უკრაინის უსახელო გმირები

“მთავარი წიგნი ომზე, რომელიც არ უნდა ყოფილიყო, და გმირებზე, რომლებსაც უნდოდათ სიცოცხლე, მაგრამ იღუპებოდნენ.”

13266058_596982720468940_3854092645388733767_nუკრაინა, 2016 წელი… ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, ტერიტორიების ნაწილზე კი დღემდე მიმდინარეობს ბრძოლა ოკუპანტების წინააღმდეგ. ეს 21-ე საუკუნის “დაუჯერებელი” რეალობაა. სინამდვილეა სერგეი ლოიკოს წიგნიც, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა “კიბორგების” ცხოვრება და საკუთარი კამერით გადაიღო დონეცკის აეროპორტის გმირების ყოველდღიურობა. შეიძლება არ არსებობს კონკრეტულად ფოტოგრაფი ალექსეი მოლჩანოვი, რომელსაც მაიდანზე მეორე (ერთდროულად) სიყვარული ეწვია, “პროფესიონალი ჯარისკაცი” სტეპანი და სხვები, თუმცა არსებობენ უკრაინის უსახელო გმირები, რომლებსაც დიდი მონდომებით “არიდებენ თვალს” დასავლეთის “მესვეურები”. სწორედ ამიტომ დაწერა ეს წიგნი სერგეი ლოიკომ – მათთვის სიმართლის საჩვენებლად, მსოფლიოსთვის იმის შესახსენებლად, რომ დღეს ცივილიზებულ სამყაროში ჯერ კიდევ არსებობს ადგილი, სადაც ომია და იღუპებიან ადამიანები, რომლებსაც სიცოცხლე სურთ.

არ ვიცი, რამდენად იმოქმედებს ეს წიგნი ყველაზე, ვინც ომს ტელევიზიით უყურებს (საკუთარი გამოცდილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკუთარი თვალით ნანახი ომი სულ სხვა – “მარადიულ” – განცდებს ბადებს), თუმცა იმედი მაქვს, რომ მკითხველთა ნაწილი მაინც დაინახავს სინამდვილეს გამონაგონს მიღმა. სულ ცოტა ადამიანი მაინც მიხვდება, რომ კიბორგები თავზეხელაღებული “ფაშისტები” კი არა, გმირები არიან, რომლებმაც სიცოცხლე რამდენიმე კვადრატული მეტრი მიწისთვის დათმეს… დათმეს იმიტომ, რომ უკრაინულ მიწაზე რუსულ დროშას არ ეფრიალა. ამავე მიზეზით იღუპებოდნენ “ზეციური ასეულის” წევრები მაიდანზე და იმავე მიზნისთვის იბრძვიან დღემდე უკრაინის სხვა უსახელო გმირები. ისინი სულ მარტო არიან – მათ გვერდით არც დასავლეთია და არც პრეზიდენტი, რომელსაც სევდიანი თვალები აქვს და მაიდნის შემდეგ ჩვენს თვალწინ 20 წელი მოემატა. გმირებს არ აქვთ სახელები და არ ჰყავთ დამხმარეები. ისინი სიმღერით მიდიან ტანკების წინააღმდეგ, “პატარა დიდი ადამიანის” წინააღმდეგ, რუსეთის მოსახლეობის იმ 86 პროცენტის წინააღმდეგ, რომელიც პუტინს ნდობას უცხადებს და თუ “დიდმა ბელადმა” მოითხოვა, ხან “უკრაინელი ფაშისტების” გამო უსახლკაროდ დარჩენილად ასაღებს თავს და ხან “საკუთარი თვალით” ნანახ საშინელებებს მოუთხრობს მსოფლიოს… მსოფლიოს წინააღმდეგ, რომელიც არაფერს აკეთებს იმისთის, რომ არც ერთმა დედამ ნახოს შვილის ცხედარი და სამხედრო ბილეთი სოციალური ქსელის გვერდზე, არც ერთმა ცოლმა ამოიცნოს ქმარი დამცირებულ ტყვეებს შორის, არც ერთმა მამამ დაურეკოს შვილს, რომელიც ვეღარასდროს უპასუხებს… ნუთუ არ შეიძლება, რომ დღეს, როდესაც საინფორმაციო სივრცე არ არის ჩაკეტილი (როგორც სსრკ-ს დროს), მთელი მსოფლიო გახდეს ალექსეი მოლჩანოვი? მთელმა მსოფლიომ გადადოს გვერდით კამერა, აიღოს ავტომატი და იპოვოს დაკარგული “სალამი” – დააბრუნოს მშვიდობა?!

P.S. ძალიან სასიხარულოა, რომ გამომცემლობა “არტანუჯმა” ეს წიგნი ქართულად შემოგვთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ წლის დიდი ნაწილი წინაა და უკვე ძალიან ბევრი კარგი წიგნი გამოიცა, მაინც მგონია (სუბიექტურად, რა თქმა უნდა), რომ ეს 2016-ს მთავარი თარგმანია.

P.P.S.

1 კომენტარი (+add yours?)

  1. Trackback: ახალი წელი რინსვინდთან ერთად | კეჟერაძის ბლოგი

დატოვე კომენტარი