დავიწყებული წიგნების სასაფლაო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბარსელონაში – საიდუმლოებით სავსე ქალაქში! გინდათ მითხრათ, რომ აქ სულ ცოტა ხნის წინ ედუარდო მენდოსასთან  ერთად უკვე ვიყავით? მართალია, მაგრამ ბარსელონა ხომ ის ქალაქია, რომელიც თუ გაიცანი, თავს არასდროს დაგანებებს… ამიტომაც ის ხანგრძლივი თავგადასავალი, რომელსაც კარლოს რუის საფონი გვთავაზობს, განუმეორებელია! მეტი

საოცრებათა ქალაქი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბარსელონაში – საოცრებათა ქალაქში! რას ნიშნავს თქვენთვის ბარსელონა? ცნობილ საფეხბურთო კლუბს ან ანტონიო გაუდის არქიტექტურას? დიახ, ეს ასეა, მაგრამ ამის გარდა, ეს არის ქალაქი, რომელიც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. სწორედ ამ ცხოვრების ნაწილია ონოფრე ბოუვილა, რომელიც 1888 წლის მსოფლიო გამოფენის დროს ღარიბი პროვინციელი ბიჭის სტატუსით  ჩამოდის ბარსელონაში და 1929 წლის მსოფლიო გამოფენის დროდ ტოვებს მას. შუალედში კი 41 წელია – ონოფრეს და ქალაქის ცხოვრების 41 წელი… ამ წლების მანძილზე ონოფრე ეშმაკობით, სისასტიკით და ინტრიგებით უმდიდრეს ადამიანად იქცევა, კატალონიის დედაქალაქი კი ქვეყნის დედაქალაქთან მუდმივ წინააღმდეგობაში მაინც ახერხებს განვითარებას და იქცევა საოცრებათა ქალაქად… როგორ? ონოფრეს დამსახურებით, რომელიც ანარქისტების ხელის ბიჭობიდან თმების ამოსაყვანი საშუალების გაყიდვაზე გადადის, შემდეგ ქალაქის შავი სამყაროს მართვის სადავეებს იგდებს ხელთ, ათასგვარ “ბიზნესში” ებმება, ცდილობს პროგრესს არ ჩამორჩეს (მხოლოდ კინო, იარაღი ან საფრენი აპარატები რად ღირს) და უამრავ საინტერესო ადამიანთან ერთად (ალბათ უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მათი გამოყენებით) აშენებს ქალაქს სახელად ბარსელონა… მეტი

ძველი გვარდიის ტანგო

არტურო პერეს-რევერტე ჩემს ფავორიტ მწერალთა შორისაა. მისი წიგნები ჩემთვის თავბრუდამხვევ თავგადასავლებთან ასოცირდება – ესპანეთში მოგზაურობასთან, ჭადრაკთან, ჩახლართულ დანაშაულთან და ძალიან, ძალიან საინტერესო კვანძის გახსნასთან. სწორედ ამ მოლოდინით გადავშალე “ძველი გვარდიის ტანგოც”… მეტი

ჭადრაკის პარტია ალყაში

არტურო პერეს-რევერტეს საფირმო სტილზე არაერთხელ გიამბეთ. ბოლოს იმასაც გავუსვი ხაზი (უფრო სწორად, თავად გაუსვა), რომ ყოველი ახალი წიგნისთვის ის განსაკუთრებულად ემზადება.მაგალითად, “ალყა” ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ დონ არტურო კადისში ცხოვრობდა და დეტალურად იკვლევდა ნაპოლეონის არმიის მიერ ამ ქალაქის ალყაში მოქცევის პერიოდს. სხვაგვარად შეუძლებელია, რომ მას ასე დამაჯერებლად ეჩვენებინა ჩვენთვის დიდგვაროვან მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრება (თავისი ბიზნეს-ინტრიგებით, წვეულებებითა და პოლიტიკით), ფრანგი ოფიცრების (რომლებიც ხალხს კი არა, კონკრეტულperezreverte_gorkakejarcegi წერტილებს უმიზნებენ), ჯაშუშების, თავზეხელაღებული ღარიბებისა (გასამრჯელოს გამო ყველაზე რთულ “დავალებებსაც” რომ არ ერიდებიან) და კორსარების  ყოფა, “უცნაური” მორალის გამომძიებლისა და მისი “საჭადრაკო პარტნიორის” მიერ წარმოებული გამოძიება (სერიულ მკვლელს რომ ეძებენ)… ეს ყველაფერი იმდენად რეალურია, რომ დონ არტუროს ნამდვილად ეკუთვნის აპლოდისმენტები… მერე რა, თუ ჩვეულებრივზე უფრო დიდი წიგნი დაწერა და ბევრი დრო წამართვა… არც ერთი წუთი მენანება… იმიტომ, რომ ნამდვილ კადისში ვიმოგზაურე… მეტი

