ბრილკას

ბრილკა! ეს წიგნი შენთვის, ჩემთვის, ჩვენთვის დაიწერა! ნიცა ჯაშმა (სინამდვილეში კი – ნინო ხარატიშვილმა) შენთვის დაწერა საკუთარი ოჯახისა და ქვეყნის ქრონიკა და ამით ისეთი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა, რომ იქნებ ჯერ ვერც თვითონ აცნობიერებს ბოლომდე და ვერც სხვები… რატომ? იმიტომ, რომ შენთვის დაწერილი წიგნი ჯერ გერმანულად გამოიცა, შემდეგ მსოფლიოს სხვა ენებზე ითარგმნა და ისეთმა ადამიანებმა წაიკითხეს, სულ რომ არაფერი იცოდნენ საქართველოს ისტორიაზე ან იცოდნენ, მაგრამ ზედაპირულად… შენ იცოდი, ბრილკა? იცოდი, როგორ ქვეყანაში ცხოვრობდნენ შენი წინაპრები – შოკოლადის ფაბრიკის დამაარსებელი, მისი ქალიშვილები სტასია და ქრისტინე, სტასიას შვილები კოსტია და კიტი, კოსტიას შვილი ელენე, ელენეს შვილები დარია და ნიცა? იცოდი, რომ ქვეყანაში, რომელიც ამქვეყნიურ სამოთხედ მიიჩნევა, 1921 წელს წითელი სიკვდილი შემოვიდა და მას შემდეგ ათასი უბედურება გახდა შესაძლებელი – ისეთი უბედურებები, წარმოუდგენლად რომ გამოიყურება… აბა, თავად განსაჯე – იფიქრებდა ჯადოსნური, თუმცა კი დაწყევლილად მიჩნეული, შოკოლადის ავტორი, რომ 100 წლის მანძილზე მისი საამაყო ქალიშვილი სტასია და მისი სამშობლო ყველაფერს მოესწრებოდნენ, რისი წარმოდგენაც მხოლოდ კოშმარულ სიზმრებში თუა შესაძლებელი? ნამდვილ წყევლას ხომ წითელი ფერი ჰქონდა და არა შოკოლადისფერი… წითელ ქყეყანაში ართმევდნენ სახლებსა და ფაბრიკებს პატიოსან კომერსანტებს, განშორებისთვის წირავდნენ ახალდაქორწინებულებს, შიმშილით სიკვდილისთვის კი დიდგვაროვან ქალებს თუ ლენინგრადელებს ბლოკადისას… წითელ ქვეყანაში პატარა დიდი კაცი გველეშაპივით ყლაპავდა ლამაზ ქალებს და უნგრევდა ცხოვრებას განურჩევლად ყველას – წარამტებული ჩინოვნიკის ცოლს თუ უბრალო სოფლელ გოგოს, რომელსაც განათლების მღების მეტი არაფერი უნდოდა… წითელ ქვეყანაში ხოცავდნენ არდაბადებულ ბავშვებს, დევნიდნენ მათ, ვისაც უბრალოდ საყვარელი საქმის კეთება სურდა ან სამშობლოს გათავისუფლების სურვილით ვერმახტის მხარეს გადავიდა… წითელ ქვეყანაში მკვლელებად, ნარკომანებად, მოძალადეებად აქცევდნენ ახალგაზრდებს… წითელი ქვეყნიდან გარბოდნენ და ბედნიერი, თუმცა კი მაინც უცხო ევროპიდან უმღეროდნენ სამშობლოს, ოჯახს და საყვარელ ადამიანს სევდიან სიმღერებს… წითელ ქვეყანაში რჩებოდნენ და საკუთარ თავს არწმუნებდნენ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იყო, რომ “სიმართლისთვის” ყველა მეთოდი გამართლებულია… წითელ ქვეყანაში სახე ან უფრო ხშირად სული სამუდამოდ უმახინჯდებოდათ ადამიანებს… და აგრძელებდნენ ცხოვრებას… ცხოვრობდნენ, აჩენდნენ წინდაწინვე უბედურებისთვის განწირულ შვილებს და მათთან ერთად მიუყვებოდნენ ისტორიას – გასაბჭოებას, დიდ ტერორს, მეორე მსოფლიო ომს, დიდი კაცისა და პატარა დიდი კაცის აღზევებასა და დაცემას, პრაღის გაზაფხულს, 9 აპრილს… ჯაშები მიდიოდნენ და მოდიოდნენ… ერისთავებიც… წლებიც… ასე გაიარა 7-მა სიცოცხლემ და ერთმა საუკუნემ…

ბრილკა! ნიცამ შენ გაჩუქა მერვე სიცოცხლე – ის უსასრულობა, რომელიც შენი წინაპრებისგან განსხვავებით თავად შეგიძლია შეავსო. შენ შენი ხელით უნდა დაწერო შენი მომავალი, იმიტომ რომ 21-ე საუკუნეში ეს უკვე შესაძლებელია. შესაძლებელია, თუ იბრძოლებ… მოდი, ერთად დავწეროთ ჩვენი მომავალი ჩვენ – ოფიციალურად დამოუკიდებელ, თუმცა კი მაინც მენტალურად და ნაწილობრივ ფიზიკურადაც ოკუპირებულ ქვეყანაში დაბადებულებმა! შევქმნათ ჩვენი მერვე სიცოცხლე!

P.S. ვიცი, რომ სიტყვა ძალიან გამიგრძელდა, თუმცა იმის ნახევარიც ვერ ვთქვი, რაც ამ გრანდიოზული (ამას მხოლოდ მოცულობის გამო არ ვამბობ) წიგნის შესახებ უნდა მეთქვა. საოცარი წიგნია – ტკივილამდე ნამდვილი! აი, ესაა მისი მთავარი ღირსება… მოიძიეთ (მათ შორის ონლაინაც) და ტავად დარწმუნდებით…

P.P.S. სულ ბოლოს ამ ძალიან კარგ სიმღერას მოვუსმინოთ, რომელიც წიგნშიცაა ნახსენები და რომელმაც ხელახლა აღომამაჩენინა ბილი ჰოლიდეი (მარტო წიგნებს კი არა, მუსიკასაც აქვს თავისი დრო):

3 Comments (+add yours?)

  1. ლო ლი
    აგვისტო 08, 2019 @ 11:07:40

    ისე მაინტერესებს ^^

    Liked by 1 person

    პასუხი

  2. nini
    აგვისტო 09, 2019 @ 20:18:49

    ძალიან საინტერესო წიგნი შემოგვთავაზე, რომელიც წაკითხული არ მაქვს და აუცილებლად წავიკითხავ. შენც დაუმეგობრდი ჩემს ბლოგს, ახლახანს დავბრუნდი და იქნებ გავუგოთ ერთმანეთს:)

    Liked by 1 person

    პასუხი

  3. Trackback: შობა სკრუჯთან ერთად | კეჟერაძის ბლოგი

დატოვე კომენტარი