რაც გამომრჩა…

janstamm9საბავშვო წიგნებს რომ ასაკი არ აქვთ, ძველი ამბავია. თუ რამე გამოგვრჩა, გვიანი არასდროსაა. ახლაც სამი ისეთი წიგნი აღმოვაჩინე, რომელიც არ წამიკითხავს და დიდი სიამოვნებით “გავუდექი გზას”.

ჯერ იყო და Goodreads-ზე ხეტიალისას დიუმას “ორ დიანას” გადავაწყდი, რომელიც ჩემს 15-ტომეულში არ შესულა. დიდი ხანია მისი საფრანგეთი მენატრება და ამ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი… ვერ მოგატყუებთ და ვერ გეტყვით, რომ მუშკეტერების, გრაფი მონტე-კრისტოს ან უკანასკნელი ვალუების ამბებს შეედრება, მაგრამ ფრიად საინტერესო ისტორია კი გახლავთ. მართალია, დიუმა ტრადიციისამებრ ჭეშმარიტებას მნიშვნელოვნად სცდება, მაგრამ ჰენრი II-ის, მისი მეუღლის – ეკატერინე მედიჩის, ფავორიტის – დიანა დე პუატიეს, მეფისა და ამ უკანასკნელის ქალიშვილის – დიანა დე კასტროს (რომელიც რეალურად სულაც არ იყო დიანას შვილი), მასზე შეყვარებული გაბრიელ დე მონტგომერის (რომელიც არსებობდა, თუმცა დიანასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია), სამეფო ოჯახის სხვა წარმომადგენლების, დე გიზებისა და მონმორანსების ამბები საოცრად დინამიური გახლავთ. რომ აღარაფერი ვთქვათ კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის აღმოცენებული დაპირისპირების პირველ ეპიზოდებზე… ამ ყველაფრის გათვალისწინებით, “ორი დიანა” სულაც არ არის გამოსატოვებელი წიგნი (მიუხედავად ნაკლები პოპულარობისა). ოღონდ ერთი კია – მისი წაკითხვა “დედოფალ მარგომდე” სჯობს, რადგან ქრონოლიგიურად სწორედ მისი წინამორბედია…

დიუმას შემდეგ ტუვე იანსონს მივადექი. ჩემდა სამარცხვინოდ, ამ ქალბატონს არ ვიცნობ და სანამ ცნობილ მუმინებს შევხვდებოდე, “საზაფხულო წიგნს” მოვკიდე ხელი. ეს არის ამბავი ბებიისა და შვილიშვილისა, რომლებიც ზაფხულს ერთად ატარებენ პატარა კუნძულზე და ყველაფერს ერთად აკეთებენ. სოფიაც ასე იზრდება – პირადი მაგალითების და არა შენიშვნებისა და ჩხუბის ფონზე. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ძალიან სასიამოვნო, ნამდვილად საზაფხულო წიგნია, რომელიც მოგანდომებთ, რომ ასეთი ბებია გყავდეთ, ან ერთ მშვენიერ დღეს თავად იქცეთ ასეთ ბებიად…

სულ ბოლოს მიხაელ ენდეს “მომო” გადავშალე. “დაუსრულებელი ამბის” შემდეგ ამ მწერალთან შეხვედრა კიდევ ერთხელი მინდოდა. მართალია, აქ არც დრაკონი დამხვდა და არც სხვა ჯადოსნური არსებები (უცნაურად “კომუნიკაბელურ” კუს თუ არ ჩავთვლით), თუმცა ძალიან გონიერი უდედმამო გოგონა მომო კი გავიცანი. კიდევ მისი მეგობრებიც, რომლებიც მთელს თავისუფალ დროს მასთან ერთად ატარებდნენ, სანამ ეს დრო ნაცრისფერმა კაცებმა არ წაიღეს შემნახველ სალაროში. ხალხმა ხალისი დაკარგა… თითოეული მათგანი მხოლოდ დასაზოგ, რეალურად კი მოპარულ, დროზე ფიქრობდა და არა გართობაზე… ყველა, მომოს გარდა, მოწყენილობის ნისლში ჩაიძირა… მაგრამ, როგორ ფიქრობთ, მომო შეეგუებოდა ამას???

P.S. ტუვე იანსონი ქართულადაც “საუბრობს” (” Merebashvilitykesson Publishing”), ენდეც (ძველი გამოცემა)… თუ უცხო ენებზე კითხულობთ, დიუმასაც მარტივად მოიძიებთ. მთავარია, ჭეშმარიტი ბიბლიოფილივით მოიქცეთ და წიგნის გადაშლადე პასპორტში ჩახედვის სურვილმა არ გძლიოთ 😉

4 Comments (+add yours?)

  1. rockermeloman
    აგვისტო 18, 2014 @ 21:29:24

    მუმინები მოგეწონება ❤ საყვარლად კარგი რამე იყო.
    დიუმასა და ისტორიაზე სულ მეცინება რა 😀
    მომოს ველოდები ^_^

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      აგვისტო 18, 2014 @ 22:08:03

      აუცილებლად ვცდი. ისე გამოიყურებიან, ცუდები არ იქნებიან ნამდვილად 😀
      დიუმა ყველაზე ჭკვიანი კაცი იყო – თვითონ იგონებდა “მარკეტინგულ” ისტორიას 😀

      Like

      პასუხი

  2. tami
    აგვისტო 21, 2014 @ 17:38:49

    momo maxsovs grma bavshvoibidan dedikom momitana tigni da gaognebamde agfrtovanebuli viyavi<3

    Liked by 1 person

    პასუხი

  3. Trackback: სტუმრად მუმინებთან | კეჟერაძის ბლოგი

დატოვე კომენტარი