შირინ ებადის “ოქროს გალია” და მაჰმუდ დოულათაბადის “პოლკოვნიკის მიმწუხრი” თუ წაგიკითხავთ, ალბათ დამეთანხმებით, რომ ირანული ლიტერატურა განსაკუთრებულია. თავად ირანის უახლესი ისტორიაა განსაკუთრებული და იმიტომ (ზემოთხსენებული მწერლების ისტატობაზე რომ არაფერი ვთქვათ)… რევოლუციამ, რომელიც ბევრს ხსნის ერთადერთ გზად მიაჩნდა, წინსვლის ნაცვლად უკან დახია ქვეყანა და ხალხსაც მოუსპო მომავლის იმედი… სწორედ ასეთ ადამიანებზე გვიამბობენ ირანელი ავტორები – მათ შორის გოლი თარაყიც.
გოლი თარაყის მოთხრობები პირდაპირი გაგებით ირანსა და რევოლუციას არ ეხება. აქ მხოლოდ გაკვრით თუ გაიგონებთ შაჰისა და მოსადეყის სახელებს, თუმცა რეალურად კრებული სწორედ ირანზეა, უფრო ზუსტად კი – ირანულ არჩევანზე. მთავარი გმირები ირჩევენ გზას – ზოგი ტოვებს ქვეყანას და უცხო მხარეში ნოსტალგია სტანჯავს, ზოგი ტოვებს ოჯახს, შვილს, ბებიას, ზოგი ქურდი ხდება, ზოგი კი – ძიძა, ზოგი მარტო რჩება, ზოგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხვდება ან ერთადერთ ხსნას სპირიტიზმში ხედავს… ყველა კარგავს ძვირფას ადამიანებს – ნებით ან განგების ძალით… ყველა აკეთებს საკუთარ ირანულ არჩევანს – იღებს საბედისწერო გადაწყვეტილებას … იქნებ ერთადერთ შესაძლებელს…
P.S. თუ დაინტერესდით, ამ ძალიან კარგ კრებულს მარტივად მოიძიებთ. ის “დიოგენეს” სერია “et cetera”-ს ნაწილია.
ბოლო კომენტარები