რუსეთის წარსული, აწმყო და მომავალი

734822_4690098044790_363046036_nგახსოვთ, რამდენიმე თვის წინ საბჭოთა ეპოქაზე რომ ვისაუბრეთ? ახლაც “მონათესავე” წიგნები მინდა გაგაცნოთ – ოთხი ანტიუტოპია, რომელიც შესანიშნავად ეხმიანება რუსეთის წარსულს, აწმყოსა და იქნებ მომავალსაც…

ვასილი აკსიონოვის “კუნძული ყირიმი” “მოსკოვურ საგას” ვერც შეედრება, თუმცა ფრიად საინტერესო დაშვებაზე კი გახლავთ დაფუძნებული – რა მოხდებოდა, თუ ყირიმი გადაურჩებოდა საბჭოთა ოკუპაციას და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდებოდა? როგორც აღმოჩნდა, ბევრი არც არაფერი. მართალია, ყირიმი რამდენიმე ათეული წლის მანძილზე მნიშვნელოვნად გაუსწრებდა სსრკს (რომელიც, მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ “ოფიციალურად” გახლდათ სამოთხე, თორემ რეალურად ძალიან ჩამორჩენილ იმპერიად დარჩა) და მისი ქუჩები უცხოური მანქანებით, ჯინსებში გამოწყობილი ინგლისურად მოსაუბრე ახალგაზრდებით და ბარებით გაივსებოდა, მაგრამ ბედისწერისგან გაქცევა მაინც ვერ მოხერხდებოდა, მით უფრო რომ თავად ხალხი მოისურვებდა გასაბჭოებას (მოღალატეები ხომ ყოველთვის და ყველგან არსებობენ)… სსრკ-ც თავისი ჩვეული სტილით “შეაჭენებდა” ტანკებს სიმფეროპოლში და გვიან, მაგრამ მაინც ჩაიგდებდა ხელში აყვავებულ კუნძულს…

ვლადიმერ ვოინოვიჩის “მოსკოვი 2042” ძალიან სახალისო და ამავე დროს ძალიან რეალური ამბავია. მწერალი კარცევი ემიგრაციიდან პირდაპირ 2042 წლის მოსკოვში აღმოჩნდა იმ იმედით, რომ 60 წლის შემდეგ იქ სხვა ცხოვრება დახვდებოდა. იქ კი კომუნიზმი დახვდა. არა, მოსკოვის ქუჩებში არც პალმები იზრდებოდა და არც ნეტარი უსაქმურობა სუფევდა. ნანატრ კომუნიზმში შესულ მოსკოველებს (რუსეთის სხვა ქალაქები საბჭოთა რესპუბლიკებსა და კაპიტალისტებთან ერთად მტრულ რგოლებში აღმოჩნდა) თვით დიდი გენიალისიმუსი აკონტროლებდა, ოღონდ ქანდაკების სახით. ნამდვილი ბელადი კოსმოსში სახლობდა და ნუ იტყვით და კარცევის ძველი ნაცნობი გახლდათ…  დედამიწაზე მას კაგებე-ს ახალი ვერსია ცვლიდა, კიდევ – ახალი ფორმაციის ეკლესია, რომელიც ღმერთის ნაცვლად გენიალისიმუსს აღუვლენდა ლოცვას (“ო, ღმერთოს” ნაცვლადაც კი “ო, გენას” ამბობდნენ), ვარსკვლავის ფორმით იწერდა პირჯვარს და კომუნიზმის სახელით ნათლავდა ხალხს (პატივცემულ ვიტალი კარცევს ახალი ტრადიციის თანახმად კლასიკიც კი დაარქვეს). გენიალისიმუსის  გადაწყვეტილებების გამტარებელი გახლდათ “უმაღლესი ხუთვარსკვლავედიც”, რომლის დადგენილების გარეშე ჭამაც კი დნაშაულად ითვლებოდა (ვინც “მეორად პროდუქტს” არ ჩააბარებდა, პირველადს როგორღა მიიღებდა)… მოკლედ, მოსკოვში “თავისუფლების სურნელი” ტრიალებდა, სანამ “სამოდერჟავნიკმა” არ შემოაჭენა თავისი ცხენი და რუსეთის იმპერია აღადგინა – მამა ზვეზდონი სულ წვერით ათრია, “კაგებეშნიკებიც” ზედ მიაყოლა და თავის მომხრეებსა და “სინანულში ჩავარდნილ” ყოფილ კომუნისტებთან ერთად ძველი ცხოვრება გააგრძელა… მოკლედ, 1982 წლიდან 2042 წლამდე ბევრი არაფერი შეცვლილა. მოსკოვს სხვადასხვა სახელები და სხვადასხვა ფორმაციის მთავრობები მართავდნენ, თუმცა ყველანი ერთი პოლიტიკის გამტარებლები იყვნენ (ვოინოვიჩზე უკეთ ეს არც არავინ იცის – ის ჯერ საბჭოთა ხელისუფალთ გაექცა, ახლა კი “დემოკრატიული” რუსეთის მმართველს აკრიტიკებს)…

