სილვიას ცხოვრება ზარხუფის ქვეშ

ესთერ გრინვუდი 19 წლისაა. ის წარმატებული სტუდენტია, რომელიც მუდამ სწავლაზე გახლდათ გადართული და უმაღლეს შედეგებსაც აღწევდა, თუმცა ბედნიერი მაინც არ იყო. ის ვერ ეგუებოდა გარემოს, ვერ ეგუებოდა მის გარშემო არსებულ ახალგაზრდა მამაკაცებს, რომლებიც ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდნენ მაშინ, როდესაც ესთერსა და მის თანატოლებს უბიწოება მოეთხოვებოდათ. ქორწინების შემდეგ კი წყვილები შვილებს აჩენდნენ და ნიღბებს იხსნიდნენ… ესთერს არ შეეძლო სხვებივით ცხოვრება და ამიტომ ნიუ-იორკში გატარებული მორიგი წარმატებული თვის შემდეგ სახლში დაბრუნებულმა სუნთქვა შეწყვიტა. არა, არ მომკვდარა. უბრალოდ ზარხუფის ქვეშ მოექცა…

ესთერ გრინვუდი სილვია პლათია. სწორედ სილვია მოექცა ზარხუფის ქვეშ და საკუთარი გმირის მსგავსად თვითმკვლელობა სცადა. 1953 წელს ის ფსიქიტრიულ კლინიკაში მოათავსეს, სადაც ექვსი თვე დაჰყო. შოკური თერაპიის დამხარებით ის გამოვიდა ზარხუფიდან და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა. 1956 წელს ტედ ჰიუზს შეხვდა და იქორწინა კიდეც, არადა გათხოვებას არ აპირებდა. არც შვილები სურდა, რადგან პანიკურად ეშინოდა მშობიარობის, თუმცა ეს შიშიც დაძლია და 1962 წელს უკვე ორი შვილი ჰყავდა… თუმცა ესთერ გრინვუდის სიტყვები – “…საიდან ვიცოდი, რომ ერთ დღესაც – კოლეჯში, ევროპაში, სადმე, ნებისმიერ ადგილას – იგივე ზარხუფი – თავისი უჰაერო, გამანადგურებელი სიმძიმით, კვლავაც არ ჩამოეშვებოდა” – წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. 1963 წელს ზარხუფი ისევ დაიხურა, ამჯერად სამუდამოდ.

სილვია პლათის თვითმკვლელობას მის მეუღლეს აბრალებენ. ფემინისტები, რომლებიც განსაკუთრებით აფასებენ ესთერ გრინვუდს, მას მკვლელობასაც კი მიაწერენ (ჰიუზის საყვარელმაც თავი მოიკლა). სიმართლე კი ალბათ ის არის, რომ სილვია პლათი ისევ აღმოჩნდა ზარხუფის ქვეშ და ვეღარ მოახერხა თავის დაღწევა. ის სწორედ ზარხუფმა დაახრჩო და არა ბუნებრივმა აირმა.  ქმრის უსინდისო საქციელმა უბრალოდ დააჩქარა ეს. ზარხუფი მაინც ჩამოეშვებოდა..

P.S. ეს წიგნი ჩემს რჩეულ წიგნებს შორის მოხვდა. თუ ჯერ არ წაგიკითხავთ, გირჩევთ. სულ ცოტა ხნის წინ “დიოგენემ”  სერია “ამერიკელების” ფარგლებში ხელახლა გამოსცა ლელა სამნიაშვილის თარგმანი, რომელიც წლების წინ ძალიან მცირე ტირაჟით გამოვიდა. მოიძიეთ და გაიცანით სილვია პლათი. მერწმუნეთ, ამ წიგნისგან მიღებულ ემოციას ვერასდროს დაივიწყებთ.

6 Comments (+add yours?)

  1. geoblonde
    მაისი 24, 2014 @ 23:50:03

    მე კიდევ დიდად არ გავგიჟდი. პლათის პოეზიასაც ვიცნობ და მის ცხოვრებასაც. სხვას ნუ განსჯიო, მაგრამ რატომღაც ძალიან ქარაფშუტა და უპასუხისმგებლო ადამიანის შთაბეჭდილებას მიტოვებს. ბავშვების სახლში ყოფნისას მისმა თვითმკვლელობამ მოგვიანებით იქნებ მისი შვილის თვითმკვლელობასაც შეუწყო ხელი. წიგნიც სუსტია ჩემი აზრით. შეიძლება იმიტომ, რომ ეგ თემა გულზე
    ვერ მომხვდა. სუსტ ნებისყოფას ვხედავ, რაც გმირისადმი ემპათიით ვერ განმაწყობს. მოკლედ, პლათი ჩემი მწერალი ვერ გახდა და ცოტა მიკვირს კიდეც, პულიცერი რაში მისცეს 🙂

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      მაისი 25, 2014 @ 13:00:52

      ზოგადად ვერ წარმომიდგენია თვითმკვლელობამდე როგორ უნდა მივიდეს ადამიანი, მაგრამ მეორეს მხრივ, ყველას ერთნაირი ფსიქიკა არ აქვს. ამიტომაც მომეწონა წიგნი – ესთერი (ანუ სილვია) ისეთია, როგორიც მე არასდროს ვიქნები და შესაბამისად ჩემთვის საინტერესოც 🙂 პულიცერის ჟიურისაც იგივე მიზეზი ჰქონდა ალბათ 🙂

      Like

      პასუხი

  2. როდე
    მაისი 25, 2014 @ 20:55:58

    გამიხარდა რომ მოგეწონა, ჩემი წიგნების სიაშიცაა “ზარხუფი”

    Liked by 1 person

    პასუხი

  3. Trackback: ახალი წელი ტერი პრატჩეტთან ერთად | კეჟერაძის ბლოგი
  4. Trackback: რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ ხოლმე | კეჟერაძის ბლოგი

დატოვე კომენტარი