დიქტატორის შემოდგომა

დიქტატურაზე რამდენი წიგნი წაგიკითხავთ? ალბათ ძალიან ბევრი… დიქტატორებზეც… თუმცა, თუ მარიო ვარგას ლიოსას “ვაცის ნადიმს” წაიკითხავთ, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ყველა დიქტატორი, ყველა დიქტატურა ერთმანეთს ჰგავს და სწორედ ამიტომ უნდა ვიკითხოთ ასეთი წიგნები…

ლიოსამ თხრობა სამი ნაწილისგან ააგო, რომლებშიც 35 წლის წინათ სამშობლოდან გადახვეწილი და ინვალიდ მამასთან დაბრუნებული ურანიტა კაბრალი (ის ერთადერთი გამოგონილი გმირია, თუმცა ვინ იცის, რამდენმა ადამიანმა გადაიტანა ის, რაც მან), თავად დიქტატორი ტრუხილიო და მისი მკვლელები ქმნიან ამბავს დიქტატორის შემოდგომაზე. ეს ამბები საოცარი ოსტატობით ებმის ერთმანეთს და ქმნის “ვაცის” სახეს – ასე ნაცნობს ყველასთვის (სამწუხაროდ, ჩვენთვისაც). სიცოცხლის მიწურულს ტრუხილიო ისევ იშორებს არასასურველ ადამიანებს სხვების ხელით – ციხეში ამოლპობის, წამების, ზვიგენების ლუკმად გახდომისთვის იმეტებს მათ, ვინც მას არ ეთანხმება ან უბრალოდ აღარ სჭირდება…მიუხედავად იმისა, რომ “ასაკშეპარული” შარდსაც კი ვეღარ იკავებს, ის ისევ არ თმობს “საუკეთესო მამაკაცის იმიჯს” და ქმრების, მამების ლაჩრული დუმილის თანხლებით ნამუსს ხდის მათ ცოლებს, შვილებს… შეკამათებას ვინ გაუბედავს, როდესაც ყველამ შესანიშნავად იცის, რაც ელით. ან კი როგორ ამოიღებენ ხმას, როდესაც “შეფმა” ქვეყანა ჭაობიდან ამოათრია და მხოლოდ მას შეუძლია უთვალავი მტრისგან მისი დაცვა… ასე ფიქრობს ბევრი, მაგრამ არა ყველა. სწორედ ამიტომ გადაწყვეტენ სხვადასხვა მიზეზით მის სიკვდილზე მეოცნებენი ამ მისიის საკუთარ თავზე აღებას და ქვეყნის გათავისუფლებას დიქტატორისგან… მაგრამ რა მოხდება მისი სიკვდილის შემდეგ? კიდევ რამდენ ხანს იტრიალებს ქვეყანაში გახრწნილი ვაცის სუნი? ალბათ მანამდე, სანამ იარსებებენ დიქტატორები და მათი გარემოცვა… სანამ მსოფლიოს ერთი დიქტატორის შემოდგომას მოჰყვება მეორე დიქტატორის გაზაფხული… მანამდე არ დასრულდება მსოფლიოს ზამთარი…

P.S. ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს მარიო ვარგას ლიოსას საუკეთესო ნაწარმოებია – შესანიშნავი სიუჟეტური ხაზით და საოცარი გმირებით, რომლებიც, მიუხედავად იმისა, თუ რა როლი აქვთ, არასდროს დაგავიწყდებათ. თუ დაინტერესდით, მარტივად მოიძიებთ “ინტელექტის” ორგვარ გამოცემას (მათ შორის, ონლაინაც).

%(count)s კომენტარი (+add yours?)

  1. Trackback: მარკესის სამყარო | კეჟერაძის ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: