კოლინ მაკალოუს “კვირინჩხის ბუჩქში მომღერალნი” – არსებობს ლეგენდა ჩიტზე, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მღერის. ის თავის ბუდეს ტოვებს, ეძებს კვირინჩხის ბუჩქს, მის ეკლებზე ეცემა და სიმღერით კვდება. ასე არც ერთი ფრინველი მღერის იმიტომ, რომ ყველაფერი საუკეთესო ტანჯვის გზით იბადება… კლირების ოჯახის სამმა თაობამაც ტანჯვის გზა განვლო, განსაკუთრებით კი მეგიმ, რომელმაც პადრე რალფის შეყვარებით საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა. ჩემთვის ისინი განსაკუთრებით საინტერესონი აღმოჩდნენ, თუმცა კოლინ მაკალოუმ სხვა “მომღერალნიც” არ დაივიწყა და ჩვენც თითქოს მათთან ერთად გადაგვისროლა ცხელი ავსტრალიის მიწაზე. ამ მასშტაბური ოჯახური საგის კითხვისას დროებით ჩვენც კლირები გავხდით და ჯერ ფიასა და პედისთან ერთად ცხრა შვილი გავზარდეთ, შემდეგ კი თითოეული მათგანის ბედიც გავიზიარეთ… სამწუხაროა, რომ ჩვენთან ეს ოჯახი დიდი პოპულარობით არ სარგებლობს (თარგმანიც კი არ გვაქვს). არადა, ფორსაიტების, ბუდენბროკების ან იშიქჩიების ოჯახებზე ნაკლებად საინტერესო (თუ მეტად არა) ისტორია არ აქვთ…
მიშელ უელბეკის “ლანსაროტე” – მიშელ უელბეკისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მაქვს. ერთი წიგნის კითხვის პროცესში ერთდროულად მომწონს და მეზიზღება, მინდა, რომ წიგნი გადავაგდო, მაგრამ ვერ ვეშვები… ალბათ ამ ორაზროვნებაშია ამ მწერლის “საინტერესოობაც”… ამიტომ ზაფხულში ისევ მოვკიდე ხელი მის ნაწარმოებს და კუნძულ ლანსაროტეზე “გავემგზავრე”. ეს კუნძული არც კულტურული ტურიზმის მოყვარულებისთვისაა, არც “მწვანე ტურიზმის” მიმდევართათვის. სამაგიეროდ ძალიან საინტერესო ადამიანებს შეხვდებით – აქეთ დეპრესიაში ჩავარდნილი მთხრობელი წამოწოლილა პლიაჟზე და გერმანელ ლესბოსელებთან ერთად “ერთობა” (უელბეკს თუ იცნობთ, არ გაგიკვირდებათ), იქეთ ბელგიელი პოლიციელი რუდი სამყაროსგან გაქცევას სექტაში გაწევრიანებით ცდილობს… საერთო ჯამში, თხრობა საინტერესოდ მიდის, მაგრამ მოცულობის გამო მაინც დამრჩა უკმაყოფილების გრძნობა. ამბობენ, მიშელმა სათქმელი “პლატფორმაში” განავრცოო და ალბათ ამიტომაც “დააკლო” “ლანსაროტეს”…
პოლ ოსტერის “ნიუ-იორკული ტრილოგია” – “ნიუ-იორკული ტრილოგია” სამი დამოუკიდებელი ნაწილისგან შედგება. “შუშის ქალაქში” მწერალი სრულიად შემთხვევით კერძო დეტექტივის – პოლ ოსტერის – სახელს ითვისებს და უცნაურ გამოძიებაში ერთვება… “აჩრდილებშიც” არანაკლებ უცნაურ გამოძიებას ვაწყდებით – დეტექტივს ვინმე ჩერნის თვალთვალს ავალებენ… “დაკეტილ ოთახში” მთავარი გმირი დაკარგული მეგობრის ადგილს იკავებს… თითქოს ამ სამ აბსურდულ ისტორიას საერთო არაფერი აქვს, მაგრამ სამივე მათგანი ნიუ-იორკში ვითარდება – აჩრდილებითა და დაკეტილი ოთახებით სავსე შუშის ქალაქში… საერთო ჯამში ნიუ-იორკში მოგზაურობა საინტერესო აღმოჩნდა, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ “მისნის ღამე” და “აქ და ახლა” კიდევ უფრო საინტერესოდ მეჩვენა…
ჰერმან ჰესეს “დემიანი” – ჰერმან ჰესე განსაკუთრებული მწერალია. მისი რომელი ნაწარმოებიც არ უნდა გადაშალოთ (ჩემს შემთხვევაში “დემიანი” მხოლოდ მეოთხეა), ყველგან საკუთარი თავის ძიებას წააწყდებით.არც ეს მცირე მოცულობის ნაწარმოებია გამონაკლისი. “სიდჰარტჰა” თუ წაგიკითხავთ და მოგეწონათ, ემილ სინკლერიც უნდა გაიცნოთ – ეს მოზარდი (და შემდეგ ახალგაზრდა) იზრდება, საკუთარ თავს ეძებს და ძიების პროცესში იტანჯება. თითოეული ადამიანის ცხოვრებაც ხომ ეს არის – გზა საკუთარი თავისკენ. ზოგიერთი მათგანი ადამიანი არც არასდროს ხდება, მაგრამ თუ გახდა, მაშინ მას ტყვიაც კი ვერ მოერევა, რადგან ის განსაკუთრებულია. ამიტომაც არის თითოეული ადამიანის (მათ შორის ემილ სინკლერისა და მაქს დემიანის) ისტორია მნიშვნელოვანი, ღვთაებრივი… ამიტომაც არის, რომ თითოეული ადამიანი, სანამ ცოცხალია და ბუნების ნებას ასრულებს, საოცრებაა და ყოველგვარ ყურადღებას იმსახურებს. თითოეულ მათგანში ტანჯული სულია, რომელსაც ქრისტეს მსგავსად ჯვარზე აკრავენ…
P.S.
