X/2011

არდადეგები დამთავრდა, მაგრამ ლიტერატურული მოგზაურობები გრძელდება 🙂

ჩინგიზ აითმათოვის “საჯალათო კუნძი” – ეს არის კიდევ ერთი წიგნი, რომლის ფურცლებზეც ვხვდებით ქრისტეს ჯვარცმის სცენას და პილატე პონტოელს, მაგრამ კაცობრიობის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენა არ არის შუა აზიელი მწერლის ნაწარმოების მთავარი თემა. ღმერთის ძიება, ნარკომანია, ეკოლოგია – ეს ის პრობლემებია, რომლებსაც აითმათოვი უღრმავდება. ნაწარმოების ცენტრალური ფიგურაა ყოფილი სემინარისტი კალისტრატოვი, რომელიც ნარკომანიის წინააღმდეგ იბრძვის და მგლების მკვლელებთან დაპირისპირებას ჯვარცმამდე მიჰყავს (სიმბოლურია მისი ბიბლიური სახელიც – აბდია). “სამყაროს დასასრული” დგება ბოსტონის ცხოვრებაშიც. ორივე მათგანი იმ საქმეში ერევა, რომელიც თითქოს მათ არ ეხება(ისინი უპირისპირდებიან ბოროტ ძალას ნარკომოვაჭრე გრიშანის და ლოთი ბეზარბაის სახით), მაგრამ მათ იციან, რომ: ” ნებისმიერი ბოროტება, ნებისმიერი დანაშაული დედამიწის ნებისმიერ წერტილში გვეხება ჩვენ, თუნდაც შორს ვიყოთ და არც კი ვიცოდეთ მის შესახებ.”  ბოლოს კი კვლავ მიედინება ისიკ-ყული და სიკეთეც არ მარცხდება, სანამ ჟღერს მუსიკა, რომელშიც ნათქვამია ყველაფერი: “სიცოცხლე, სიკვდილი, სიყვარული, თანაგრძნობა და შთაგონება. მხოლოდ მასში მივაღწიეთ უმაღლეს თავისუფლებას. მხოლოდ მუსიკა, ყველა დროის დოგმების გადალახვით, ყოველთვის მიმართულია მომავლისკენ. და ამიტომ ის ამბობს ყველაფერს, რისი თქმაც ჩვენ ვერ შევძელით…”

ალექსანდრ დიუმას “კავკასია” – მორიგი მოგზაურობის მარშრუტად XIX საუკუნის კავკასია ავირჩიე, მეგზურად კი – ძველი ნაცნობი, მონტე-კრისტოსა და მუშკეტერების “მამა” ალექსანდრ დიუმა. აქაც დაახლოებით ისეთი სიტუაცია დამხვდა, როგორც ზემოთხსენებული რომანების ფურცლებზე: უზუსტობები ისტორიულ ფაქტებში, ბევრი გამოგონილი ამბავი და ცოტაოდენი სიმართლე (ამ სიმართლეს შეიძლება მივაკუთვნოთ შემდეგი სიტყვები: “ქართველი ყოველთვის ღია გულით დადის.”). ჩემი აზრით, დიუმა ისტორიული რომანებით უფრო ახერხებდა მკითხველთა გულის დაპყრობას (სამოგზაურო ჩანაწერებში ნამდვილად ჯონ სტაინბეკი სჯობს : ) ). დანტესისა და დ’არტანიანის თავგადასავლები თავის დროზე ბევრად უფრო საინტერესოდ მეჩვენა, ვიდრე მწერლის კავკასიური ნადირობა, შამილის ოჯახური ცხოვრება ან ცხენებთან დაკავშირებული პრობლემები. საერთო ჯამში ცუდი არ იყო, მაგრამ მეტს ველოდი.

თეოდორ დოსტოევსკის “სოფელი სტეპანჩიკოვო და მისი მცხოვრებნი” – “წარმოიდგინეთ ძალიან უმნიშვნელო, ძალიან უგულო,  საზოგადოებისგან გარიყული ადამიანი, რომელიც არავის სჭირდება, მაგრამ საოცრად თავმოყვარეა და ამასთან არანაირი ნიჭით არ არის დაჯილდოებული, რომ როგორმე გაამართლოს თავისი ავადმყოფური სიამაყე და გაღიზიანება.” – წარმოიდგინეთ? მაშინ უკვე იცნობთ ფომა ფომიჩს. პირადად მე ამ ადამიანმა და მის ირგვლივ შეკრებილმა საზოგადოებამ არქიფო სეთური და საირმის ტყის მოსახლეობა გამახსენა. იგივე უსაზღვრო დემაგოგია, ფარული დესპოტიზმი, უაზრო მორჩილება და პირველიდან ბოლო გვერდამდე სურვილი – ვინმემ ამოიღოს ხმა და მიახრჩოს ეს უსინდისო მუქთახორა : )) მოკლედ რომ ვთქვა, პატარა ნაწარმოებია, მაგრამ ისეთი, როგორიც დოსტოევსკის ეკადრება.

