სამი ქართული ამბავი

“მე უკვდავებისათვის კი არა, ჩემი ხალხისთვის ვიცხოვრე” – წარწერა აჰმედ მელაშვილის საფლავზე

17795922_1498740113477888_912654358826271059_n

გსმენიათ აჰმედ მელაშვილის, დავით არსენიშვილისა და აკაკი ჭანტურიას სახელები? პირადად მე მათზე არაფერი ვიცოდი, სანამ გიორგი კალანდიას წიგნის შესახებ შევიტყობდი. საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორს, ისევე როგორც ყველა, კარგად ვიცნობ და ვაფასებ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე “პალიტრა L”-ს მიერ შემოთავაზებული გამოცემის წაკითხვა.

გიორგი კალანდია მწერლის როლშიც ისეთივე საინტერესო მოსაუბრე გამოდგა, როგორც ეს ტელევიზიიდან ჩანს (აკა მორჩილაძისა არ იყოს). მისი წიგნი ხომ ამბების კრებულია და არა პროზაული ნაწარმოები… აქ სამი დიდი და უსამართლოდ დავიწყებული ქართველის ცხოვრების შესახებაა მოთხრობილი – აჰმედ მელაშვილის, რომელმაც თურქეთელ ქართველებს ქართველობა დაუბრუნა, დავით არსენიშვილის, რომელმაც ზემოთხსენებული მუზეუმი დააარსა და აკაკი ჭანტურიასი, რომელმაც ზუგდიდის მუზეუმს დაუდო საფუძველი… ვკითხულობთ ამ ქართულ ამბებს და ვხვდებით, რომ სირცხვილია! სირცხვილია ასეთი ადამიანების დავიწყება… მრცხვენია, რომ აქამდე არ ვიცნობდი ადამიანებს, რომლებიც ყველასთვის სამაგალითონი უნდა იყვნენ და ამის ნაცვლად თანამედროვეთაგან დევნის მეტი არაფერი მიუღიათ, მომავალი თაობებისგან კი – დავიწყების… განა დღეს არსებობენ მსგავსი თავდადებული ადამიანები? დღეს გამოსცემს ვინმე ბინისთვის შეგროვილი ფულით სამშობლოსთვის აუცილებელ წიგნს? დღეს გამაგრდება ვინმე ანჩისხატში, რათა თბილისის უძველესი ტაძარი დანგრევისგან იხსნას? დღეს დატოვებს ვინმე ევროპას და დაუპირისპირდება კომუნისტური ბიუროკრატიის მანქანას დადიანების მემკვიდრეობის გადასარჩენად? არა, რადგან დიდი ქართველები იშვიათად იბადებიან… იმდენად იშვიათად, რომ ისინი უნდა გვახსოვდეს! მათზე უნდა ვსაუბრობდეთ! მათ შესახებ შვილებს უნდა ვუყვებოდეთ!

P.S. სამწუხაროა, რომ ეს წიგნი ისეთი პოპულარობით არ სარგებლობს, როგორსაც იმსახურებს. არადა, ძალიან კარგი და მეტიც – აუცილებელი გამოცემაა.

დატოვე კომენტარი