის მოთხრობები – ამ მოგზაურობაზე დიდი ხნით აღარ შევჩერდები. მხოლოდ ერთს ვიტყვი: “იკითხეთ დოსტოევსკი, გიყვარდეთ დოსტოევსკი, -თუ შეგიძლიათ, თუ არ შეგიძლიათ, ლანძღეთ დოსტოევსკი, მაგრამ იკითხეთ…”

ტიერი ჟონკეს “ტარანტული” – პედრო ალმოდოვარსა და ანტონიო ბანდერასს ალბათ ყველა იცნობს, ტიერი ჟონკეს კი არც ისე ბევრი. არადა სწორედ ამ მწერლის ნაწარმოების მიხედვით შეიქმნა მათი ჯერჯერობით ბოლო ერთობლივი ნამუშევარი. ეს არის ისტორია “მოფრანკენშტეინო” პლასტიკური ქირურგის შესახებ, რომელიც ტარანტულივით მოხერხებულად აბამს მახეში მსხვერპლს და მასზე უცნაურ ექსპერიმენტებს ატარებს. თანამედროვე მეცნიერებას ყველაფერი შეუძლია, მაგრამ რამდენადაა შესაძლებელი გონების, სულის, სქესის შეცვლა?! იქნებ სხეული მხოლოდ “კანია, რომელშიც ვცხოვრობთ”?! უნდა ვაღიარო, რომ ჟონკეს შექმნილ აბლაბუდაში მეც გავები და ცოტა არ იყოს გამაოცა კვანძის გახსნამ.

უილიამ თეკერეის “ამაოების ბაზარი” – XIX საუკუნის ინგლისის საზოგადოება, ლონდონური ბრწყინვალება და სოფლური  “სიმდაბლე”, მუქთახორა დიდგვაროვნები და ყველაფერზე წამსვლელი მდაბიოები, თაღლითობის, არშიყის, თამაშის, ლოთობისა და ანგარების მორევში ჩაძირული ადამიანები – “აი, ეს არის ამაოების ბაზარი!” ამ ბაზრის მთავარი ფიგურა კი სათნო ემილია სედლის სრული ანტიპოდი ბეკი შარპია, რომელიც მიზანმიმართულად მიიწევს წინ მწვერვალისკენ და მეტი