იცნობთ ბორის აკუნინს? და გრიგოლ ჩხარტიშვილს? დიახ, ეს ორი სახელი ერთ ადამიანს ეკუთვნის, თუმცა “ლიტერატურულად” სრულიად განსხვავებული პიროვნებები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მე ე.წ. non-fiction-ის დიდი მოყვარული არ გახლავართ, ბატონი გრიგოლის ესსეებს ინტერესით ვკითხულობ და, გარდა თხრობის სტილისა, კიდევ ერთი რამის გამო ვაფასებ – ის ზრუნავს ჩემნაირ მკითხველებზე და, როგორც წესი, ბორის აკუნინთან “ერთად” წერს – ანუ, მხატვრული პროზის გულსემატკივრებს არ ივიწყებს და არამხატვრულ ნაწილს “გემრიელი” ამბებით “აზავებს” ხოლმე. ასევეა “არისტონომიაც”, რომელიც “სხვა გზის” წინამორბედად ითვლება და “დიდ სამყაროს” აღწერს.
ალბათ წიგნის სათაურის გაგონებისთანავე იმაზე დაფიქრდებით, თუ რას ნიშნავს ეს სიტყვა. რას და თურმე რაღაც ღირსების მსგავსს (უფრო ზუსტად თავად უნდა ნახოთ). აი, იმ ღირსების, რევოლუციამ თითქმის ყველას რომ წაართვა, მაგრამ ერთეულებს მაინც რომ შემორჩათ. ჩხარტიშვილისეული ნაწილი სწორედ არისტონომიის, როგორც ტერმინის, განხილვას ეძღვნება, აკუნინისეული კი – ღირსეული და უღირსი ადამიანების ცხოვრებას… მერე და, რა საინტერესო ეპოქაში – მეფის რუსეთის ბოლო წლებში, რევოლუციის დროსა და მის შემდგომ… რთულია, არ დაინტერესდე ამ პერიოდის აღწერით (მე განსაკუთრებით მიყვარს ისეთი წიგნები, რომლებიც საბჭოეთს ეხება)… თან ეს ხომ აკუნინ-ჩხარტიშვილია – კაცი, რომელიც ყველაფერზე საოცარი ოსტატობით წერს…
P.S. სამწუხაროდ, ეს წიგნი ქართულად არ გვაქვს. იმედია, “ინტელექტი”, რომელმაც “მწერალი და თვითმკვლელობა” და “სასაფლაოს ამბები” შემოგვთავაზა, ამ ძალიან კარგ ნაწარმოებსაც არ დატოვებს უყურადღებოდ.
აგვისტო 22, 2021 @ 13:20:22
წიგნის სიდიდესთან და მასტაბთან შედარებით ძალიან უფერული აღწერაა.
მაგრამ, წიგნის ორი მწერალის ნამუშევრად ჩვენება ძალიან მომეწონა.
LikeLike