კეთილი ადამიანები ესპანეთიდან

გიყვართ ალექსანდრ დიუმა? ბავშვობაში თუ ლიტერატურულ “მოგზაურობებში” აქტიურად იყავით ჩაბმული, დარწმუნებული ვარ, რომ დიახ. მუშკეტერების, ვალუებისა და გრაფი მონტე-კრისტოს გარეშე ხომ სიყმაწვილე წარმოუდგენელია… მეც ზუსტად ასე ვიყავი და ამიტომაც ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო გახლდათ არტურო პერეს-რევერტეს გაცნობა… და მისი ჯერჯერობით ყველაზე ახალი ნაწარმოების აღმოჩენა ონლაინ-ბიბლიოთეკაში… მეტი

არწივის ჩრდილი

რუსულ მიწას არწივის ჩრდილი დაჰფენია – ფრანგი არწივის… ნაპოლეონი ბრძოლის ველს გადაჰყურებს და შორიდან იძლევა ბრძანებებს. თითქოს ეს უბრალოდ ისტორიაა და სხვა არაფერი, თუმცა არტურო პერეს-რევერტემ, რომელიც ჭეშმარიტად დახვეწილი ოსტატია (ტყუილად ხომ არ უწოდებენ ესპანელ დიუმას), ამ ამბისგან შექმნა შესანიშნავი ტრაგედია (ამასთანავე კომედიაც რომ არის) ომზე და იმაზე, რომ სისხლისღვრას აზრი არ აქვს. ბრძოლის ველზე უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან, გენერლები კი უარეს შემთხვევაში საპატიო ტყვეობაში აღმოჩნდებიან. ასეთი აბსურდულია ომი, რომელსაც ყოველთვის პრანჭია ქათმებით გარშემორტყმული სხვადასხვა სახელის მქონე გაბღენძილი არწივი ხელმძღვანელობს, ირგვლივ კი სიხლის ზღვა მიედინება. სწორედ ამ სისხლის და შესაძლოა სრულიად სხვა მიზნით (როგორც ესპანელების შემთხვევაში) გამოვლენილი სიმამაცის დამსახურებაა გამარჯვებები და არა მთავარსარდლის სიბრძნის. ომი ყოველთვის ასეთია და არ აქვს მნიშვნელობა ვინ იწყებს მას, ვინ წარმართავს და ვის მიწაზე იბრძვიან უდანაშაულო ჯარისკაცები…

P.S. სამწუხაროდ,  ქართველი გამომცემლები არტურო პერეს-რევერტეს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. თუმცა ცოტა ხნის წინ “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” “დიუმას კლუბი” შემოგვთავაზა, რაც კარგი ნიშანი უნდა იყოს. ასე რომ, დაველოდოთ ახალ თარგმანებს 🙂

საზღვაო რუკა დონ არტუროსგან

Nautical_finalmechგიყვართ თავგადასავლები? მე ძალიან, თუმცა 21-ე საუკუნის ევროპულ დედაქალაქში რაიმე სერიოზულის იმედი ნაკლებად თუ გვექნება, მაგრამ დანაკლისის შევსება წიგნებითა და ფილმებით შეგვიძლია. მეც უკვე წლებია ამით ვარ დაკავებული – ხან სტივენსონს “ვემგზავრები” (მე თუ მკითხავთ, ამ ჟანრში “განძთა კუნძულს” ვერაფერი შეედრება), ხან – საბატინის ან ჟიულ ვერნს (თუმცა ეს უკანასკნელი “სათანადოდ” არასდროს მიყვარდა), ხანაც ჯეკ ბეღურას “ავეკიდები” და საზღვაო თავგადასავლების წყურვილს ასე ვიკლავ. ბოლო წლებია ჩემს ლიტერატურულ ფავორიტებს კიდევ ერთი ადამიანი დაემატა – არტურო პერეს-რევერტე  და, როგორც აღმოჩნდა, ისიც ძალიან კარგი “მეზღვაური” ყოფილა. მეტი

