ზამთრის ბოლო მოგზაურობები (ნაწილი 2)

ტენესი უილიამსის პიესები – რადგან პიესებთან დაბრუნებამ ასე თუ ისე “გაამართლა” და დიდი მოცულობის ნაწარმოებსაც ვერ “ჩავუჯექი”, ამიტომ ისევ დრამატურგს მივმართე. თან ტენესი უილიამსის პიესების მიხედვით გადაღებული ფილმებიც მელოდა და ჩემი ტრადიცია “ჯერ წიგნი, მერე ფილმი” არ დავარღვიე. პირველი პიესა “კატა ცხელ თუნუქის სახურავზე” განსაკუთრებული სიუჟეტით არ გამოირჩევა. ეს არის ერთი დღე ამერიკული ოჯახის ცხოვრებიდან. აქ შეხვდებით გალოთებულ ყოფილ სპორტსმენს, რომელსაც თავისი ცხოვრების ერთი ეპიზოდი სტანჯავს და ვერ გაუგია, რომ “არ შეიძლება ცეცხლმოკიდებული სახლის ჩაკეტვა ხანძრის დავიწყების იმედით”, მის ცოლს, რომელიც ცხელ თუნუქის სახურავზე მოსიარულე კატას ჰგავს, მომაკვდავ მამას და მის ქონებაზე მონადირე ოჯახის წევრებს. მოკლედ, ეს არის პიესა ერთ გალიაში ჩამწყვდეული კატების ბრძოლაზე… მეორე პიესაში “ოცნების” დაკარგვის შემდეგ მარტოსულობით შეპყრობილი ბლანშ დიუბუა ტრამვაი “სურვილს” დისა და სიძის “უცნაურ” ოჯახში მიჰყავს. ბლანშის უკანასკნელი გაჩერება ფსიქიატრიული კლინიკაა…(P.S. სტელამ საოცრად გამაღიზიანა და მარლონ ბრანდოზეც “დამეკარგა წარმოდგენა” : ) )

თეოდორ დოსტოევსკის მოთხრობები – ამ მოგზაურობაზე დიდი ხნით აღარ შევჩერდები. მხოლოდ ერთს ვიტყვი: “იკითხეთ დოსტოევსკი, გიყვარდეთ დოსტოევსკი, -თუ შეგიძლიათ, თუ არ შეგიძლიათ, ლანძღეთ დოსტოევსკი, მაგრამ იკითხეთ…”

ტიერი ჟონკეს “ტარანტული” – პედრო ალმოდოვარსა და ანტონიო ბანდერასს ალბათ ყველა იცნობს, ტიერი ჟონკეს კი არც ისე ბევრი. არადა სწორედ ამ მწერლის ნაწარმოების მიხედვით შეიქმნა მათი ჯერჯერობით ბოლო ერთობლივი ნამუშევარი. ეს არის ისტორია “მოფრანკენშტეინო” პლასტიკური ქირურგის შესახებ, რომელიც ტარანტულივით მოხერხებულად აბამს მახეში მსხვერპლს და მასზე უცნაურ ექსპერიმენტებს ატარებს. თანამედროვე მეცნიერებას ყველაფერი შეუძლია, მაგრამ რამდენადაა შესაძლებელი გონების, სულის, სქესის შეცვლა?! იქნებ სხეული მხოლოდ “კანია, რომელშიც ვცხოვრობთ”?! უნდა ვაღიარო, რომ ჟონკეს შექმნილ აბლაბუდაში მეც გავები და ცოტა არ იყოს გამაოცა კვანძის გახსნამ.