ანრი ტრუაიას “თეოდორ დოსტოევსკი” – “ის იწვოდა თავგანწირვის სურვილით, მზად იყო გაეხსნა გული პირველი შემხვედრისთვის, მაგრამ წინასწარ იკეტებოდა საკუთარ თავში. მას ეშინოდა ცხოვრების. ის შეპყრობილი იყო ტანჯვის იდეით. მას არ ესმოდა, როგორ შეიძლებოდა არ ჰყვარებოდათ ის მაშინ, როცა თავად მას ყველა უყვარდა,” – ეს არის თეოდორ დოსტოევსკი – ყველა ლიტერატურის მოყვარულისთვის კარგად ნაცნობი მწერალი. თუ მოგწონთ მისი ნაწარმოებები და გსურთ უკეთ გაიცნოთ მისი პიროვნება, მაშინ მეგზურად ანრი ტრუაია უნდა აირჩიოთ. მასთან ერთად ნახავთ პატარა ფიოდორს, გაიცნობთ ცნობილ რუს მოღვაწეებს და მწერლის სამ დიდ სიყვარულს, შეიხედავთ მის სამუშაო ოთახსა და ოჯახში, ჩაწვდებით სიკვდილმისჯილის, კატორღელის, ეპილეფსიით დაავადებულის, მოთამაშის, გარიყული შემოქმედის, პატრიოტისა და მორწმუნის განცდებს. მოკლედ, თუ გიყვართ დოსტოევსკი, ტრუაია იმედს არ გაგიცრუებთ.

უმბერტო ეკოსა და ჟან-კლოდ კარიერის ”არც იფიქროთ წიგნებისგან თავის დაღწევა” – წიგნი თუ კომპიუტერი? ალბათ ჯერჯერობით ეს არის XXI საუკუნის მთავარი კითხვა. ბოლო დროს ამ “ბრძოლაში” რიდერიც ჩაერთო და პასუხის გაცემა უფრო რთული გახდა. სწორედ წიგნის სიცოცხლისუნარიანობაზე საუბრობენ უმბერტო ეკო და ჟან-კლოდ კარიერი. როგორც წიგნის შესავალშია ნათქვამი: “ეს საუბრები მოხიბლავს ყველას – და განსაკუთრებით მათ, ვისაც უყვარს წიგნები.” ლიტერატურასთან დაკავშირებული თემების მიმოხილვის შემდეგ მოხუცი ბიბლიოფილები ერთ დასკვნამდე მიდიან: “მიუხედავად იმისა, რომ წიგნებს  სხვა, უფრო მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი ინფორმაციის მატარებლებისთვის უწევთ კონკურენციის გაწევა, ისინი მაინც ინარჩუნებენ პოზიციებს და ამტკიცებენ თავიანთ დამოუკიდებლობას. ბორბლის დამარცხება შეუძლებელია.” (სხვათა შორის, უმბერტო ეკო უცნობი მწერლებისა და შედევრების შესახებ საუბრისას “ვეფხისტყაოსანსაც” ახსენებს : ) )

18 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    ოქტ 27, 2011 @ 19:56:28

    აიტმატოვმა დამაინტერესა. ახალია? საბჭოთა დროს დაწერილ-გამოცემულს არ უნდა ჰგავდეს…

    Like

    პასუხი

  2. glamtaia
    ოქტ 31, 2011 @ 12:48:01

    ვაი . . . დავიმალე მე. არც ერთი წანაკითხი კი არა განაგონიც არ მაქვს. ან რას ვაკომენტარებ? სამარცხვინოდ.

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ოქტ 31, 2011 @ 17:20:23

      ვასიკო კეჟერაძემ ჯერ წაუკითხავ წიგნებზე ისეთი რამე თქვა, მე რაღა უნდა დავამატო 🙂 ცოტათი მშურს კიდეც, განსაკუთრებით ჩემს საყვარელ დოსტოევსკისთან დაკავშირებით 🙂

      Like

      პასუხი

  3. »♥» ana «♥«
    ნოე 22, 2011 @ 20:38:46

    თაია,მეც მოგყვები უკან. :ს მართლა ძალიან საინტერესო ჩანს თითოეული მათგანი. ))

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ნოე 22, 2011 @ 21:56:12

      წერის ნიჭით არ გამოვირჩევი 🙂 ასე რომ, რეალურად ყველა ნაწარმოები ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ჩემი პოსტებიდან ჩანს 🙂

      Like

      პასუხი

  4. taledream
    ნოე 24, 2011 @ 13:58:29

    მე ძალიან მომწონს როგორც წერ 🙂 ყოველ ჯერზე მიჩნდება სურვილი კარგად ჩავინიშნო შენი შემოთავაზებული ლიტერატურა და მერე დაგემოვნებით წავიკითხო 🙂

    Like

    პასუხი

  5. tamara
    დეკ 13, 2011 @ 22:56:17

    აიტმატოვის წიგნი ეგდო სახლში, მაგრამ ლექსები იყო, ვგონებ… ჰოდა, დიდად არ დავინტერესებულვარ :/

    Like

    პასუხი

  6. Trackback: რა სწამს მას, ვისაც არ სწამს? « კეჟერაძის ბლოგი
  7. Countess A.
    აპრილი 03, 2013 @ 21:56:26

    ანრი ტრუაიას “თეოდორ დოსტოევსკი” – აი ამას პირველივეს გამოვიტან, როცა ბიბლიოთეკას ვესტუმრები..!! ფიოდორი..!! ცალი თვალით მაინც დამანახა პეტერბურგის ქუჩებში, თავჩაღუნული, ჩაფიქრებული მოსიარულე..!! შესანიშნავი წიგნები გაქვს დასახელებული..!!

    Like

    პასუხი

  8. Trackback: ბიოგრაფიული გაზაფხული | კეჟერაძის ბლოგი
  9. Nino Beqauri
    მაისი 19, 2013 @ 21:58:24

    უმბერტო ეკოსა და ჟან-კლოდ კარიერის ”არც იფიქროთ წიგნებისგან თავის დაღწევა” – ეს წიგნი სად ნახეთ და რა ენაზეა გამოცემული? თითქოს წიგნის მაღაზიებში არ შემხვედრია.

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      მაისი 20, 2013 @ 15:20:59

      რუსულად წავიკითხე… არ მიყიდია, მაგრამ რუსული წიგნები თითქმის ყველა მაღაზიაში აქვთ და სავარაუდოდ იქნება.

      Like

      პასუხი

დატოვე კომენტარი