ზამთრის მოგზაურობები

imagesჯონ ფაულზის “ფრანგი ლეიტენანტის ქალი” – “კოლექციონერი” თუ წაგიკითხავთ, ჯონ ფაულზს ვერ დაივიწყდებით.  პირადად მე კითხვის პროცესში თავი ქილაში გამომწყვდეულ ფარვანად ვიგრძენი… აი, “ფრანგი ლეიტენანტის ქალი” კი განსხვავებული ისტორიაა – ვიქტორიანულ ინგლისში აგიზგიზებული ვნების ცეცხლის ამბავი. ფრანგი ლეიტენანტის ქალად წოდებულმა სარა ვუდრაფმა ეპოქისთვის შეუფერებელი გამბედაობა გამოიჩინა და “დაკავებული” ჩარლზი მოხიბლა… რა არჩევანი გააკეთა ამ უკანასკნელმა (არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ის დროა, როცა გრძნობა და მოვალეობა სულ “ებრძვიან” ერთმანეთს), თავად ნახეთ, თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ – ეს “საზიზღარი” ფაულზი გვეთამაშება, გვცდის… მოვლენების განვითარება მან ჩვენ მოგვანდო და არა გმირებს! მეტი

ლუჟინი და ფლამანდიური გამბიტი

“მთელი ყოფიერება დღეებისა და ღამეების უჯრედებისგან შემდგარი ჭადრაკის დაფაა, რომელზეც ბედისწერა ისე თამაშობს ადამიანებით, როგორც ფიგურებით.”  – არტურო პერეს-რევერტე

საუკუნეების წინ შექსპირმა თქვა, რომ მთელი სამყარო თეატრია (მოგვიანებით აკუნინიც რომ დაეთანხმა, გახსოვთ ალბათ:) )… მაგრამ ხომ შეიძლება, რომ სამყარო ჭადრაკის დაფა იყოს?! ამაში დასარწმუნებლად საკმარისია “ფლამანდიური დაფა” გადაშალოთ. დონ არტურო მაშინვე ჭადრაკის ერთ-ერთ ფიგურად, ინტელექტუალური დეტექტივის გმირად გაქცევთ და ერთდროულად ორ დროში ამოგაყოფინებთ თავს. თქვენ გახდებით თანამედროვე რესტავრატორი ხულიას თანამოაზრე და 500 წლის წინ მოღვაწე დიდი ფლამანდიელი ოსტატის ნახატის ნაწილი… ნახატზე ასახული ისტორიული პირების საიდუმლოს ამოხსნა შეიძლება სიცოცხლის ფასადაც კი დაგიჯდეთ, თუ მოცემულ პარტიას ბოლომდე არ ითამაშებთ და თქვენს მეფეს ვერ გადაარჩენთ… თუმცა სხვა ფიგურებსაც უნდა გაუფრთხილდეთ – თითოეული მათგანი რეალური ადამიანია… ამ ბრძოლის წარმატებით დასასრულებლად მხოლოდ ნახატის გაშიფვრა არ არის საკმარისი (მოგეხსენებათ, რომ ნახევარ ათასწლეულს მკვლელებიც კი ვერ უძლებენ)… მკვლელი სულ ახლოს უნდა ეძებოთ, მაგრამ ეს ძალიან, ძალიან რთული იქნება… მეტი

“ისტორიული” მარტი

554100_390615847637338_1559629834_n

პერ ლაგერკვისტის “ჯუჯა” – დაახლოებით ერთი წლის წინ “ბარაბა” რომ წავიკითხე, მას შემდეგ სულ მინდოდა ლაგერკვისტის უფრო ახლოს გაცნობა, მაგრამ წიგნები ხომ მაშინ “მოდიან”, როცა ამის დრო დგება:)… და მინდა გითხრათ, რომ ლოდინად ღირდა (თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ “ბარაბა”, როგორც პირველი, მაინც სხვა იყო). ეს არის ისტორია ადამიანისა, რომელიც სხვებს არ ჰგავს. ის ჯუჯაა. მაღალი ადამიანების გვერდით ცხოვრება ადვილი არ უნდა იყოს, მაგრამ ფიზიკურ სიდაბლეზე უარესი ალბათ სულიერია. ჯუჯა მაღლებშიც ცხოვრობს, მათ სულებში იმალება და პერიოდულად თავის მაიმუნისებრ სახეს ავლენს… ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მხოლოდ ერთს დავამატებ – გაიცანით ლაგერკვისტი და ჯუჯა, არ ინანებთ;) მეტი

Previous Older Entries