უილიამ თეკერეის “ამაოების ბაზარი” – XIX საუკუნის ინგლისის საზოგადოება, ლონდონური ბრწყინვალება და სოფლური  “სიმდაბლე”, მუქთახორა დიდგვაროვნები და ყველაფერზე წამსვლელი მდაბიოები, თაღლითობის, არშიყის, თამაშის, ლოთობისა და ანგარების მორევში ჩაძირული ადამიანები – “აი, ეს არის ამაოების ბაზარი!” ამ ბაზრის მთავარი ფიგურა კი სათნო ემილია სედლის სრული ანტიპოდი ბეკი შარპია, რომელიც მიზანმიმართულად მიიწევს წინ მწვერვალისკენ და იარაღად მლიქვნელობას იყენებს. თითქოს გასაკვირია, რომ დღეს სწორედ ასეთ გმირებს ვეცნობით, მაგრამ საკმარისია მიმოვიხედოთ და ადვილად აღმოვაჩენთ არა მხოლოდ რებეკას, არამედ თავად “ლამაზ მეგობარ” ჟორჟ დიურუასაც (კითხვის პროცესში მომეჩვენა, რომ ბეკი “კაბიანი” ჟორჟია). მოკლედ, უდავოდ საინტერესო ნაწარმოებია. თუ ჩემსავით დაგაგვიანდათ თეკერეის გაცნობა, მაშინ დროებით მოწყდით ჩვენს ირგვლივ არსებულ ამაოების ბაზარს და გაემგზავრეთ XIX საუკუნის ინგლისში!

ვირჯინია ვულფის “საკუთარი ოთახი” – ქალები ლიტერატურაში – ალბათ ეს თემა ყველა ბიბლიოფილში იწვევს ინტერესს. ერთი შეხედვით, მდედრობითი სქესის წარმომადგენლები არც თუ ხშირად გვანებივრებენ შედევრებით, მაგრამ ცოტაოდენი დაფიქრების შემდეგ საკმაოდ ბევრი მწერალი ქალის გახსენება შეიძლება. მაგალითად, დები ბრონტეები, ჯეინ ოსტინი, სილვია პლათი, ანა ფრანკი, სიმონა დე ბოვუარი, ასტრიდ ლინდგრენი, სელმა ლაგერლოფი, ჰარპერ ლი, აგოტა კრისტოფი, მარგარეტ მიტჩელი, ამელი ნოტომი,  ჟორჟ სანდი,  ფრანსუაზა საგანი, ანა გავალდა, … (რა თქმა უნდა, ყველა მათგანი ერთი დონისა და მნიშვნელობის არ არის, მაგრამ ნებისმიერი გემოვნების მკითხველი იპოვის “სათავისო” ქალ მწერალს.) თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ცნობილი ქალი მწერლების უმეტესობა შედარებით თანამედროვე ეპოქაში მოღვაწეობდა. შორეული წარსულიდან თითზე ჩამოსათვლელ ქალებს თუ გავიხსენებთ. რა არის ამის მიზეზი?  ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სთხოვეს ვირჯინია ვულფს (რომელიც “მისის დოლოვეის” შემდეგ ნამდვილად გახდა “ჩემი” მწერალი) და მანაც სწორედ ამ თემას მიუძღვნა ესე. ვირჯინიას აზრით, ქალებს არ გააჩნდათ ელემენტარული პირობები იმისთვის, რომ თავიანთი ნიჭი გამოევლინათ. მათ არ ჰქონდათ საკუთარი ოთახი, შემოსავალი, სწავლისა და პირადი ცხოვრების განკარგვის უფლება. ქალებს არაფრად აგდებდნენ და თვით შექსპირსაც რომ ჰყოლოდა ნიჭიერი და, ისიც კი ვერ შეძლებდა რეალიზებას. დროთა განმავლობაში მდგომარეობა შეიცვალა. ქალებმა ხმის უფლებასთან ერთად წერის უფლებაც მოიპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ჭკვიან ქალებს დღემდე ეჭვის თვალით უყურებენ, მათი როლი მამაკაცებისას გაუთანაბრდა და შედეგი სახეზეა – თანამედროვეობაში ლიტერატურა (და სხვა დარგებიც) უკვე უბრალოდ ადამიანს ეკუთვნის და არა კონკრეტულად რომელიმე სქესს…

20 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    თებ 29, 2012 @ 01:09:33

    ისევ კლასიკური ზამთარი გქონია.