- ჯერჯერობით ქართული თარგმანი არ არსებობს
- ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; ფასი: 6.90
- ბაკურ სულაკაურის გამომცმლობა; ფასი: 12.00
- იბისი; ფასი: 9.50
აგვისტო 10, 2013 @ 19:51:45
დემიანი ❤
LikeLike
აგვისტო 10, 2013 @ 19:53:37
ჰესე ❤ 🙂
LikeLike
აგვისტო 11, 2013 @ 00:11:21
“ლანსაროტეზე” მეც ზუსტად იგივე შთაბეჭდილება დამრჩა – მოვიხიბლე, მაგრამ რაღაც მაინც დამაკლდა:| “პლატფორმა” არ წამიკითხავს და იმედია, მართლაც “იქ” შევავსებ ამ დანაკლისს: )
LikeLike
აგვისტო 11, 2013 @ 00:24:46
“ბრძოლის ველის განვრცობის” შემდეგ “ელემენტარულ ნაწილაკებში” აშკარად “გამოასწორა” მიშელმა და სავარაუდოდ “პლატფორმაც” უფრო “სრული” უნდა იყოს 🙂
LikeLike
აგვისტო 11, 2013 @ 02:23:23
კვირინჩხი თუ კვრინჩხი? წიგნში როგორ ეწერა?
უელბეკის “პლატფორმა” საკმარისი აღმოჩნდა ჩემთვის მწერალზე შთაბეჭდილების შესაქმნელად და არანაირი მოთხოვნილება მის წიგნებზე აღარ მაქვს.
ჰესე შენც კარგად იცი, რომ ჩემი საყვარელი ავტორია და პროფესიულადაც ბევრი მაქვს მასზე ნამუშევარი. ლექციებიც წამიკითხავს და მითარგმნია!
რომელი თარგმანი წაიკითხე, მ. მირიანაშვილის ხომ არა?
LikeLike
აგვისტო 11, 2013 @ 15:52:03
წიგნი რუსულად იყო. ქართულად ზოგ წყაროში კვირინჩხია, ზოგში – კვრინჩხი 🙂
ზოგადად ლიტერატურა ხომ გემოვნების ამბავია და უელბეკი განსაკუთრებით 🙂
რუსული თარგმანი წავიკითხე. სამწუხაროდ, ქინდლის ფორმატში თითქმის არაფერია ქართულად…
LikeLike
აგვისტო 12, 2013 @ 21:32:52
კვირინჩხი ალბათ ძველი ქართულია. მე როგორც ვიცი, კვრინჩხი. ქრისტეს კვრინჩხის გვირგვინი ედგა. მიკრეფია კიდეც,მეგობრებთან ერთად. კარგი ჩაი გამოდის!
LikeLike
აგვისტო 23, 2013 @ 13:56:44
ლანსაროტე მინდა რა ხანია:(
LikeLike
აგვისტო 23, 2013 @ 21:27:26
“მოვა” 🙂
LikeLike
აგვისტო 24, 2013 @ 12:01:25
ხოოო მალე თანაც, წიგნი მაღაზიაში ვიწყებ მუშაობას და …:დ
LikeLike
აგვისტო 24, 2013 @ 13:24:38
რა მაგარია 🙂 იდეალური სამსახურია 🙂 რომელში? 😉
LikeLike
აგვისტო 25, 2013 @ 12:44:46
ხვალ გავდივარ და გეტყვი ზუსტად სავარაუდოდ ლატერნას ქსელია.
LikeLike
თებ 28, 2016 @ 23:12:20
სად შემიძლია შევიძინო კვრინჩხის ბუჩქში მომღერალნი???
LikeLike
თებ 29, 2016 @ 18:53:49
სამწუხაროდ, ქართულად არსად შემხვედრია.
LikeLike