ზამთრის მოგზაურობები

imagesჯონ ფაულზის “ფრანგი ლეიტენანტის ქალი” – “კოლექციონერი” თუ წაგიკითხავთ, ჯონ ფაულზს ვერ დაივიწყდებით.  პირადად მე კითხვის პროცესში თავი ქილაში გამომწყვდეულ ფარვანად ვიგრძენი… აი, “ფრანგი ლეიტენანტის ქალი” კი განსხვავებული ისტორიაა – ვიქტორიანულ ინგლისში აგიზგიზებული ვნების ცეცხლის ამბავი. ფრანგი ლეიტენანტის ქალად წოდებულმა სარა ვუდრაფმა ეპოქისთვის შეუფერებელი გამბედაობა გამოიჩინა და “დაკავებული” ჩარლზი მოხიბლა… რა არჩევანი გააკეთა ამ უკანასკნელმა (არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ის დროა, როცა გრძნობა და მოვალეობა სულ “ებრძვიან” ერთმანეთს), თავად ნახეთ, თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ – ეს “საზიზღარი” ფაულზი გვეთამაშება, გვცდის… მოვლენების განვითარება მან ჩვენ მოგვანდო და არა გმირებს!

რომენ გარის “ცხოვრება წინაა” – რომენ გარი ჩემი ბოლო აღმოჩენაა. ამჯერადაც პატარა არაბ მომოსთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ბატონი რომენი (ამ წიგნისთვის – ემილ აჟარი) შეუდარებელი მწერალია. მან შესაშური ოსტატობით მოგვითხრო მეძავი დედის მიერ მიტოვებული მომოსა და მისი გამზრდელის, აწ უკვე მომაკვდავი მადამ როზას, ისტორია. არა მგონია, სხვა ავტორს შეექმნა ისეთი პერსონაჟები, როგორებიც არიან ნაადრევად გაზრდილი მომო, რომელმაც ისიც კი არ იცის, რამდენი წლისაა (სამაგიეროდ, იცის, რომ მისი მეძავი დედა მისმა მამამ მოკლა), ყოფილი მეძავი მადამ როზა, რომელსაც ახლა ქალურობის ნატამალიც კი აღარ შერჩენია (არც ჯანმრთელობის), ხალიჩების გამყიდველი ჰამილი, რომელიც ვიქტორ ჰიუგოზე აბოდებდა, მაგრამ დაბრმავდა და ვეღარასდროს წაიკითხავს საყვარელი მწერლის წიგნებს, ტრანსვესტიტი მადამ ლოლა და მაინც დაეტოვებინა ჩვენთვის გრძნობა, რომელიც მხოლოდ ერთი წინადადებით შეგვიძლია გადმოვცეთ – ცხოვრება წინაა! მერე რა, თუ მომო მარტო დარჩება და დაკარგავს სიყვარულს, რომელიც სიგიჟეს უტოლდება… როცა 14 წლის ხარ, ცხოვრება მაინც წინაა…

არტურო პერეს-რევერტეს “ფარიკაობის ოსტატი” – გაიცანით დონ ჰაიმე ასტარლოა – ფარიკაობის ოსტატი! ეს ფრიად ღირსეული ბატონი ესპანეთში სახლობდა და მშვიდად მისდევდა თავის საქმიანობას, სანამ მის კარზე ფარიკაობის ოსტატისთვის სრულიად შეუფერებელმა მოსწავლემ – ქალბატონმა – არ დააკაკუნა… და დონ ჰაიმეს პრობლემებიც დაიწყო – მას ან სიცოცხლე და საკუთარი ღირსება უნდა გადაერჩინა, ან პოლიტიკურ ინტრიგებში უნდა გაბმულიყო… რა აირჩია მან, თავად ნახეთ. თუ დიუმას შემოქმედებას აფასებთ, ეს ისტორია განსაკუთრებით დაგაინტერესებთ…

