რამდენ გამოგონილ სამყაროში გიმოგზაურიათ? თუ ლიტერატურა (განსაკუთრებით კი სამეცნიერო ფანტასტიკა/ფენტეზი) გიყვართ, რა თქმა უნდა, უამრავში… ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველა მწერალს თავისი განუმეორებელი სამყარო აქვს. მათ შორის არიან არკადი და ბორის სტრუგაცკებიც. დიახ, შეიძლება მათი სივრცე არ არის აზიმოვივით “მეცნიერული” ან ბრედბერის მსგავსად “დახვეწილი”, თუმცა ჩემთვის მაინც გამორჩეულად ძვირფასია. მერე რა, თუ დღეს სსრკ აღარ არსებობს. გარემო სულაც არ შეცვლილა. აქ ორშაბათი ისევ შაბათს იწყება და ღმერთობაც ძველებურად ძნელია… დასახლებულ კუნძულზე – პლანეტა სარაკშზე – კვლავაც ცხოვრობენ “ნაცრისფერი” ადამიანები და ჩვენც მაქსიმთან ერთად მათ ცხოვრებას ვადევნებთ თვალს, მათთან ერთად ვიბრძვით და ვმარცხდებით (ასეთ ბრძოლაში ხომ არავინ იმარჯვებს)…
…და რაც მთავარია, ჩვენს თვალწინ ცხოვრობენ განწირული ქალაქის მოსახლეები, რომლებიც ამ სამყაროში სხვადასხვა ქვეყნებიდან მოხვდნენ (და სულ სხვადასხვა ეპოქიდან). თუმცა ეს არაფერს ნიშნავს – რუსები, გერმანელები, ამერიკელები, ჩინელები და სხვები ერთ ენაზე საუბრობენ და ამას ერთადერთი მიზეზი აქვს – ისინი ერთი ექსპერიმენტის მონაწილეები არიან… და რაში მდგომარეობს ეს ექსპერიმენტი? ეს დაზუსტებით არავინ იცის და დიდად არც აინტერესებთ. ეს ხომ ცივილიზაციის (და არა მხოლოდ სსრკ-ს) პატარა მოდელია – მონები პროფესიასაც კი არ ირჩევენ დამოუკიდებლად, მაგრამ სხვების დამონებას ცდილობენ… “ზემდგომებიც” თითქმის არ ერევიან მათ საქმეში. მხოლოდ ზოგჯერ თუ შეიტანენ არეულობას მათ რიგებში, შემდეგ კი მშვიდად ადევნებენ თვალს შედეგს… და ვინ არიან ეს ზემდგომები? ეს თავად უნდა ნახოთ…
P.S. აი ასეთია სტრუგაცკების სამყარო – ნაცრისფერი, მაგრამ ამავე დროს ძალიან იმედიანი… “უცნაურად” იმედიანი…
ბოლო კომენტარები