წითელი ეშმაკის ბორბალი

23396379არჩილ გორდელი ჩვეულებრივი თბილისელი კაცია, უფრო სწორად კი – საბჭოთა კავშირის მოქალაქე. თითქოს მისი ცხოვრების ისტორიაში განსაკუთრებული არაფერია… თუმცა სინამდვილეში მისი წარსული ისეთია, რომ ყველამ უნდა გაიცნოს და მეტიც – მაგალითად უნდა გაიხადოს. რატომ? ახლავე გიამბობთ.

დამეთანხმებით ალბათ, რომ მატარებელში გაცნობილ ადამიანს პირად ცხოვრებაში არავინ ახედებს (თუნდაც ის ცნობილი მწერალი იყოს), მაგრამ რა უნდა ქნას კაცმა, რომელსაც არავინ ჰყავს? დიახ, მას შეიძლება ცოლ-შვილიც ჰყავდეს, სამსახურშიც პატივს სცემდნენ და მეგობრადაც ბევრი თვლიდეს, რეალურად კი სულ მარტო იყოს. არჩილიც ასეა და ამიტომ ირჩევს მესაიდუმლედ გურამს, მისი დახმარებით კი ჩვენც. ის თითქოს თავად გვიამბობს საკუთარ ცხოვრებას (ხშირად თვალწინაც კი მედგა 60 წელს მიტანებული კაცი ჩიბუხითა და კონიაკის ჭიქით ხელში) და აცოცხლებს კადრებს საბჭოთა ისტორიიდან – 1937 წელს “ხალხის მტერი” დარბაისელი ქალი ეშელონში წყურვილით კვდება; 1941 წელს მამის დაჟინებული მოთხოვნით კაცი ომში მოხალისედ მიდის და უკან აღარ ბრუნდება; 1945 წელს ყოფილ სამხედრო ტყვეებს ციმბირის გზას უყენებენ და ძაღლებს უგდებენ საჯიჯგნად; 1952 წელს სტუდენტს პარტიაში არ იღებენ, იმიტომ რომ “ხალხის მტრის” ოჯახიდანაა; იმავე წელს ღამით “საეჭვო ელემენტებს” (მაგალითად, მათ ვინც რობაქიძესა და ჯავახიშვილს კითხულობს) შუა აზიაში ასახლებენ;  1953 წელს სტალინი კვდება და სრულიად სსრკ-ში ჯერ საყოველთაო გლოვა იწყება, შემდეგ კი საყოველთაო გმობა, ზოგი “თავდადებული” მოქალაქე თვითმკვლელობამდეც კი მიდის; 1956 წელს დიდი ბელადის კვარცხლბეკიდან ჩამოგდების გასაპროტესტებლად (ზოგი კი უბრალოდ ახალი უსაამრთლო რეჟიმის მხილებისთვის) თბილისის ცენტრი ხალხით ივსება, რასაც რკინისსახიანი (უფრო კი რკინისსულიანი) ჯარისკაცები და სისხლის ზღვა მოჰყვება; იმავე 1956 წელს ამნისტია ცხადდება და ბევრი რეპრესირებული უკან ბრუნდება, თუმცა მხოლოდ ფიზიკურად; 1961 წელს ნიკიტა ხრუშჩოვი თბილისში ჩამოსვლას ბედავს და ტერორისტულ აქტს შემთხვევით გადაურჩება, რასაც თან ერთვის უკანონო დაპატიმრებები; 1979 წელს საბჭოთა ჯარები ავღანეთში შედიან და უამრავ ახალგაზრდას უმახინჯებენ ფსიქიკას; 1989 წელს თბილისში კიდევ ერთი ტრაგედია ხდება, 1991 წელს კი  საქართველო დამოუკიდებლობას აღწევს, თუმცა ეს ამ წიგნში აღარ არის, იმიტომ რომ არჩილ გორდელი 1988 წელს საკუთარი ხელით ასრულებს სიცოცხლეს (არ შეგეშინდეთ, ეს სპოილერი არ არის. წიგნი სწორედ მისი დაკრძალვით იწყება) …

სინამდვილეში ზოგიერთი ამბავი ოდნავ განსხვავებულად მოხდა, თუმცა ეს წიგნი ისტორიის სახელმძღვანელო ხომ არ არის. ეს ერთი რიგითი ადამიანის სულის ამოძახილია. ეს არის სიკვდილისწინა აღსარება კაცისა, რომელმაც საკუთარ თავში მონა ვერ დაძლია (თუმცა მგონია, რომ მისი აღიარება სწორედ ამას ნიშნავს – სულიერად გათავისუფლებას), ვერ შეაჩერა სულში წითელი ეშმაკის ბორბლის ტრიალი და შედეგად ყველაფერი დაკარგა – ერთადერთი სიყვარული, სიმშვიდე, ღირსება… დარჩა მხოლოდ მოჩვენებითი კეთილდღეობა და დიდი სიცარიელე… და განა ასეთი არ იყო მთელი საბჭოეთის ცხოვრება? ლამაზი მირაჟი, რომლის უკანაც დიდი უბედურება იმალებოდა…

P.S. სამწუხაროდ, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” ეს წიგნი დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. არადა, მე თუ მკითხავთ, ძალიან საყურადღებო ნაწარმოებია და ამასთანავე ძალიან საინტერესოც – მოულოდნელობებით აღსავსე…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: