ამბავი ბოროტი მარსელებისა

სამეცნიერო ფანტასტიკა თუ გიყვართ, მარსის ხშირი სტუმარი იქნებით – ხან მისტერ რეის დახვეწილ ისტორიებს მოისმენთ, ხან მარკ უოტნისთან ერთად კარტოფილს მოაშენებთ წითელ პლანეტაზე… თუმცა “ლიტერატურული” კავშირი დედამიწელებსა და მარსელებს შორის დიდი ხნის წინათ დაიწყო – კერძოდ, მე-19 საუკუნეში. სწორედ მაშინ ჰერბერტ უელსმა პირველად დაწერა წიგნი მარსელებზე… თან სულ სხვანაირი წიგნი…

და რა არის ამ წიგნში ასეთი გამორჩეული? ერთი შეხედვით , არაფერი. სიუჟეტი ძალიან ბანალურია – დედამიწას უცხოპლანეტელები ესხმიან თავს… თუმცა აქ ეს სულაც არ არის მთავარი. მისტერ ჰერბერტის უნიკალურობა სულ სხვა რამეში მდგომარეობს. მაშინ, როდესაც მან მარსელები დედამიწას “შემოუსია”, ასეთ თემებზე არავინ წერდა. ასე არც წლების მერე დაუწერია ვინმეს… “უელსური” მარსელები არაფრით ჰგვანან სხვაგან “ნანახ” წითელი პლანეტის წარმომადგენლებს. ისინი ბევრად უფრო საშინელი (“ლავკრაფტული”) არსებები არიან და ამბავიც ალბათ ამიტომაა ასეთი “ჩამთრევი”… ჰერბერტ უელსიც ალბათ ამიტომაა ძველი, მაგრამ მაგარი მწერალი. აბა დაფიქრდით, ბევრი ავტორი ახერხებს იმას, რომ მისი წიგნის დახურვის შემდეგაც დიდხანს ვფიქრობთ – და რა იქნება ეს რომ მართლა მოხდეს?

P.S. წიგნის თარგმანი “პალიტრამ” შემოგვთავაზა… რა ამის პასუხია და, სულ მალე ქართულად ზემოთხსენებული “მარსის ქრონიკებიც” გვექნება 🙂

დატოვე კომენტარი