ფრანც კაფკას “პროცესი” – ერთ ჩვეულებრივ დილას იოზეფ კ.-მ გაიღვიძა და მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. გრეგორი ზამზასგან განსხვავებით მწერად არ გადაქცეულა. ის უბრალოდ დააპატიმრეს. არც ვინმე მოუკლავს, არც გაუქურდავს – საერთოდ არ ჩაუდენია დანაშაული (ყოველ შემთხვევაში, კაფკა ამაზე არაფერს გვეუბნება), მაგრამ მაინც მოუწყვეს პროცესი ისე, რომ მიზეზი ვერც კი გაიგო… უფრო სწორად, არც უცდია ამის გაკეთება… და ყველანი ასე არ ვექცევით კანონს? მღვდლის იგავის გმირივით მშვიდად ვსხედვართ და მხოლოდ ბოლო წუთს გვახსენდება მთავარი კითხვა. მანამდე კი სიცრუე სისტემად იქცევა და თემიდა სულაც არ არის მიუკერძოებელი მსაჯული – ცხოვრება ხომ სრული აბსურდია და რა გასაკვირია, თუ ადამიანს ძაღლივით მოექცევიან… ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მხოლოდ ერთს დავამატებ – კაფკა ერთ-ერთია იმ სამ მწერალს შორის, რომლებსაც მე-20 საუკუნის მოვლენებად მიიჩნევენ. დანარჩენ ორს ახლო მომავალში გავიცნობ ( პრუსტსა და ჯოისს), თუმცა კაფკას მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ მსგავს მწერლებთან ერთჯერადი “შეხვედრა” საკმარისი არ არის – პერიოდულად გადაკითხვა და ახალი დეტალების აღმოჩენაა საჭირო…
ალექსანდრე სოლჟენიცინის “ივან დენისოვიჩის ერთი დღე” – სოლჟენიცინის ნაწარმოებები, თემატიკიდან გამომდინარე, დიდი ხანია მაინტერესებს, თუმცა ხელში ვერაფრით ჩავიგდე, მონიტორთან წასაკითხად კი “არქიპელაგი გულაგი” ზედმეტად დიდია. ამიტომ სანამ ქინდლომანების არმიას შევუერთდებოდე ან წიგნს აღმოვაჩენდე, გადავწყვიტე ალექსანდრე ისაევიჩი უფრო მცირე მოცულობის ნაწარმოებით გამეცნო. შეიძლება ითქვას, რომ ივან დენისოვიჩი მწერალია – ადამიანი, რომელიც სტალინურ რეპრესიებს ემსხვერპლა და თითქმის მთელი ცხოვრება გადასახლებაში გაატარა… თავად სტალინი პირდაპირ არსადაა ნახსენები (მხოლოდ ერთგან, გაკვრით – “усатый батька”), მაგრამ “დიდი ბელადის” მმართველობის ასეთი რეალური აღწერა ჯერ არსად შემხვედრია. ერთი განწირული ადამიანის ჩვეულებრივი დღის აღწერამ პირველად საბჭოთა კავშირის ლიტერატურაში მოახერხა მთელი სასტიკი რეჟიმის გაშიშვლება… ანა ახმატოვას თუ დავუჯერებთ, საბჭოთა კავშირის ყველა მოქალაქე ვალდებულია წაიკითხოს და ზეპირად ისწავლოს ეს ნაწარმოები… ჩემი მხრიდან კი დავამატებ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყნის მოქალაქეც ვალდებულია, რათა ბოლო-ბოლო ყველამ დაინახოს სტალინიზმის ნამდვილი სახე…
ერიკ-ემანუელ შმიტის “სუმოისტი, რომელიც ვერ სუქდებოდა” – შმიტი ჩვენთან საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და ამას გარკვეულწილად ვეთანხმები. როცა მსუბუქი წიგნი მჭირდება, ძირითადად სწორედ მას ვირჩევ ( თუ დეტექტივს ვანიჭებ უპირატესობას, მაშინ – აკუნინს) და თარგმანების ნაკლებობასაც არ განვიცდი. ამჯერად ერიკ-ემანუელი გაძვალტყავებულ ჯუნს გვაცნობს, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს სუმოს დიდოსტატ სიომინცუს გადაეყრება და მისი დახმარებით ნელ-ნელა მიხვდება, რომ შეიძლება გამხდარ ადამიანშიც დაინახო მსუქანი და რომ ღრუბლებს მიღმა ყოველთვის იმალება მზე… უნდა გამოვტყდე, რომ ეს შმიტის ჯერჯერობით წაკითხულ ნაწარმოებებს შორის ყველაზე ნაკლებად მომეწონა – მოცულობითაც პატარაა და დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამრჩა…
თებ 28, 2013 @ 20:36:59
ბოლო რა სად როდიზე შემხვდა კითხვაში და ვიცოდი. დანარჩენები არ ვიცი და ჰო ქინდლი კარგი შეღავათი იქნებოდა შენთვის. 😉 პატარა და კომფორტულია, თან რამდენს იტევს. ❤
LikeLike
თებ 28, 2013 @ 22:36:42
საინტერესო კითხვა იქნებოდა 🙂 … რაც მთავარია, ადგილის დაზოგვის საშუალება მექნება 🙂
LikeLike
მარ 15, 2013 @ 16:48:24
კაფკა როგორ მაინტერესებს 🙂
LikeLike
მარ 15, 2013 @ 18:09:46
დასაწყისისთვის მოთხრობების კრებული ჯობს 🙂 ასე ვთქვათ, “გასაცნობად” 🙂
LikeLike
აგვისტო 15, 2014 @ 13:13:16
კაფკას ,,პროცესი” წავიკითხე და უბრალოდ გენიალურია. ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. განსაკუთრებით ბოლო ფრაზამ იმოქმედა- ,,ძაღლივით დამკლეს- თქვა კ.-მ ისე, თითქოს ეს სირცხვილი მასზე მეტხანს იარსებებდა”, ზუსტად ერთ კვირაში პრაღაში მივდივარ და კაფკას მუზეუმს ვნახავ: )))) მერე კი დავწერ მასზე და პროცესზე
LikeLike
აგვისტო 15, 2014 @ 15:15:00
მშურს თეთრი შურით 🙂
LikeLike