გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის ანუ ქართული ამბები

“ამ წიგნში მკითხველის მოსატყუებლად საკენკი არ ჰყრია, არც მხსნელი ძაფია სადმე გამობმული, არც თავსატეხია ამოსახსნელი. მასში მხოლოდ და მხოლოდ გულწრფელობაა, კაცის უაზრო, ძალდაუტანებელი თავგადასავალი, როცა იგი – არავინაა, როცა იგი – არაფერია, როცა – თვითონაა.” – ბესიკ ხარანაული

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო… ჯერ კიდევ როდის დაწერა ეს შოთა რუსთაველმა (მართალია, შემდეგ უზარმაზარი ტექსტი მოაყოლა, მაგრამ ეს სხვა თემაა:)) და მართალიც აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე ვრცელ ნაწარმოებებს ვანიჭებ უპირატესობას, უნდა ვაღიარო, რომ ხშირად კარგი მოთხრობა წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მკითხველებზე და იქნებ სჯობს კიდეც ასეულობით გვერდზე გაშლილ რომანს… მაგალითისთვის თუნდაც ბესიკ ხარანაული და ზაალ სამადაშვილი შეგვიძლია განვიხილოთ…

“წიგნი ამბა ბესარიონისა” და “იუნკერ ერისთავის ბუცები” კალმის ერთი მოსმითაა დაწერილი. აქ არც სულისშემძვრელი თავგადასავლები გვხვდება და არც ჩახლართული თავსატეხები, მაგრამ მთავარი ეს როდია. მთავარი ორი ბესარიონის აზრებია, კიდევ – შალვა ერისთავის (ეს ადამიანი და მისი თანამებრძოლები ხშირად უყურადღებოდ გვრჩებიან, რაც ძალიან გულდასაწყვეტია და მეტიც – დანაშაულია), პატიმარი მამის, საკუთარ გადაწყვეტილებაში დაეჭვებული ქალის, ტელევიზორის უცნაური შემკეთებლისა და 90-იანების რეალობის, საბჭოთა პურის, კევისა და ლექციების, კინო-საქართველოზე დაფიქრებული ვახტანგ რურუას, ბოჰუმილ ჰრაბალისა და თავად ზაალ სამადაშვილის გულწრფელი ისტორიები… ჩვენც მეტი რა გვინდა? არც არაფერი… მხოლოდ ოსტატური მონათხრობი და ბევრი ემოცია…

დატოვე კომენტარი