    Like

    პასუხი

  2. ჭიამარია
    თებ 29, 2012 @ 09:52:02

    როგორ მშურს შენი 🙂

    Like

    პასუხი

  3. mecmikvarkhar
    თებ 29, 2012 @ 10:33:56

    ვილიამსის მხოლოდ ეკრანიუზაციები მაქვს ნანახი.
    დოსტოევსკი ❤
    "ტარანტული"ს წაკითხვა ძალიან მინდა
    "ამაოების ბაზარი" ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია მაგ პერიოდის ნაწარმოებებიდან
    ვირჯინია ❤

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      თებ 29, 2012 @ 18:29:08

      უილიამსის და თეკერეის ეკრანიზაციებს ამ დღეებში ვნახავ. საინტერესო ჩანს 🙂
      ალმოდოვარი კარგი იყო, როგორც ყოველთვის, მაგრამ ასევე როგორც ყოველთვის, წიგნს სხვა ეფექტი აქვს 🙂

      Like

      პასუხი

  4. სანდრო
    თებ 29, 2012 @ 16:57:26

    ამ ზამთარში მეც მომიწია დოსტოევსკის წაკითხვა, “თვინიერი” დამამახსოვრდა ყველაზე კარგად წაკითხულთაგან და ვირჯინია ვულფი ძალიან მაინტერესებს 🙂

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      თებ 29, 2012 @ 18:33:30

      ვირჯინია ძალიან კარგია. დასაწყისისთვის “მისის დოლოვეი” ჯობია “საკუთარ ოთახს” 🙂
      “თვინიერი” ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მოთხრობაა… და “ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე”…

      Like

      პასუხი

  5. tsotnee
    თებ 29, 2012 @ 21:07:55

    არა რა ეს 24 საათი არაფრისთვის არაა საკმარისი! (მით უმეტეს მინიმუმ 6სთ მძინავს). :))

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      თებ 29, 2012 @ 21:23:35

      24 საათი ძალიან ცოტაა, მაგრამ მე რაღა ვთქვა – მინიმუმ 9 საათი თუ არ დავიძინე, წიგნს ხელს ვერ ვკიდებ (და საერთოდ ვერაფერს) 🙂

      Like

      პასუხი

      • tsotnee
        თებ 29, 2012 @ 21:34:34

        ხო ძალიან ცოტაა!
        პ.ს. სამაგიეროდ შენ უფრო ნაყოფიერად იყენებ დარჩენილ 15 სთ-ს. მე სკოლა, გზა და ა.შ. 🙂

        Like

        პასუხი

    • თამუნა
      ოქტ 07, 2012 @ 04:30:57

      ქართულად პლათი და ვულფი არაა,ნამდვილად ვიცი..ზარხუფი დაარიგეს ერთ-ერთ ფემინისტურ თავყრილობაზე,გაყიდვაშიც არ გამოსულა..ამაოების ბაზარის ეკრანიზაციას რაც შეეხება დიდი შედევრობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის.ეკრანიზაციებში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რაც მაქვს ნანახი წითელი და შავია.

      Like

      პასუხი

      • Kejeradze
        ოქტ 07, 2012 @ 15:16:32

        რამდენადაც ვიცი, ვულფის მხოლოდ “საკუთარი ოთახია” თარგმნილი და “მისის დოლოვეის” აპირებს პალიტრა…

        “ამაოების ბაზარი” მაინცდამაინც არ მომეწონა – აცდენილი იყო წიგნს… “წითელი და შავი” ბევრჯერ გადაიღეს, მაგრამ ჟერარ ფილიპის მონაწილეობით საუკეთესო მგონია… ზოგადად ეკრანიზაციებში გუგულის ბუდეა ჩემი ფავორიტი…

        Like

        პასუხი

  6. tamaraword
    მარ 28, 2012 @ 21:34:33

    ყოჩაღ!

    Like

    პასუხი

  7. tami
    იან 06, 2013 @ 23:57:29

    საკუთარი ოთახი რომელმა გამომცემლობამ გამოსცა?ძალიან მინდა წაკითხვა

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      იან 07, 2013 @ 18:55:58

      მე რუსულად წავიკითხე, მაგრამ მოვიძიე ინფორმაცია და 2006 წელს გამოუცია გამომცემლობა “კონსტანტინეს”…

      Like

      პასუხი

დატოვე კომენტარი