ბულგაკოვის საიდუმლო

მიხეილ ბულგაკოვის “ოსტატს და მარგარიტას” ალბათ ყველა ბიბლიოფილი იცნობს, მაგრამ ბოლომდე მისი საიდუმლო ვერავინ ამოხსნა. რა თქმა უნდა, ამას ვერც ამ მორიგი რიგგარეშე პოსტით შევძლებთ, თუმცა კიდევ ერთხელ თუ გავიხსენებთ ამ ამოუცნობ ნაწარმოებს, არაფერი დაშავდება. ამჯერად მას  მხოლოდ ანტისაბჭოთა კუთხით მივუდგებით.

ჟანრობრივად “ოსტატი და მარგარიტა” რთული დასახასიათებელია. ის შეიძლება მივაკუთვნოთ როგორც მისტიკას, ასევე სატირას, ფარსს, ფანტასტიკას, მელოდრამას ან სულაც ფილოსოფიას. მათი მოსაზრების სასარგებლოდ კი, ვინც ამ ნაწარმოებში პოლიტიკურ ქვეტექსტებს ხედავს, არაერთი ფაქტი მეტყველებს. ვოლანდი, ანუ სატანა ზუსტად იმ დროს აღმოჩნდება მოსკოვში, როცა ღმერთის აღარავის სწამს. ოსტატიც სწორედ ასეთ დროს წერს რომანს იეშუაზე და ცენზორების მიერ უარყოფილი საგიჟეთში ხვდება. ნაწარმოების გმირები კი ყველა იმ “სენით” არიან შეპყრობილნი, რაც 30-იან წლებში იყო გავრცელებული (მექრთამეობა, ლოთობა, სიხარბე,…). “ცუდი ბინიდან” ხალხის გაქრობაც საეჭვოდ ჰგავს რეპრესიებს. თან ბულგაკოვი “ძაღლის გულშიც” “შემჩნეული” იყო პოლიტიკურ სატირაში.

გარკვეული მოსაზრებები არსებობს ნაწარმოების გმირებთან დაკავშირებითაც. ზოგიერთების აზრით, ოსტატი თავად ავტორია, მარგარიტას პროტოტიპობაზე კი მწერლის ყველა მეორე ნახევარი დებდა თავს, თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებიც აქ უფრო ღრმა ფესვებს ხედავენ. იმ პერიოდში, როდესაც ბულგაკოვმა ამ კონკრეტულ ნაწარმოებზე დაიწყო მუშაობა, საბჭოთა კავშირში არსებობდა მწერალი, რომელსაც ოსტატს უწოდებდნენ. ეს იყო მაქსიმ გორკი. ამავე დროს გორკიმ მიიღო მოულოდნელი მემკვიდრეობა (თუ რაღაც ამის მსგავსი), რაც სავარაუდოდ ოსტატის მიერ ლატარიის მოგებას უნდა უკავშირდებოდეს. თანაც ის ცხოვრობდა ზუსტად იმ სახლში, რომელსაც იგივე გეოგრაფიული მდებარეობა ჰქონდა, რაც ნაწარმოების პირველ რედაქციაში “ცუდ სახლს”. ოსტატის მიერ მუზეუმის და ცოლის სახელების ხსენებაც გორკის “სასარგებლოდ” მეტყველებს – მის ქალებსაც ზუსტად ეს სახელები ერქვათ და ის მუზეუმთან დაკავშირებული საქმიანობით იყო დაკავებული. ასევე ის ფაქტიც “საეჭვოა”, რომ ბერლიოზი ივნისში კვდება, ისევე როგორც გორკი. რაც შეეხება მარგარიტას, ამავე ლოგიკას თუ გავყვებით, ის ხსენებული მწერლის მეუღლე მარია ანდრეევა უნდა იყოს, რომელიც ზუსტად ნაწარმოების გმირის სახლში ცხოვრობდა თავის პირველ ქმართან, სავა მოროზოვთან ერთად.

