გაზაფხულის მოგზაურობები

223494_222576131200900_988712109_nფრენსის სკოტ ფიცჯერალდის “ნაზია ღამე” – ეჰ, გეტსბი, გეტსბი… სწორედ ამ გამორჩეული გმირის გამო მოვკიდე ხელი კიდევ ერთხელ ფიცჯერალდს, მაგრამ არ გაამართლა… დიკ დრაივერი სულაც არ ჰგავდა ჯეი გეტსბის, ნიკოლი კი – დეიზის… ზოგადად არც ერთი პერსონაჟი იყო ისეთი ნათელი, როგორც “დიდ გეტსბიში”… არ ვიცი ეს იმედგაცრუება და “სიცარიელე” რას დავაბარლო – საშინელ თარგმანს (სხვათა შორის, ახლახანაც ეს თარგმანი გამოუციათ), გადაჭარბებულ მოლოდინს, “დაგვიანებას”, თუ  ავადმყოფობას (არადა პირიქით უნდა იყოს – ასეთ დროს უფრო “წარმატებულად” ვკითხულობ)…

ივო ანდრიჩის “დრინის ხიდი” – გაინტერესებთ ბალკანეთის ისტორია? მაშინ გაისეირნეთ დრინის ხიდზე და ივო ანდრიჩი გიამბობთ ქალაქ ვიშეგრადის ხიდის ამბავს – თურქეთის ბატონობის, ავსტრო-უნგრული  ოკუპაციის, პირველი მსოფლიო ომის ეპიზოდებს (სხვათა შორის, ანდრიჩი თავად გახლდათ გავრილო პრინციპის თანამოაზრე)… ამ ყველაფრის მოწმე გახდა ხიდი… სწორედ მის ნაპირზე იცვლებოდნენ თაობები, თავად ხიდი კი იყო სიცოცხლესავით მარადიული…

ანატოლ ფრანსის “პინგვინთა კუნძული” – ანატოლ ფრანსმა, როგორც ფრანგმა, ამ ნაწარმოებით სოციალურ-ისტორიული სატირა შემოგვთავაზა საფრანგეთის შესახებ… მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი საფრანგეთის ისტორია გაინტერესებდეთ. პინგვინთა კუნძულში ნებისმიერი ქვეყანა შეგვიძლია ვიგულისხმოთ, თუნდაც ჩვენი. ყველა ქვეყნის ისტორიიდან შეგვიძლია გავიხსენოთ გაზვიადებული ისტორიული ფაქტები, გაუთავებელი რევოლუციები (საფრანგეთი ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეულია), ომები, მართვადი და უმართავი მასები… თუმცა სჯობს, რომ თვითონ აღმოაჩინოთ ადამიანებად სრულიად შემთხვევით ქცეული პინგვინებისა და ნამდვილი ადამიანების იდენტურობა…

სელმა ლაგერლოფის “საგა იოსტა ბერლინგზე” – ლოთობისთვის განკვეთილმა პასტორმა იოსტა ბერლინგმა ეშმაკთან ხელშეკრულება დადო იმ პირობით, რომ ამაოდ გატარებული წლის შემდეგ თავის 11 თანამოძმესთან ერთად მდიდარი მაიორის ცოლის ქონებას მიიღებდა ან ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვებოდა. სელმამ იოსტას და ქალაქის სხვა მცხოვრებთა (ძირითადად ქალების) ეს ერთი წელი პატარ-პატარა ნოველებით “ააწყო”. ზოგიერთი თავი ძალიან საინტერესოა, ზოგიერთი – ნაკლებად, მაგრამ საერთო ჯამში კარგი “მოგზაურობა” გამოვიდა – სკანდინავიური მისტიკის “საბურველი” ძალიან მოუხდა საგას.

P.S.

  • პალიტრა L (სერია “50 წიგნი”); ფასი: 12 ლარი
  • ინტელექტი (სერია “ნობელიანტები); ფასი: 9.80
  • ჯერჯერობით ახალი თარგმანი არ არსებობს
  • ინტელექტი (სერია “ნობელიანტები”); ფასი: 8.60

6 Comments (+add yours?)

  1. mecmikvarkhar
    მაისი 21, 2013 @ 17:49:53

    ფიცჯერალდს მოთხრობები აქვს კარგი, ნათარგმნი არაა ოღონდ ქართულად და ნუ გეტსბი ყველაზე კარგი რომანია მისი 🙂

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      მაისი 21, 2013 @ 21:11:25

      მოთხრობები ინგლისურად მაქვს წაკითხული და ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა რომანზე (“ნაზია ღამეზე”) მეტად მომეწონა 🙂

      Like

      პასუხი

  2. rusa111
    მაისი 21, 2013 @ 21:47:31

    მაშ ფიცჯერალდმა “არ გაამართლა”? არადა ვაპირებდი წაკითხვას.

    სელმა ლაგერლიოფი ჩემი საყვარელი მწერალია, ჯურღმულშიც სიკეთის ყვავილებს აღმოაცენებს ხოლმე ყოველთვის! გილოცავ!…

    Like

    პასუხი

  3. მოლი ბლუმი
    მაისი 21, 2013 @ 22:55:46

    ანდრიჩი მომეწონა თავის დროზე. საინტერესო ისტორია აქვს ბალკანეთს.

    Like

    პასუხი

  4. Kejeradze
    მაისი 21, 2013 @ 23:43:34

    …თან ანდრიჩი ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის უშუალო მონაწილეა 🙂

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი