ანა, ჯემალი და აკა

ანა კორძაია-სამადაშვილს, ჯემალ ქარჩხაძესა და აკა მორჩილაძეს არაფერი აქვს საერთო, გარდა იმისა, რომ სამივე ქართველია. სწორედ ამიტომ ფესტივალის შემდეგ პირველ რიგში მათი წიგნებით დავიწყე “მოგზაურობა” და უდროობის გამო ერთ პოსტშიც “ჩავატიე”… თუმცა სჯობს პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ 🙂

“ვინ მოკლა ჩაიკა” – ჩაიკა მოკლეს! არა, მფრინავი თოლია არ მოუკლავთ მონადირეებს. ჩაიკა ელო მოკლეს, თანაც უთოს ჩარტყმით. ბედად ანდერძის დაწერა მოასწრო… მერე რა ანდერძის – შეგშურდებათ კიდეც… მის მეგობრებს რომ გაიცნობთ, კიდევ უფრო შეგშურდებათ. თავიდან შეიძლება იფიქროთ “პიდარასტი” (როგორც გამომძიებელი იტყოდა)  და “გაფრენილი” სანდრო, “კარალევა” ნიკოლიკო, არანორმალური ყანჩა და მაგდა, მანანიკო და გაგა რა მოსაწონი ხალხიაო, მაგრამ აბა ჩაიკას ჰკითხეთ… იატაკქვეშეთში გამოკეტილ ელოს მხოლოდ ისინი ულამაზებდნენ ცხოვრებას. რომ მოკვდა, მაშინაც მოთქმა-გოდება და იმაზე ფიქრი კი არ დაიწყეს, როგორ დაემარხათ (ჩაიკას მაინც “ეკიდა”)… ადგნენ და პირდაპირ ტბაზე წავიდნენ “დასაზაგრად”, მაგრად გამოთვრნენ, გიტარაზეც დაამღერეს ელოს საყვარელი სიმღერა და მკვლელის განადგურების გეგმებიც დასახეს… მე თუ მკითხავთ, მეგობრობაც ასეთი უნდა და ანდერძიც… მაგრამ ასეთი მეგობრების პატრონები არ უნდა კვდებოდნენ, მით უფრო მეგობრისავე ნაჩუქარი უთოთი არ უნდა კლავდნენ… ჩაიკა არ უნდა მოეკლათ!

“ანტონიო და დავითი” – ანტონიო “ერეტიკოსი” იყო, დავითი – ავაზაკი… ანტონიოს სინანული სტანჯავდა, დავითსაც… ანტონიომ სულის ხსნის და შიშის დაძლევის ერთი გზა აირჩია, დავითმა  – მეორე. მანამდე კი 148 გვერდია – რელიგიური სჯა-ბაასის, საკუთარ თავში გარკვევის გვერდები. ამ ყველაფერს ფონად საქართველოს მდგომარეობა გასდევს. მთხრობელმა ბართოლომეომ კონკრეტული საუკუნის მითითების გარეშე გვაჩვენა ის, რაც დღესაც არის და ალბათ კიდევ დიდხანს იქნება – ხალხი მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს, თავადი – ძალაუფლების შენარჩუნებაზე. ასეთ საზოგადოებაში დავითის გაკიცხვა რთულია… “ბოლოს და ბოლოს, არც სიხარბეა ისე ძნელი დასამარცხებელი, არც პატივმოყვარეობა, არც ამპარტავნობა თუ სხვა ზადი და ბიწი, რომ ადამიანმა საკუთარი სულის გადარჩენა ვერ შეძლოს”. საერთო ეროვნული პრობლემების დამარცხება კი უფრო ძნელი ყოფილა… თუ ამ წიგნს წაიკითხავთ, ამაში აუცილებლად დარწმუნდებით და იმედია ბოლო ფურცლით არ “დაამთავრებთ”… იფიქრეთ ანტონიოსა და დავითზე!