რაც შეეხება ნაწარმოების ყველაზე იდუმალ ფიგურას, ვოლანდს, მის ანალოგად ლენინს ან სტალინს მიიჩნევენ. სწორედ ლენინმა შეუწყო ხელი გორკისა და ანდრეევას დაქორწინებას, ხოლო ის შენობა, რომლის თავზეც რომანის ბოლოს ვოლანდი ჩნდება, ლენინის სახელობის ბიბლიოთეკა იყო.  მათი აზრით კი, ვინც ვოლანდს სტალინთან აიგივებს, ბულგაკოვის გმირი დიდ ბელადს იმით ჰგავს, რომ ყოველთვის ცუდის გაკეთება სურს, მაგრამ კარგს აკეთებს (სტალინმა ზუსტად იმ პერიოდში ღიად დაიცვა მწერალი, ისევე როგორც ვოლანდმა ოსტატი). პირადად ჩემი აზრით, ლენინთან მსგავსება უფრო სარწმუნოა.

P.S. ასეთია “ოსტატის და მარგარიტას” შესაძლო პოლიტიკური ქვეტექსტი. რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი რეალობას, რა თქმა უნდა, მხოლოდ მიხეილ ბულგაკოვმა იცოდა, თუმცა ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ მკვლევარების დასკვნებიც შეიცავს სიმართლის მარცვალს. დასასრულს ერთ სიმღერას შემოგთავაზებთ, რომელიც ახლოსაა თემასთან: Бал Сатаны

14 Comments (+add yours?)

  1. katerina
    მაისი 10, 2012 @ 02:00:53

    ხოოო, საბჭოური სინამდვილის ნიშნები მეც შემიმჩნევია, მაგრამ ამ კუთხით არ შემიფასებია მთლად. საინტერესო იყო. ამიტომაცაა კარგი წიგნი, ამდენი ფიქრის და ვარაუდის საშუალებას გაძლევს

    Like

    პასუხი

  2. იალინდა
    მაისი 10, 2012 @ 10:22:06

    ძალიან საინტერესო პარალელებია გავლებული!
    კარგად მახსოვს,თავის დროზე, როდესაც ეს ნაწარმოები წავიკითხე, იმდენად მისტიური კუთხით აღვიქივი, ისე ჩავერთე და განვიცადე, რომ კითხვის პროცესში გამუდმებით თავი მტკიოდა :)))

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      მაისი 10, 2012 @ 17:08:14

      რატომღაც მისტიკაზე მეტად პოლიტიკური ქვეტექსტებით დავინტერესდი… ალბათ ანტისაბჭოთა განწყობის ბრალია…
      თავი მეც ამტკივდა – უფრო იმიტომ, რომ ვერ მოვწყდი და თვალებმა გააპროტესტეს 🙂

      Like

      პასუხი

  3. მოლი ბლუმი
    მაისი 10, 2012 @ 11:54:35

    ყოვლისმომცველი წიგნია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. რა გასაკვირია, რომ მახინჯ რეალობას აშარჟებს და, ამ კუთხით, ალბათ, საუკეთესო სატირაა, რაც კი ოდესმე დაწერილა.

    Like

    პასუხი

  4. tsotnee
    მაისი 10, 2012 @ 20:39:04

    ოოო! მომწონს! მეც მიფიქრია მის პოლიტიკურ ელფერზე, თუმცა ასე ღრმად არა! ახლა მახსოვს ის აღტაცება, რაც მისმა წაკითხვამ გამოიწვია ჩემში! 🙂

    Like

    პასუხი

  5. tsotnee
    მაისი 10, 2012 @ 20:40:13

    ც გამორჩა (ახლა-ც)

    Like

    პასუხი

  6. glamtaia
    მაისი 14, 2012 @ 00:52:59

    მე ეს ნაწარმოები შუაღმით წავიკითხე. ხომ წარმოგიდგენია ჩემი განცდები? ყველა კუთხეში ბეჰემოთი მელანდებოდა 🙂

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      მაისი 14, 2012 @ 01:02:18

      სწავლა-მუშაობის გადამკიდე სულ ღამე ვკითხულობ და ნეტა ბეჰემოთის ბრალი ხომ არ არის, კატები რომ არ მიყვარს?! 😀

      Like

      პასუხი

  7. Trackback: კარი ზაფხულში | კეჟერაძის ბლოგი
  8. Trackback: ხელნაწერები არ იწვის! | კეჟერაძის ბლოგი

Leave a reply to glamtaia კომენტარის გაუქმება