კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 90-იანი წლების რუსეთში! მაღაზიების ცარიელ დახლებს ნელ-ნელა იპყრობს “პეპსი”, “პარლამენტი” და სხვა ბრენდები… “ახალი რუსები” საკუთარს ვერაფერს აწარმოებენ, ამიტომ “საუკეთესო” საქმედ რეკლამა მიიჩნევა… და აი, ისიც! მოვლენების ეპიცენტრშია ახალგაზრდა “მარკეტოლოგი” ვავილენ (ვოვა) ტატარსკი! ცოტა უცნაური სახელია,არა? თავად ისიც ასე ფიქრობს და ამიტომაც ირქმევს ვოვას, თუმცა წინ ისეთი ამბები ელის, რომ მშობლების “საბჭოთა ფანტაზია” რა მოსატანია… მოსკოვი ხომ ლამის ბრძოლის ველად ქცეულა, სადაც ე.წ. “რეკლამშიკები” მხოლოდ იმაზე ზრუნავენ, რომ როგორმე სასურველი მიმართულებით წარმართონ ქალაქში ატეხილი ხელჩართული ომი, მომგებიანად მართონ მათივე ხელით შექმნილი პოლიტიკოსები,”მშვიდობიანად” გამოვიდნენ ნარკოტიკული თრობის მდგომარეობიდან და გაარკვიონ სად მთავრდება ჰალუცინაცია და სად იწყება ეზოთერული სასწაული… საინტერესოა, არა? ვავილენიც გეთანხმებათ და ბოლომდე იძირება “მარკეტინგულ” ჭაობში… ფრთხილად იყავით, მასთან ერთად არ აღმოჩნდეთ იქ და ტყვია არ მიიღოთ ზურგში! თუმცა ცალი თვალით შეხედვა კი შეიძლება… წიგნები ხომ სწორედ ამიტომ იწერება…
P.S. პელევინი ჩემი საყვარელი მწერალი არ არის, თუმცა არ შემიძლია არ ვთქვა, რომ თანამედროვე რუსული ლიტერატურის ქართულად “ამეტყველება” ძალიან სასიხარულოა. ამჯერად მადლობა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას” ეკუთვნის.
ბოლო კომენტარები