“obOle” – გაინტერესებთ ვინ არის ობოლე? სინამდვილეში ვინ კი არა, რაა 🙂 თოფია და მერე რა თოფი – პრინცესა დიანასავით დახვეწილია. მისი ამჟამინდელი პატრონი იკა ვაკელია, თან ლეჩხუმელიც… ჰოდა ორიოდე დღით მშობლიურ კუთხეს ესტუმრება ჩამონგრეული სახურავის შესაკეთებლად და იმდენი რამ გადახდება თავს… ყველაფერი შორიდან იწყება, როგორც ქართველებს გვჩვევია – ჯერ ობოლეს ძველი პატრონები “აღსდგებიან” საფლავებიდან, შემდეგ კი  “განგსტერი” მადონე გაურბის სპეცრაზმს… მოკლედ, “ობოლე” იმათაც მოეწონებათ, ვინც აკას “ძველებურ” წიგნებს ანიჭებს უპირატესობა და მათაც, ვისაც “ქუჩური” ამბები მოსწონს… გაისვრის თუ არა ობოლე, ეს თავად ნახეთ… თან გაითვალისწინეთ, რომ ბოლოს აუცილებლად მოგინდებათ სადმე სოფელში წასვლა  – ტექნოლოგიებისგან შორს ყოფნა და ნამდვილი გემრიელი ხაჭაპურის დაგემოვნება (მით უფრო, თუ ჩემსავით ხმაურიან ზღვისპირეთში ისვენებთ ხოლმე). 🙂

P.S. ბოლოს ჩიაკა ელოს საყვარელ სიმღერას მოვუსმინოთ 🙂

15 Comments (+add yours?)

  1. tami
    ივნ 05, 2013 @ 14:30:57

    ძალიან მინდა ჩაიკა წავიკითხო -ვეღარ გავეტიე წიგნის მაღაზიაში:(

    Like

    პასუხი

  2. როდე
    ივნ 05, 2013 @ 15:23:33

    ჩაიკა ❤

    Like

    პასუხი

  3. მოლი ბლუმი
    ივნ 05, 2013 @ 15:33:37

    ჩაიკაც ძალიან კარგია და ობოლეც 🙂 მშვენიერი მოგზაურობა გამოგსვლია.

    Like

    პასუხი

  4. purclebi
    ივნ 05, 2013 @ 18:44:27

    ჯემალი მაინც ყველას სჯობს ჩემი აზრით

    Like

    პასუხი

  5. rusa111
    ივნ 06, 2013 @ 13:16:53

    აქედან მარტო “ობოლე” მაქვს წაკითხული და ცოტა “მეგოიმა”!
    ისე, თხრობა ძველებურად ხალისიანია.

    Like

    პასუხი

  6. Kate
    ივნ 07, 2013 @ 05:41:46

    მე როგორც აკას მკითხველი, ობოლეს მივანიჭებ უპირატესობას.

    Like

    პასუხი

  7. tsotnee
    ივნ 09, 2013 @ 14:21:16

    ანაზე იმდენი მსენია, როცა შესაძლებლობა მექნება აუცილებლად წავიკითხავ. ქარჩხაძე ძალიან მიყვარს, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მწერალია. რაც შეეხება აკას “ობოლეს” ოლიმპიადაზე იყო ნაწყვეტი და თან საინტერესო. დარწმუნებული ვარ მთლიანი წიგნიც იმ ნაწყვეტის მსგავსია, ნუ იმედია. 🙂

    Like

    პასუხი

  8. Trackback: აკას სამყარო | კეჟერაძის ბლოგი
  9. ცინიკოსი ხელოვანი
    თებ 21, 2016 @ 03:48:00

    ამ წამს გადავდე ჩაიკა მე უბადრუკმა აქამდე ვერაფრით მოვახერხე წამეკითხა და ბლოგზეც უსიკვდილოდ გავარჩევ მაგრამ მანამდე ანას დაველაპარაკები რაღაც კითხვები გამიჩნდა რაზეც მხოლოდ ის თუ მიპასუხებს ღმერთს მადლობა რომ ამის შესაძლებლობა მაქვს. წაიკითხეთ ჩაიკა ანა არასოდეს მიმტყუნებს ხოლმე და არც თქვენ გიმტყუნებთ

    Liked by 1 person

    პასუხი

  10. Trackback: ქარავანი მიდის… | კეჟერაძის ბლოგი

დატოვე კომენტარი