ჟორჟი ამადუს “დონა ფლორი და მისი ორი ქმარი” – ეს არის ამბავი სიყვარულსა და ვნებაზე… კიდევ ბრაზილიაზე. დონა ფლორი ხომ ჟორჟი ამადუს მკითხველებისთვის ასე ცნობილ ბაიაში სახლობდა. აქვე გათხოვდა ვინმე ვალდომიროზე, რომელიც ფრიად “თავისუფალი” ვაჟბატონი გახლდათ – არც ღალატს ერიდებოდა, არც ცოლისთვის სათამაშო ფულის მოპარვასა თუ მის ცემას… სამაგიეროდ, დონა ფლორს უყვარდა, თანაც ისე, რომ დაქვრივებისა და მეორედ გათხოვების შემდეგაც კი ვერ დაივიწყა მასთან გატარებული ცეცხლოვანი ღამეები. ბედად ბრაზილიელმა ღმერთებმა მოწყალება მოიღეს და გარდაცვლილი უკან დააბრუნეს… მანაც არ დააყოვნა და დონა ფლორისა და მისი მეორე ქმრის – ცოლ-ქმრული მოვალეობების “კალენდარულად შემსრულებელი” ფარმაცევტის, თეოდოროს საწოლში ამოყო თავი… დანარჩენი თავად ნახეთ – კარგად გაერთობით 🙂

P.S. ზამთარში წიგნის კითხვაზე უკეთესს რომ ვერაფერს გააკეთებთ, ალბათ იცით (მით უფრო, თუ ჩემსავით სეზონზე ხართ დამოკიდებული) 🙂 ასე რომ, თბილად მოკალათდით სავარძელში, გვერდით ცხელი ჩაი დაიდგით და წაიკითხეთ ზემოთხსენებული წიგნები. მერწმუნეთ არ ინანებთ… ოღონდ ერთი პრობლემაა – ქართულად მხოლოდ რომენ გარი (“აგორა”) და ჟორჟი ამადუა (ძველი გამოცემა) თარმნილი. იმედია, მალე რევერტესა (დონ არტუროს რატომ არ აქცევენ ყურადღებას, მიკვირს) და ფაულზსაც (თუ ვერ ითმენთ და ვერც უცხო ენებზე კითხულობთ, ფილმი ნახეთ) ვიხილავთ 🙂

7 Comments (+add yours?)

  1. ლა მაგა რაიუელა
    დეკ 05, 2014 @ 23:49:38

    აქედან მხოლოდ “ცხოვრება წინაა” მაქვს წაკითხული და ოოჰ, როგორი საყვარელია რამეა, ხომ? : )

    Like

    პასუხი

  2. SopHia!
    დეკ 06, 2014 @ 01:43:00

    დონა ფლორის ცხოვრებამ კარგად გამართო ზაფხულში… კარგი წიგნია… ბევრს არ მოწონს და უაზრო წიგნად მოიხსენიებს.მე პირადად ძალიან მიყვარს ბრაზილიასთან დაკავშირებული ყველაფერი და შეიძლება ამიტომაც დავრჩი ნასიამოვნები ამ რომანის წაკითხვის შემდეგ…

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      დეკ 06, 2014 @ 21:38:20

      წიგნების უაზრობა საკამათო თემაა. სულ ღრმად ფილოსოფიურ წიგნებს ხომ არ ვიკითხავთ. ხანდახან ხარისხიანი გასართობი ლიტერატურაც აუცილებელია 🙂

      Liked by 1 person

      პასუხი

  3. შოშანა
    იან 12, 2015 @ 17:20:03

    “ცხოვრება წინაა” წაკითხული მაქვს და ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი უნდა ვნახო დღეს ერთი

    Liked by 1 person

    პასუხი

  4. Trackback: რომენ გარის სამყარო | კეჟერაძის ბლოგი

დატოვე კომენტარი