ოსნე საიეშტადი ნორვეგიელი ჟურნალისტია – მამაცი ჟურნალისტი, რომელიც არაფერს შეუშინდა და ცხელ წერტილში ნამდვილი ისტორიები შეაგროვა, წიგნად აქცია და მსოფლიოს სიმართლე დაანახა – სიმართლე ჩეჩნეთსა და რუსეთზე (მანამდე ეს ასე საჯაროდ მხოლოდ ანა პოლიტკოვსკაიამ გაბედა და სითამამისთვის დაისაჯა).
1994 წლის მიწურულს რუსეთი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად დაესხა თავს ჩეჩნეთს (საბჭოთა დროს ბერიას და სტალინის მიერ ხალხის გადასახლება, გენოციდი “ჩვეულებრივ” ამბად ითვლებოდა). რა თქმა უნდა, ტრადიციულად “მშვიდობისმყოფელების” როლში მოგვევლინენ (ამბობენ, რომ უბრალოდ თავდაცვის მინისტრი “დათვრა”). შედეგად ორ წელიწადში ჩეჩნეთში დაახლოებით 100 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
1999 წელს რუსეთმა მეორედ დაიწყო ომი (ამჯერად უკვე “გაძლიერებულმა” პუტინმა მიზეზად ვითომდა ჩეჩნური ტერაქტი გამოიყენა და პოლიტიკური ქულებიც ჩაიწერა). ამ ომს 50 000 მოქალაქე შეეწირა. რიცხვი კვლავაც იზრდება, რადგან დაპირისპირება დღემდე გრძელდება.
ზემოთ მოყვანილი ფაქტები დადასტურებულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციათა მიერ, თუმცა დასავლეთმა ჩეჩნეთის ტრაგედიას სათანადო ყურადღება არ მიაქცია. მსოფლიოში ალბათ ბევრი ეთანხმება რუსეთის მოქალაქეთა გონებაში მყარად გამჯდარ სტერეოტიპს – “ჩეჩნები ბანდიტებად იბადებიან”. იმას კი არავინ ფიქრობს, თუ რა ხდება მაშინ, როცა ბავშვობა ომს ემთხვევა. ობოლი ბავშვები ქუჩებში დაეხეტებიან და ქურდობის მეტი არაფერი დარჩენიათ. ისინი მუდმივად ძალადობის მსხვერპლნი არიან და ღამღამობით აფეთქებების ხმა აღვიძებთ. რომ გაიზრდებიან, შეიძლება სრულიად უდანაშაულოდაც კი დააპატიმრონ, აწამონ, დახოცონ, ან უბრალოდ გააქრონ… ან “კადიროვებში” უნდა გაწევრიანდნენ, რამზანის ფან-კლუბთან ითანამშრომლონ და შეეგუონ “რამზანიაში” პუტინის მარადიული მზერის ქვეშ ცხოვრებას…
კავკასიელები თავისუფლების დაკარგვას არაფრით ეგუებიან და ბოლომდე იბრძვიან, ხშირად გაუმართლებელი მეთოდებითაც. პუტინი კი უფრო დახვეწილი, საბჭოთა პროპაგანდის მეთოდებით იბრძვის – ხალხის გონებაში აღწევს და ახალგაზრდებს სკინჰედებად აქცევს, არმიელებს – “ერთჯერად”, მაგრამ მონური ფსიქოლოგიის ჯარისკაცებად.
ამ ყველაფრის მიუხედავად, იმედი მაინც არსებობს – გროზნოშიც ცხოვრობს ანგელოზი. მას ჰადიზატი ჰქვია (ჩვეულებრივი ადამიანების ისტორიები რეალურია, მაგრამ სახელები, უსაფრთხოების მიზნით – შეცვლილი) და ის უპატრონო ჩეჩენ ბავშვებს ზრდის… ჩეჩნეთს მაინც აქვს მომავალი – მომავალი (თუნდაც შორეული) რუსეთის გარეშე…
P.S. ოსნე საიეშტადმა წიგნი 2007 წლის 17 ოქტომბერს დაასრულა. რამდენიმე თვის შემდეგ პუტინის რუსეთმა ისევ დაიწყო ომი, ამჯერად სხვა (ჩეჩნეთისგან განსხვავებით, ოფიციალურად დამოუკიდებელი) კავკასიური სახელმწიფოს – საქართველოს წინააღმდეგ და მორიგი “რამზანიის” შექმნა მოინდომა…
ივნ 09, 2013 @ 20:08:52
ავღანური დღიურიც ძალიან მომეწონა. კარგად წერს ოსნე.
LikeLike
ივნ 09, 2013 @ 20:40:00
“ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე”? საინტერესო ჩანს…
LikeLike
ივნ 09, 2013 @ 21:37:40
აჰა 🙂 ეს ჩეჩნურია, ის – ავღანური. თავის დროზე მირჩიეს და მართლა კარგი გამოდგა.
LikeLike
ივნ 09, 2013 @ 23:10:39
გამაჟრჟოლა… კარგად გიწერია! მაგრამ არ ვიცი, გავბედავ თუ არა ამ წიგნის გადაფურცვლას: როცა საქმე ბავშვებს ეხება, აუტანლად გულჩვილი ვხდები.
“ქაბულელი წიგნებით მოვაჭრეს” კი ვუყურებ მომავალი მკითხველის თვალებით. მით უმეტეს, შენი და მოლის მიერ ოსნეს ასეთი დახასიათების შემდეგ 🙂
LikeLike
ივნ 10, 2013 @ 00:20:22
“ქაბულელი წიგნებით მოვაჭრეც” არ უნდა იყოს “სასიამოვნო” საკითხავი…ჩეჩნეთის ამბები მძიმეა, მაგრამ სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს (მით უფრო მათთვის, ვისაც რუსეთი კეთილშობილი და მეგობრული ქვეყანა ჰგონია)…
LikeLike
ივნ 10, 2013 @ 23:14:06
sad sheidzleba am cignebis shedzena??
LikeLike
ივნ 10, 2013 @ 23:16:35
ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში… ოსნე საიეშტადის წიგნებს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გამოსცემს.
LikeLike