ევგენი ზამიატინის “ჩვენ” ანტიუტოპიაა, რომელიც ისეთ მომავალზე მოგვითხრობს, როდესაც სიტყვა “მე” არ არსებობს. თითოეული ადამიანი (თუ შეიძლება ასეთ არსებებს ადამიანები ვუწოდოთ) კოლექტივის ნაწილია და დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეუძლია. ყველაფერი წინასწარაა გადაწყვეტილი – სახელი (მაგალითად, ჩვენ გმირს, რომელიც ამ ისტორიას გვიამბობს დ-503 ჰქვია), სამუშაოს ტიპი (დ-503 მათემატიკოსია და ინტეგრალს იგონებს), სამუშაო დრო, სადილის დრო და საკვების ტიპი, დასვენების დრო… ის კი არა და, საპირისპირო სქესთან შეხვედრის დღეებიც კი მკაცრადაა დადგენილი და “მიწერის” სისტემით კონტროლდება (სპეციალური ტალონი განსაზღვრავს რომელ დღეს რომელ “მიწერილ” არსებასთან შეიძლება შეხვედრა, რომელი დღეა გამოყოფილი პაემნისთვის და რომელი სექსისთვის – ოღონდ ნებართვის გარეშე შვილის ყოლაზე ფიქრიც კი დანაშაულია)… თითქოს ყველა შეეგუა ასეთ არსებობას, მაგრამ მოულოდნელად “დ” ავად გახდა. უფრო სწორად კი, “სული გაუჩნდა” – შეუყვარდა საპირისპირო სქესის ერთ-ერთი წარმომადგენელი და თითქოს ეს უბედურება არ ეყოფოდა – ქალბატონი “ი” შეთქმულთა იმ ჯგუფის წევრი აღმოჩნდა, რომელიც სამყაროსგან გამყოფი კედლის დანგრევისა და “სულის ამოღების” ოპერაციის წინააღმდეგ იბრძოდა…

ანდრეი პლატონოვის “ქვაბული” საბჭოთა კავშირის პირველ წლებს ეხმიანება. მისი გმირები იდეისთვის იბრძვიან – ქვაბულს თხრიან და მასზე აშენებულ სახლში სურთ ხალხის შესახლება (რა თქმა უნდა, მხოლოდ ღირსეულების. დანარჩენებს აკულაკებენ და შორს უშვებენ). ამ საერთო საქმისთვის თავს არ ზოგავენ, მაგრამ ხანდახან ფიქრებიც შეეპარებათ ხოლმე – იქნებ არც “ძველები” ცდებოდნენ ყველაფერში? იქნებ მათი მომავალი ნაცრისფერია და არა ისეთი ნათელი, როგორიც ჰგონიათ? შეიძლება, რომ მომავალი სხვანაირი იყოს, როცა პატარა ბავშვიც კი ლენინის სიტყვებს ციტირებს და კლასობრივ განადგურებას მოითხოვს? რა ეშველებათ მათ, ვინც ფიქრობს? ყველანი ხომ “მკვდარი სულები” არიან – რევოლუციის შემდგომი ეპოქის “მკვდარი სულები”…

P.S. სამწუხაროდ, ქართულად არც ერთი წიგნის თარგმანი არ გვაქვს. თუმცა “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ” სოროკინი თარგმნა და იმედი ვიქონიოთ, რომ თემას გააგრძელებენ. პირადად მე განსაკუთრებით ვოინოვიჩის თარგმანს ვისურვებდი.

P.P.S. პოსტის გამოქვეყნებიდან 2 წელზე მეტი გავიდა და პალიტრამ პლატონოვიც თარგმნა. მოიძიეთ და ისიამოვნეთ 🙂

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: