“-ჰოდა, ამ პატარა ჭიქით სამშობლოს გაუმრაჯოს. ჩვენ გვიხარია, რომ სუფრასთან ამდენ ამერიკელს ვხედავთ. განსაკუთრებით იმიტომ, რომ წინათ მათ პატივი გვცეს – თავიანთ ფართო სუფრასთან მიგვიწვიეს და გულუხვად გაგვიმასპინძლდნენ. ჩვენ ვცდილობდით კარგი სტუმრები ვყოფილიყავით და იმედი მაქვს, ვიყავით კიდეც. ეს ერთი სამშობლოა. მათ გარდა მრავალი სხვადასხვა ეროვნების ადამიანი შევიკრიბეთ აქ – ქართველები, რუსები, ბერძნები, ლატვიალები, ესტონელები, ირლანდიელები – ნამდვილი ერთა ლიგაა. მე ვსვამ ყველას სამშობლოს სადღეგრძელოს და როცა ვხედავ, თუ როგორ მშვიდობიანად ვსხედვართ ერთმანეთის გვერდით, მწამს, რომ მთელი მსოფლიო მოგვბაძავს. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ ბედნიერი ცხოვრების ერთადერთი გზაა. მაშ ასე – სამშობლოს გაუმარჯოს!
-სიამოვნებით ვსვამ, – ვთქვი მე, – სამშობლოს გაუმარჯოს, სამშობლოს, რომლის იატაკი დედამიწაა, ჭერი კი ზეცა.”
გიორგი პაპაშვილის შესახებ შესაძლოა გსმენიათ. უცხოეთში მცხოვრებ ცნობილ ქართველთა ამბებით დაინტერესებულთათვის მისი და მისი მეუღლის ბესტსელერად ქცეული წიგნი “Anything can happen” კარგადაა ცნობილი, თუმცა ქართველი მკითხველებისთვის რთულად ხელმისაწვდომი გახლავთ. პირადად მე ამ წიგნს (რომლის შესახებაც დათო ტურაშვილისგან შევიტყვე) დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდი და სწორედ მაშინ მივაგენი 1965 წლის ქართულ გამოცემას, როდესაც ყველაზე ნაკლებად ველოდი (ხომ იცით, რომ ყველა წიგნს თავისი დრო აქვს) – თანაც საკუთარ სახლში:)
ანდუყაფარ ჭეიშვილის თარგმანის გარეკანზე არსებულ მოკლე აღწერაში ისე ჩანს, თითქოს გიორგი პაპაშვილი ამერიკას ძირითადად უარყოფით კონტექსტში განიხილავს და მხოლოდ ზოგჯერ წერს დადებით მხარეებზე. არადა ყველაფერი პირიქითაა (მკაცრად ნუ განვსჯით – რაც მთავარია, წიგნის წაკითხვის საშუალება მოგვეცა და “შუაგულ” საბჭოეთში ამერიკისადმი “ოდნავ მიკერძოებული” დამოკიდებულება რა გასაკვირია). ის საოცარი იუმორით გვიამბობს ემიგრაციის პირველ წლებზე და ურთიერთობებზე “ამერიკელ” ქართველებთან, ამერიკელებსა და სხვებთან. თითოეული ისტორია ძალიან სახალისოა და ამავე დროს ძალიან საინტერესოც – ეს ხომ ნამდვილი ამბებია… ამბები ქვეყნიდან, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს – მერე რა, თუ ზოგჯერ ემიგრანტებსა და ადგილობრივებს ერთი დოლარიც არ ედოთ ჯიბეში. ისინი მაინც არ ნებდებოდნენ და ჭირსა და ლხინში მხიარულად ატარებდნენ დღეებს პაპაშვილების ქართულ-ამერიკულ ოჯახში და სვამდნენ ყველას სამშობლოს სადღეგრძელოს…
ბოლო კომენტარები