ჟუჟა

ლიტერატურა ძლიერია, ძალიან ძლიერი… ადამინებისთვის, რომლებიც გულგრილად უყურებენ წიგნებს, შეიძლება ეს ცოტა უცნაურადაც ჟღერდეს – რა შეუძლია ასეთი უსულო საგანს? და ვინ თქვა, რომ წიგნი უსულოა? ყველა წიგნს აქვს სული, რომელიც მას მწერალმა შთაბერა და მისცა ძალა, რომელსაც ყველაფრის შეცვლა შეუძლია… სწორედ ასეთი ადამიანია ნინო ხარატიშვილი – ქალი, რომელიც თითქოს ახალს არაფერს წერს, მაგრამ ახერხებს მთავარს – გადატრიალებს ახდენს ჩვენს სულებში…

ნინოს დაწერილი ტექსტები (არ აქვს მნიშვნელობა, ეს დიდი რომანი იქნება თუ პატარა პიესა) შიშველი ემოციაა. სტელა, სალომე, ივი, ელექტრა, ვინი, ცელია, ჟანა სარე, ოლგა, ლაურა, ფრანჩესკა… ქალები ნამდვილი ამბებით, ნამდვილი ტკივილით, ნამდვილი სიცოცხლით და შემდგარი თუ შეუმდგარი სიკვდილით… ისინი შექმნა ნინომ და ამით მოახერხა ის, რაც გააკეთა ჟანა სარემ (ვინც არ უნდა ყოფილიყო ის) – შეგვცვალა… არა, ჩვენ “გამყინვარების ხანის” მკითხველებივით თვითმკვლელობაზე არ გვიფიქრია… ამ კუთხით არ მოგვიხდენია თვითიდენტიფიკაცია წიგნებთან და მის გმირებთან. პირიქით – მივხვდით, რომ ჩვენ გვჭირდება ჟუჟა და ამასთან თავადაც შეგვიძლია ვიყოთ ჟუჟა – ადამიანი, რომლისთვისაც ღირს ცხოვრება, რომელიც ღირსია რომ გიყვარდეს და უყვარდე… ნინოს მსგავსად (“ჟუჟას” ამ ფინალით მან ცალსახად გასცა პასუხი კითხვაზე – რატომ წერს და რატომ ვკითხულობთ) ჟუჟასთან ერთად ალკოჰოლით გაჟღენთილ ღამეებს უკან ჩამოვიტოვებთ, ვიფიქრებთ მსოფლიოს ყველა ჟუჟაზე. ყველა იმ ჟუჟაზე, რომელიც ჩვენთან იყო, როდესაც ვყვიროდით. ყველა ჟუჟაზე, რომელიც ოცნების საშუალებას გვაძლევდა. იმ ჟუჟაზე, რომელიც ხელებს გვითბობდა და მზად იყო, ჩვენს მაგივრად დაეღვარა ყველა ჩვენი ცრემლი. ყველა იმ ჟუჟაზე, ლამპიონებად რომ გვინათებდნენ ქუჩებს, რომლებიც ჩვენ გამოვიარეთ. ვფიქრობთ ჩვენს ჟუჟაზე, რომელმაც ჩვენი დაფლეთილი გული ისევ გაამთლიანა, რომლის მკლავებიც გვაკავებდნენ, როცა მოუთვინიერებელი ცხოველივით აქეთ-იქით ვასკდებოდით კედლებს. ვფიქრობთ სხვა ჟუჟაზეც, რომელმაც ეს სიტყვა გვაჩუქა, ავად რომ ვიყავით, მაშინ. კიდევ ერთზე ვფიქრობთ, ვისთან ერთადაც კედელზე ფეხებაყუდებულს გათენებამდე შეგვეძლო სიცილი. ვფიქრობთ მათზე და სინდისი გვქენჯნის, მაგრამ არა უშავს. შეცდომის გამოსწორება ხომ შეგვიძლია. ჩვენც ხომ შეგვიძლია ვიღაცისთვის ისევ გავხდეთ ჟუჟა…

P.S.ბოლოს კარგი მუსიკა… მუსიკა, რომელიც ფონად გასდევს ნინოს წიგნებს…

P.P.S.”ჟუჟა” და “ჩემი საშინელი ბედნიერების წელიწადი” ბოლო დროს რთულად მოსაძიებელი გახდა. “ინტელექტის” ამ გამოცემებს ყველგან ვერ მიაგნებთ, თუმცა ვინც ეძებს, ის ყოველთვის პოულობს – მაღაზიაში, ონლაინ-ბიბლიოთეკაში ან booksale.ge-ზე.

დატოვე კომენტარი